logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ახალ სიაში საჭიროა ცნობადი და საქმის პროფესიონალი ადამიანები!
- +

8 აპრილი. 2016. 17:33



კოალიციაში არსებული ვითარება, „რესპუბლიკელების" და „ეროვნული ფორუმის" არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება და „ქართული ოცნების" ახალი საარჩევნო სია, - ამ თემებზე „რეპორტიორს" მმართველი გუნდის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ესაუბრა.



- დააზარალებს თუ არა კოალიციიდან „რესპუბლიკელებისა" და „ეროვნული ფორუმის" გასვლა „ქართულ ოცნებას"?


- შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას, განსაკუთრებით „ეროვნული ფორუმის" გასვლის გამო, რადგან „რესპუბლიკელები" გარკვეულწილად რჩებიან კოალიციაში. ეს, რა თქმა უნდა, აისახება გადაწყვეტილებების მიღებაზე სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, საჭირო იქნება უფრო მეტი კონსულტაციები. მთლიანობაში შედეგი იქნება მიღწეული, უბრალოდ, უფრო შრომატევადი გახდება საპარლამენტო საქმიანობა.


- როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ „რესპუბლიკელები" პოსტებს დატოვებენ და პარლამენტში უმრავლესობა დაიშლება, ეს სირთულეებს შექმნის. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ „რესპუბლიკელებთან" თანამშრომლობის გაგრძელება და ეთანხმებით თუ არა უსუფაშვილის განცხადებას?


- კოალიციიდან „რესპუბლიკელების"გასვლის შემთხვევაში შესაძლოა მართლა შეიქმნას პრობლემები პარლამენტში, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი მთავრობაზე. პარლამენტის შემთხვევაში ვეთანხმები, რადგან თუ დატოვებენ კოალიციას, შესაძლოა, საკანონმდებლო პროცესი შევიდეს ჩიხში.


რაც შეეხება „რესპუბლიკელებთან" თანამშრომლობას, იქნება თემატური, გარკვეული საკითხების ირგვლივ უნდა მოხდეს შეჯერება. ამას ამომრჩეველიც დაინახავს არჩევნებამდე. თუ შეჯერება ვერ მოხდება, პარალიზებას გაუკეთებენ კანონპროექტს თავიანთი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ცხადია, აქედან გამომდინარე გამოჩნდება ყველაფერი და მოსახლეობაც ადეკვატურად შეაფასებს ამ პროცესებს საპარლამენტო არჩევნების დროს.


- ცნობილი გახდა, რომ პარტია „ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება 14 მაისს, კეთდებოდა განცხადებები, რომ ყრილობა აპრილში იქნებოდა. რამ გამოიწვია თარიღის შეცვლა?


- ჩემი ინფორმაციით, ყრილობა აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, თარიღი დაახლოებით თანხვედრაშია დაანონსებულ ყრილობასთან დაკავშირებით.

 

- თუ იცით, როგორი იქნება ახალი საარჩევნო სია, გაკეთდება თუ არა აქცენტი ცნობად პირებზე?


- ჯერ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ საჭიროა როგორც ცნობადი, ასევე თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები. მაგრამ აქვე აღვნიშნავ, იყო ცნობილი - არ ნიშნავს, რომ არ ხარ პროფესიონალი. არასწორად მიმაჩნია დაყოფა, ვფიქრობ, სიაში უნდა იყვნენ ცნობილი  და ამასთანავე პროფესიონალი ადამიანები, ალბათ, პირველ რიგში ასეთი პიროვნებები უნდა შეირჩეს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეივსება ასეთი ადამიანებით და კადრების ნაკლებობა იქნება, რა თქმა უნდა სიაში უნდა მოხვდნენ ის ადამიანებიც, ვისაც საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალები იქნებიან. საბოლოო ჯამში უნდა მოხდეს შეჯერება, ეს უკვე განხილვის თემაა.


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner