საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისიის" გამგეობის წევრმა გიორგი ზარნაძემ ორგანიზაციის სახელით გაავრცელა ახალი საჯარო განცხადება, რომელიც ეხება „ქართული მისიის" მიერ ახალი პროექტის დაწყებას:
„ჩვენს ორგანიზაციაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი პროექტის განსახორციელებლად. პროექტი განკუთვნილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ჩეჩენი და ქისტი ეროვნების მოსახლეობისათვის. ამჟამად მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომ, სექტემბრის თვეში დაიწყება პროექტის პირველი ეტაპი. პროექტის ფარგლებში განხორციელდება უფასო სამედიცინო ხასიათის საქველმოქმედო აქციები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სოფლად მცხოვრები ჩეჩენი და ქისტი ეროვნების მოსახლეობა მიიღებს უფასო სამედიცინო დახმარებასა და მედიკამენტებს. პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართება უფასო 10 სპეციალური ტრენინგი, რომლის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდები და დაინტერესებული სტუდენტები მოისმენენ კავკასიის ისტორიის მოკლე სასწავლო კურსს.
„ქართული მისია" ასევე აფართოებს უკვე არსებულ პროექტს „სახალხო ადვოკატი", რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი და ქისტი ეროვნების მცხოვრებლებლები მიიღებენ უფასო სამართლებრივ მომსახურებას, სამოქალაქო სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის დარგებში.
„ქართული მისია" აცხადებს, რომ აქტიურად უნდა განხორციელდეს ჩვენი მოძმე ეროვნების თანამოქალაქეთა ინტეგრაცია თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში.
სამწუხაროდ, არსებული მწირი ფინანსური მდგომარეობის გამო, პროექტი დასაწყისში განკუთვნილი იქნება მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი და ქისტი ეროვნების მოსახლეობისათვის, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში პროექტი გაფართოვდება და გავრცელდება საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების თანამოქალაქეებზეც.
„ქართული მისია" გამოხატავს გულღია პატივისცემას და მოკრძალებას საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების თანამოქალაქის მიმართ და მოუწოდებს ყველას თანადგომისაკენ, რათა ერთად ავაშენოთ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო", - განაცხადა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისიის" გამგეობის წევრმა გიორგი ზარნაძემ.