logo_geo
eng_logo
დავით ლონდარიძე: „ჰეროკრატიაში“ საკუთარ ისტორიას რომ ვუყურე, ყველა სულიერი ჭრილობა განმიახლდა
- +

21 სექტემბერი. 2016. 13:00



სერიალ „ჰეროკრატიაში" სიუჟეტი დღითი დღე იძაბება. მაყურებელმა ამჯერად „ჯაშუშების საქმის" მხატვრული ვარიანტი იხილა, სადაც რეჟიმმა 3 ადამიანს სრულიად უსაფუძვლოდ დასდო  ბრალი. მათგან ერთ-ერთი - სერგო თეთრაძე, რომელმაც ჩაუდენელი დანაშაული არ აღიარა, წამების შედეგად საკანში გარდაიცვალა, ხოლო მეორე სასტიკი წამების შედეგად დაინვალიდდა. რამდენად შეესაბამება ეკრანიზებული სიუჟეტი სინამდვილეს? - ამის შესახებ თავად წამების მსხვერპლი და „ჰეროკრატიას" წინა სერიის გმირი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე ექსკლუზიურად გვესაუბრება:


- დაკავებამდე სახმელეთო ჯარების შტაბში ვმსახურობდი, ვიცე-პოლკოვნიკის ჩინი მაქვს. ცხოვრება შავი ლაქების გარეშე გავატარე, მაგრამ ბედისწერამ თავს უზარმაზარი განსაცდელი დამატეხა. ცოცხალი გადავრჩი, თუმცა, ჩემს სიცოცხლეს ფასი თითქმის აღარ აქვს - დავინვალიდდი, დამოუკიდებლად გადაადგილება მიჭირს. აი, ასეთი მსახვრალი კვალი დამაჩინა სააკაშვილის რეჟიმმა, დამატებით კი პატივი და ღირსება შემილახა, რადგან სამშობლოს ერთგულ სამხედროს მტრის სასარგებლოდ ჯაშუშობა დამაბრალა და სასტიკი წამების შედეგად ცრუ აღიარება გამომძალა!


ახლა, იმ საზარელი მოვლენებიდან 5 წლის შემდეგ, წარბშეუხრელად და დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემთვის წარდგენილ ბრალდებას იოტისოდენა საფუძველიც არ ჰქონია! რეჟიმის ჯურღმულებში 16 თვე გავატარე. როცა დამიჭირეს, სახლში მცირეწლოვანი - 5 და 6 წლის შვილები დავტოვე, რომლებსაც ჩემი მეუღლე სიმართლეს არ უმხელდა. მათ იცოდნენ, რომ მივლინებაში ვიმყოფებოდი და დღემდე ვერ  გაიგეს, ჯანმრთელი მამა მივლინებიდან ხელჯოხით რატომ დაბრუნდა!


- რამდენად ზუსტად არის გადმოცემული „ჰეროკრატიას" წინა სერიაში თქვენს თავს გადამხდარი ამბავი?

 

- შემიძლია, გითხრათ, რომ ჩემი ამბავი 80-პროცენტიანი სიზუსტით არის გადმოცემული, თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით უარესად ხდებოდა. მაგალითად, ფილმში „ბატონო დათოთი" მომმართავენ, რეალურად კი „ბატონოს" ვინ ჩიოდა, უსაშინლესად მეპყრობოდნენ! როგორც ჩანს, გოგა ხაინდრავამ მაყურებელი მაინც დაინდო და ბოლომდე არ აჩვენა ის სისასტიკე, რასაც ჯალათები სჩადიოდნენ. კაცს, რომელიც ფილმში მაპატიმრებს, რეალურად ჰყავს პროტოტიპი - პოლკოვნიკი იოსავა, რომელმაც ჩემს დაპატიმრებაში მონაწილეობა მართლაც მიიღო.


- ვიცი, მძიმე გასახსენებელია, მაგრამ... როგორ აღმოჩნდით ამ საქმეში?

 

- რუსთავში, დღევანდელი ავტობაზრობის სიახლოვეს დედაჩემს მიწის ნაკვეთი ჰქონდა. მის გაყიდვას და თანხის შვილებისთვის განაწილებას აპირებდა, ვინაიდან შეიტყო, რომ ინვესტორი მოდიოდა, რომელიც ნაკვეთში ჩვენთვის სასურველ თანხას გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ ამ მიწაზე თვალი ჰქონდა დადგმული გიორგი უდესიანის და გუბერნატორ დავით კირკიტაძის ახლობელს, ვინმე ელიზბარ რაქვიაშვილსაც. დედაჩემმა მას ნაკვეთის მიყიდვაზე უარი უთხრა, ამიტომ, დედაზე ზემოქმედების მიზნით, სამხედრო პოლიციაში მე დამიწყეს დაშანტაჟება და იძულებული გახადეს, ნაკვეთი რაქვიაშვილისთვის მიეყიდა, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმი უკვე ჩართული იყო! ძალიან ფრთხილად ვიყავი, რომ არანაირი საფუძველი არ მიმეცა, თუმცა, მძებნელი საბაბს ყოველთვის იპოვის.


- რა საბაბი გიპოვეს?

 

- რეალურად არაფერი მომხდარა, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ ბრალდების შეთითხნაში დაეყრდნენ ფაქტს, რომ ბელარუსში მცხოვრებმა ჩემმა მეგობარმა ტომაშუკმა დამირეკა და მითხრა - საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვდივარ სტუმრად და ხომ მიმასპინძლებო? ტომაშუკი და მე თბილისის საარტილერიო სასწავლებელში 4 წელი ერთად ვსწავლობდით. ჩვენი ათმეთაური იყო სერგეი ჩაპლიგინი. გარკვეული მიზეზების გამო ტომაშუკის მასპინძლობას თავი ავარიდე და თანაჯგუფელს ტელეფონში მრავალმნიშვნელოვნად ვუთხარი, რომ საქართველოში 1937 წელი იდგა! შემდეგ ტომაშუკი ჩაპლიგინს დაუკავშირდა და მან მართლაც უმასპინძლა. სერგეი ჩაპლიგინი თბილისელია, ქართველი ცოლი ჰყავს.


სწორად ამ უწყინარი ფაქტებიდან შეთხზა რეჟიმმა ბრალდება, თითქოს მეც, ჩაპლიგინიც, სერგო თეთრაძეც და გია გორელაშვილიც რუსეთის ჯაშუშები ვიყავით, ხოლო იქაურ სპეცსამსახურებთან ჩვენი მეკავშირე ტომაშუკი იყო! ენით აუწერელი წამების შემდეგ მიბრძანეს, საკუთარი ხელით დამეწერა იმ რუსი ჩინოსნის ვინაობა, ვინც თითქოს გადამიბირა - ვინც გინდა, დაწერე, ივანოვის გარდა, გავრცელებული გვარია და არავინ დაიჯერებსო. მეც ავდექი და დავწერე, რომ 1992 წელს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამსახურის დროს გადამიბირა გიორგი კონსტანტინეს ძე ჟუკოვმა! ვივარაუდე, რომ სასამართლო ამ აბსურდის გამო მაინც გამოიტანდა სამართლიან გადაწყვეტილებას, რადგან 1992 წელს აღარც საბჭოთა კავშირი არსებობდა და აღარც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა; მითუმეტეს, ვერანაირი შეხება ვერ მექნებოდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მარშალ გიორგი ჟუკოვთან!


- როგორ დაგაპატიმრეს?

 

- ჩემი დაპატიმრების ეპიზოდი „ჰეროკრატიაში" მეტ-ნაკლები სიზუსტით არის ნაჩვენები. 2011 წლის 16 სექტემბერს გამთენიისას სამხედრო პოლიციაში დამიბარეს. სამსახურში ტაქსით მივედი და მეგის ქარდავას მოვახსენე, რომ მისი ბრძანების თანახმად გამოვცხადდი. მაშინვე შეტევაზე გადმოვიდა - აღიარე, ჯაშუში რომ ხარ და თანამზრახველები დაასახელეო. ვერაფერი გავიგე, რას მერჩოდა. ფეხზე წამოვდექი - რა გნებავთ-მეთქი? და ამ დროს დამარტყა. მერე ე.წ. „აბივკებიან" ოთახში გადამიყვანეს და სასტიკი წამება დამიწყეს. წამებაში მეგის ქარდავასთან ერთად დათა და ბაჩო ახალაიებიც მონაწილეობდნენ.


