logo_geo
eng_logo
ვინ არის მაჟორიტარობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყურადღების ცენტრში მოექცა
- +

21 სექტემბერი. 2016. 14:11



„ერთი ახალგაზრდა გავიცანი, ძალიან საინტერესო სხვათაშორის, რომელმაც მოახერხა და ინტერვიუები ჩაწერა ამერიკის ყველა ყოფილ ელჩთან საქართველოში. ვნახე ჩანაწერები. თქვენც ნახავთ, რას ამბობს მაილსი სააკაშვილზე", - ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი მეზურნიშვილი რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პირველად ახსენა. მას შემდეგ, ყოფილ პრემიერს, არაერთხელ უსაუბრია მის შესახებ. ბოლოს ისიც კი თქვა, ,,ქართული ოცნების" სიების შედგენაში მონაწილეობა არ მიმიღია, მხოლოდ რამდენიმე კანდიდატს გავუწიე რეკომენდაცია, მაგრამ ერთადერთი, კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილია, რომელიც გუნდმა გაიზიარაო.


მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი დიმიტრი ყიფიანის მე-7 თაობის შთამომავალია დედის მხრიდან. პატრიარქის პატრონაჟით დაბეჭდილ ერთ-ერთ ალბომში მისი ოჯახის შესახებაცაა მოთხრობილი. საქართველოში პირველი ბანკის ერთ-ერთი დამაარსებლის შთამომავალი საერთაშორისო ფინანსური ექსპერტი გახდა. დოკუმენტური ფილმის გადაღებისას კი დედის მხრიდან ბაბუის, დოკუმენტალისტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, გურამ პატარაიას გენი დაეხმარა. გურამ პატარაიამ „ტაო-კლარჯეთი", „შორია გურჯისტანამდე", „ათონის ქართველთა სავანე"... გადაიღო, თუმცა მას ფართო საზოგადოება უფრო იცნობს, როგორც „რეკორდისა" და „კუჩხი ბედინერის" რეჟისორსა და ფილმის - „თოჯინები იცინიან" მთავარ სცენარისტს. საზოგადოება იცნობს კანდიდატის მამასაც, რომელიც რუსეთში საქართველოს კონსული იყო. ამ ფონზე, ალბათ არც ისაა გასაკვირი, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების დათბობის მიზნით, ირაკლი მეზურნიშვილი, არაერთ ახალგაზრდულ ღონისძიებას ატარებდა _ მოსკოვში ქართველი ახალგაზრდობა გააერთიანა და საელჩოს ბაზაზე ქართული კლუბი ჩამოაყალიბა. 2005 წელს მისი ორგანიზატორობით, ერთ მაგიდასთან აფხაზი და ქართველი სტუდენტები დასხდნენ, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა.


ვინ არის „ოცნების" განახლებული გუნდის ახალი სახე, რატომ არის მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი უნიკალური, რატომ დაიგეგმა ფილმის პრემიერა საპარლამენტო არჩევნების წინ და რით დაიმსახურა კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ყოფილი პრემიერის ლობირება? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად, „ვერსია" თავად ირაკლი მეზურნიშვილს დაუკავშირდა:


- წელს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის 25 წელი სრულდება. ვგულისხმობ 1991 წლის 25 დეკემბერს, თარიღს, როცა აშშ-მ, ერთ-ერთმა პირველმა გვაღიარა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. დიპლომატიური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს აღიარება, ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო. დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა სწორედ ამიტომ დაიბადა და „მეოთხედი საუკუნეც" სწორედ ამიტომ დავარქვი. ფილმში გადმოცემულია საქართველოში ამერიკის ყველა ელჩის თვალით დანახული საქართველოს უახლესი ისტორია, განვითარების გზა, მათი ემოციები საქართველოსთან დაკავშირებით.

 

- საქართველოში აშშ-ს ყველა ყოფილ ელჩთან ინტერვიუს ჩაწერა არც მარტივი იქნებოდა და ფილმის გადაღებისთვის საკმაო თანხებიც იქნებოდა საჭირო. პროექტი ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა?


- არა. როცა ფილმის გადაღება დავიწყე, ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობდი. ფილმის აქტიური ჩაწერები აპრილში დასრულდა, მონტაჟი კი - მაისში. ყველა ელჩის ჩაწერა მარტივი ნამდვილად არ იყო. მითუმეტეს, ისინი დღეს სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობენ. მაგალითად, ბასი სტამბოლში მოღვაწეობს, კენტ ბრაუნი საერთოდ ბიზნესის სფეროშია და ბელგრადში შევხვდი, რამდენიმე ელჩი აშშ-ში ჩავწერე... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემი ვიზიტები ელჩებთან არავის დაუფინანსებია. ტელეკომპანია „იმედსაც" კი, სადაც ფილმის პრეზენტაცია შედგება, მის შექმნაში არანაირი წვლილი არ შეუტანია.

 

- ანუ, ბიძინა ივანიშვილი რომ გაიცანით, ფილმზე მუშაობა უკვე დასრულებული გქონდათ?


- იმ პერიოდში უკვე მონტაჟს ვაკეთებდით. ბატონ ბიძინას გავაცანი ფილმის იდეა. ძალიან დაინტერესდა და მოეწონა. სხვათაშორის, ეს არც დაუმალავს და რამდენჯერმე ახსენა კიდეც ეთერში.

 

- როგორც ჩანს, საინტერესო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ, რადგან საჯაროდ განაცხადა, ირაკლი მეზურნიშვილს ვლობირებდი სიის შედგენისასო.


- ბატონ ბიძინასთან რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. ჩემი ხედვა გავაცანი, როგორც საგარეო ურთიერთობის განვითარების, ისე ეკონომიკის მიმართულებით. ჩემი იდეები მოეწონა. ასე რომ, მხოლოდ ფილმზე არ გვისაუბრია. იმ პროექტებზეც ვილაპარაკეთ, რომლებიც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა განვახორციელოთ. აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებით დაინტერესებულ სხვა ჯგუფებთანაც არაერთი შეხვედრა მქონდა. მაქვს იდეები, რომელთა მეშვეობითაც, კიდევ უფრო მეტად შეიძლება გავაქტიურდეთ პროდასავლური კურსის გატარების კუთხით. სხვათაშორის, ამ ფილმშიცაა საუბარი და ხაზგასმული, რომ ეს კურსი რომელიმე ლიდერმა ან პოლიტიკურმა გუნდმა კი არა, საზოგადოებამ აირჩია და მას ვერავინ შეცვლის. ინტერვიუებში ამერიკელი ელჩები აფიქსირებენ, რომ ეს არჩევანი ჩვენმა საზოგადოებამ, გაცილებით ადრე, 1995 წელს გააკეთა.


- მიუხედავად ამისა, დღევანდელი ხელისუფლების საგარეო ორიენტირს ზოგი ოპოზიციური პარტია ეჭვქვეშ აყენებს...

 

- სწორედ ეს ფილმი იქნება პასუხი იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს „ქართული ოცნების" კურსი პრორუსულია და „ევრაზიული კავშირის კარს ვამტვრევთ" მიხარია, რომ ვერავინ დამწამებს, თითქოს სუბიექტური ვარ ან მხარეს წარმოვადგენ. ეს ჩემს კითხვებშიც არ იგრძნობა. მითუმეტეს, რომ მაშინ, როცა ფილმზე მუშაობა დავიწყე, „ქართული ოცნების" წევრი არ ვიყავი და არც ამ გუნდის პროპორციულ თუ მაჟორიტარულ სიებში მოვიაზრებოდი. ასეც რომ არ ყოფილიყო, მერწმუნეთ, როგორ სუბიექტურადაც არ უნდა დამესვა კითხვები, თითოეული ელჩი მაინც იმას იტყოდა, რასაც ფიქრობს.


- და რას ფიქრობენ ელჩები? ივანიშვილმა მაილსი ახსენა. შეგიძლიათ მათთან საუბრის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ფილმის პრემიერამდე გაგვიმხილოთ?

 

- დეტალებს ვერ გაგიმხელთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ფილმში იმაზეც ვსაუბრობთ, აშშ-სთვის იმ ეტაპზე რატომ გახდა საინტერესო ასეთი მცირე, არცთუ ისე მდგრადი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყანა. ამერიკელი ელჩები ჩვენ განვლილ წლებს აფასებენ, ხელისუფლებების დადებით და უარყოფით მხარეებზეც საუბრობენ და ანალიზს აკეთებენ. ცხადია, აგვისტოს ომის ანალიზიც გაკეთდა. ვსაუბრობთ 2012 წლის არჩევნებზეც. ფილმი გამოვიდა ძალიან თბილი და, ვფიქრობ, ის იქნება კიდევ ერთი სტიმული, გავაგრძელოთ პროდასავლური კურსი, რომელიც აქვს აღებული საზოგადოებასა და „ქართულ ოცნებას".


- და ამ პროდასავლური კურსის ფონზე, როგორი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობა? რუსეთი ფილმში ოკუპანტადაა მოხსენიებული?

 

- პროდასავლური კურსი არ გამორიცხავს სტაბილურ, მაგრამ პრინციპულ ურთიერთობას რუსეთთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და დიახ, ეს ცალსახად ჩანს ფილმში. სტაბილურობის შენარჩუნება, ჩვენი განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა - ვერც ერთი ინვესტორი სამხედრო დაძაბულობას ვერ გვაპატიებს. სტაბილურობა იქნება სწრაფი ტემპით მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის საფუძველი.

 

- ამბობთ, ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკაზეც ვესაუბრეო. ამ მიმართულებით თქვენი ხედვა საინტერესო რატომაა?

 

- რეჟისურა ჩემი მთავარი ინტერესის სფერო არ არის. პროფესიად საერთაშორისო სამართალი ავირჩიე. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და გამიჩნდა სურვილი, რომ ეკონომიკა აუცილებლად უნდა მცოდნოდა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორიც გავხდი და სხვათაშორის, ჩემს სადისერტაციო თემაზე მუშაობისას, 2008 წლის კრიზისის პროგნოზი ერთი წლით ადრე მაშინ გავაკეთე, როცა ამის ნიშნები არ იყო. შემდეგ სამეცნიერო თემებზეც დავიწყე მუშაობა. წამყვან ფინანსურ ჟურნალებში სტატიებს ვაქვეყნებდი. მოგვიანებით, უფროს მეცნიერ-მუშაკად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკურ ცენტრში, რომელიც დიდი რვიანისა და დიდი ოცეულის სამიტებისთვის რეკომენდაციებს ამზადებდა. პარალელურად მოსკოვში, ფინანსთა სამინისტროს უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი. 2012 წელს დავბრუნდი საქართველოში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი ვარ.


- და როგორ პროგნოზს აკეთებს ქართულ ეკონომიკაზე ახალგაზრდა პროფესორი, რომელმაც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იწინასწარმეტყველა?

 

- ხელისუფლებამ სწორი ეკონომიკური კურსი აირჩია - უარი ვთქვით საგარეო ვალის გაზრდაზე. შეგვეძლო, უსასრულოდ აგვეღო საგარეო ვალი. ასე იქცეოდა წინა ხელისუფლება, მაგრამ რამდენიმე წლის მერე კატასტროფულ შედეგებს მივიღებდით. დღევანდელი ხელისუფლების მიზანი კი ისაა, საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ შედგეს. კარგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გვაქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2016 წელს 3%-იანი, 2017 წელს 4.5%-იანი, 2018 წელს კი, 5%-იანი ზრდა გველის. სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, წნეხისგან ბიზნესის გათავისუფლება, კომფორტული საინვესტიციო გარემოს შექმნა... ბევრი ფაქტორი შემიძლია ჩამოვთვალო, რის გამოც „ქართული ოცნების" გუნდის წევრობა და ჩემ მშობლიურ კასპში, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ბრძოლა გადავწყვიტე. კონტაქტები მაქვს მსოფლიოს მასშტაბით - უკვე 2 წელია, ერთ-ერთი სატელევიზიო პროექტისთვის, მსოფლიოს ცნობილ ტოპმენეჯერებთან ვწერ ინტერვიუებს. უკვე ჩავწერე ინტერვიუ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, ნიუ-იორკის სარეზერვო ბანკის საპატიო პრეზიდენტთან. ვმონაწილეობდი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრებაზე ვაშინგტონში. მაქვს კავშირები ევროპასა და ამერიკაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მინდა, ჩემი გამოცდილება და კავშირები ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენო.


- მანამდე კი, „მეოთხედ საუკუნეს" პიარისთვის იყენებთ, ფილმის პრეზენტაციის 8 ოქტომბრამდე დაგეგმვა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია?


- რაც უფრო ადრე ნახავს ამ ფილმს საზოგადოება, მით უკეთესი. ფილმის პრეზენტაცია აგვისტოში ან სექტემბერში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გარკვეული საკითხები იყო მოსაგვარებელი. მაგალითად, იმის უზრუნველყოფა, რომ პრეზენტაციის დასრულებისთანავე, აიტვირთოს ფილმის ინგლისური ვერსიაც. გარდა ამისა, ორ ფრონტზე ფაქტობრივად ერთდროულად მიწევდა ბრძოლა - პრეზენტაციის საკითხებსაც ვაგვარებდით და როგორც კანდიდატი, მოსახლეობასაც ვხვდებოდი. დღეს ფილმთან დაკავშირებული ყველა პროცედურა დასრულებულია და არ მესმის, რატომ უნდა გადავდოთ პრემიერა. მითუმეტეს, რომ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუკი მას საზოგადოება წინასაარჩევნოდ იხილავს. პირიქით, ხალხს მიეცემა საშუალება, საქართველოს ბოლო 25-წლიანი ისტორია ამერიკის ელჩების თვალით დაინახოს, მოისმინოს და გააანალიზოს, რომელი ხელისუფლება და ძალა იმსახურებს მხარდაჭერასა და ნდობას.



ნინო ლურსმანაშვილი

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner