სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის თქმით, საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის იდეა განხორცდიელდეს. ამის შესახებ ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრისას განაცხადა.შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი დაესწრო.
"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი, მიემართება ევროპულ სტრუქტურებში. ევროპის სტუქტურები არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციისა. მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იდეა განხორციელდეს", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესმა შტეფან ფულეს განუმარტა, რომ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს პატრიარქი ევროინტეგრაციის წინააღმდეგია. ილია მეორემ განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესია ამ პროცესს მხარს უჭერს.
უწმინდესმა ევროკომისარს მიმართა, რომ მისთვის დღეს პრესიდან გახდა ცნობილი შტეფან ფულეს სურვილი, დაერწმუნებინა პატრიარქი, საქართველო თავისი ტრადიციებით, ფასეულობით გახდეს ევროკავშირის წევრი.
"მე მინდა გითხრათ, რომ ამაში დარწმუნება არ მჭირდება. მე დიდი ხანია ამაში დარწმუნებული ვარ. არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ ამ იდეას და ამით ალბათ შოულობენ დახმარებებს. თქვენ თვითონ დარწმუნდებით საქართველოში ვიზიტისას. თქვენ დღეს ჩამობრძანდით, გქონდათ შეხვედრები, კიდევ შეხვდებით სასულიერო პირებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა ფულესთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შორეული მომავლისთვის არ გადაიდება და ევროკომისარს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მე იმედი მაქვს, რომ ის პროცესები, რომლებიც დღეს ვითარდება ევროპაში, უკრაინაში, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება ინტეგრაციის საკითხი გადადებული იყოს შორეულ მომავალში. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენ ჩამობრძანებისათვის და იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.