ბაჩო ახალაია ბოროტი კაცის როლს თამაშობდა, დათა - კეთილის, ბაჩო რომ მირტყამდა, დათა მეუბნებოდა - ხომ იცი, რა არანორმალურია, რატომ აკვლევინებ თავს, უთხარი, რასაც გთხოვსო. ბაჩო ახალაიამ თავისი პისტოლეტი „გლოკი" პირში ჩამიდო. ვინატრე, იარაღი დატენილი ყოფილიყო. ახალაიას ხელში ვწევდი და სასხლეტისთვის თითის გამოკვრას ვცდილობდი, რომ ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო.


ბაჩო მარტო ჩემს ცრუ აღიარებას არ სჯერდებოდა. მოითხოვდა, სხვებიც დამესახელებინა. წინ ქაღალდი დამიდეს, რომელზეც სამი გვარი ეწერა: პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, გენერალი დავით ნაირაშვილი და მესამე... არ მახსოვს. მითხრეს, რომ მათთვის სულერთი იყო, ამათგან რომელს დავადებდი ხელს.


დამყვიროდნენ - ტომაშუკიც და მისი ცოლიც ჯაშუშები არიან, მათ დაჭერაში უნდა დაგვეხმაროო. ამაოდ ვუმტკიცებდი, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, ამაოდ შევახსენებდი ჩემს დამსახურებებს და სამშობლოს მიმართ სიყვარულს... როცა დაინახეს, ცემით ვერაფერს გახდებოდნენ, მაგიდაზე გადამაწვინეს. ქარდავამ ხმამაღლა დაიძახა, მეტრ..ე (ცენზურა ჩვენია - რედ.) შემოიყვანეთო! მივხვდი, რომ ამას გააკეთებდნენ და განწირულმა შევძახე - რასაც მეტყვით, ყველაფერზე ხელს მოგიწერთ-მეთქი! ასე ვაღიარე ცრუ ბრალდება, თითქოს რუსეთის სასარგებლოდ ვჯაშუშობდი და ინფორმაციებს ჟუკოვს ვაწვდიდი.


თანამზრახველის დასასახელებლად ფურცელზე დაწერილ გვარებს თვალდახუჭულმა დავადე თითი და აღმოჩნდა, რომ პოლკოვნიკ სათრგო თეთრაძეზე მივუთითე, რომელიც ჩემგან ამგვარად მოპოვებული ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს. განადგურებული ვიყავი. რამდენჯერმე დავაპირე თვითმკვლელობა, მაგრამ სიკვდილის უფლებაც არ მომცეს!


- ტომაშუკს რა ბედი ეწია?

 

- ტომაშუკს მეგის ქარდავა შეხვედრია. ეს მოგვიანებით, უკვე გათავისუფლების შემდეგ გავიგე. თურმე, ემუქრებოდა - კბილის ჯაგრისით დაგაგვევინებ „პლაცსო" (სამხედროების მოსაწყობი მოედანი). მერე საზღვრამდე მიუცილებია და გაუფრთხილებია - საქართველოსკენ გამოხედვა აღარ გაბედოო. თუ ჯაშუში იყო, რატომ გაუშვეს, რად არ დაიჭირეს?


- წამების შედეგად რა დაგიზიანდათ? დამოუკიდებლად სიარული რატომ გიჭირთ?

 

- ტვინში სისხლჩაქცევის ოთხი კერა მაქვს. მარტო სიარული კი არა, ლაპარაკიც მიჭირს. მხედველობაში გაორება მაქვს, ვერც ხელს ვამოძრავებ. ახლა, „ჰეროკრატიაში" საკუთარ ისტორიას რომ ვუყურე, ყველა სულიერი ჭრილობა განმიახლდა.


- ყველაფრის მიუხედავად, ნაცები ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ. ამაზე რას იტყვით?

 

- ჩემს სიცოცხლეს აზრი მაინც აღარ აქვს... თუ ნაცები მართლაც დაბრუნდებიან, წელზე შაჰიდის ქამარს შემოვირტყამ და მათ სიახლოვეს თავს ავიფეთქებ, რამდენიმეს მაინც გავიყოლებ, ისე დამისახიჩრეს ცხოვრება! პირადად ჩემი წამება რომც ვაპატიო, ჩემი პატარა შვილების ცრემლებს მაინც არ ვაპატიებ!


P.S. დავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი, სერგეი ჩაპლიგინი და გარდაცვლილი სერგო თეთრაძე, სასამართლომ ჯაშუშობის საქმეში უდანაშაულოდ ცნო!

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner