reportiori.ge - ტოტალური სექტა, სახელად „ნაცმოძრაობა“ და „წმინდა“ მიხეილის „მოწმეები“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2023. 08:14
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ტოტალური სექტა, სახელად „ნაცმოძრაობა“ და „წმინდა“ მიხეილის „მოწმეები“
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 11:43



თუმცა „ნაციონალები" თვლიან, რომ ეს შედარება შეურაცხმყოფელია, არადა, მას საკმაოდ სერიოზული საფუძველი აქვს... უცხოელმა მეცნიერებმა და სამართალდამცავებმა ტოტალიტარული სექტების შესწავლისას საკმაოდ ბევრი დრო და ენერგია დაახარჯეს და შესაძლებლობა მოგვცეს, კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ 13 პუნქტი, რომელიც ამ ფართოდ გავრცელებულ მეტაფორას ნამდვილად ამყარებს.


1. ჯგუფის წევრები მორჩილად ემსახურებიან ლიდერებს და მის სიტყვებსა და ქმედებებს ეჭვქვეშ არ აყენებენ;


2. ისინი მიიჩნევენ, რომ მათ ჯგუფს და ლიდერს აქვთ განსაკუთრებული სტატუსი, რომელიც სხვებისგან გამოყოფს და მათზე მაღლა აყენებს;


3. ჯგუფის წევრები საკუთარ თავს ჭეშმარიტებას ნაზიარები ელიტის წარმომადგენლებად თვლიან (ისინი ყველა სფეროს აკონტროლებენ, რეკლამირებას უკეთებენ თავიანთ „მეცნიერებს", „ექსპერტებს", „მუსიკოსებს", „მსახიობებს" და ა.შ.), დანარჩენებს კი - შემცდარ ბრბოდ, რომელიც ჯიუტად ეწინააღმდეგება იმას, რომ ჯგუფის წევრებმა გადაარჩინონ (იხსნან);


4. ჯგუფის ლიდერი არავითარ შემთხვევაში არ განიხილება როგორც წარუმატებლობის პირველწყარო;


5. პრობლემების მიზეზად არასაკმარისი რწმენა და საზოგადოების ზოგადი „სიბნელე" განიხილება;


6. ლიდერს ზებუნებრივი ძალების რჩეულად მიიჩნევენ (ჩვენს რეალობაში და პოლიტიკურ მითოლოგიაში ამ როლს აშშ-ის ხელისუფლება და აბსტრაქტული „დასავლეთი" ასრულებს);


7. შიდა დისციპლინა, ჯგუფის წევრების კონტაქტები გარესამყაროსთან მკაცრად კონტროლდება, მუშაობს თვალთვალის და დასმენის მანქანა, მიზანმიმართულად ინერგება აზრი, რომ ლიდერმა -  ყველაფერი იცის;


8. ახალი წევრების მოზიდვისა და ძველების შენარჩუნებისთვის გამოიყენება ფსიქოლოგიური ზემოქმედების სპეციალური ტექნოლოგიები (ის, რასაც პროპაგანდასთან მიმართებაში „ტვინის გამორეცხვას" უწოდებენ) და დამორჩილების სხვა საშუალებები;


9. ჯგუფის წევრები გამუდმებით ცდილობენ, გაამარტივონ სამყაროს სურათი და ურთულესი პრობლემები მარტივი სქემების ფარგლებში მოაქციონ;


10. ჯგუფის წევრებს ახასიათებთ მუდმივი მიზანმიმართული სწრაფვა, შემოსავლის ნებისმიერი წყარო-ჯგუფის (და ამავე დროს, პირად) ინტერესებს დაუქვემდებარონ;


11. განდგომილები განიხილებიან, როგორც დამნაშავეები (ცოდვილები), რომელთა დასჯა ჯგუფის ნებისმიერი წევრის „წმინდა მოვალეობაა";


12. ჯგუფის წევრები რეგულარულად, ხშირ შემთხვევაში სრულიად უადგილოდ იმეორებენ მოკლე, იოლად დასამახსოვრებელ ტექსტებს, ერთგვარ მანტრებს, რომელიც მედიტაციის საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად სიხარულსაც ანიჭებთ (მაგ., „მიშა მაგარია" და ა.შ.). განხილულ შემთხვევაში, ყურადღება ალბათ იმაზეც უნდა გამახვილდეს, რომ არსებობს სიძულვილის მობილიზაციაზე ორიენტირებული ფორმულებიც, მაგალითად, „ჰაკიმ-ფაშა", „რუსეთი, რუსეთი, რუსეთი", „პუტინ ხუილო", „პუტინის ოლიგარქი" და სხვ.);


13. ლიდერის ბრძანება ჯგუფის წევრებისათვის კანონზე და ნებისმიერ სხვა შემზღუდავ ნორმაზე მაღლა დგას.


ძვირფასო მკითხველო, როგორც თავში მოგახსენეთ, სექტების შემსწავლელმა უცხოელმა მეცნიერებმა და სამართალდამცავებმა ტოტალიტარული სექტების ზოგადი მიდრეკილებანი ასე ჩამოგვიყალიბეს და ასე რომ, გვაქვს სრული უფლება იმისა, „ნაცმოძრაობა" ტოტალიტარულ სექტას შევადაროთ!


2012 წლის არჩევნების შემდეგ, სააკაშვილი ამბობდა: „ივანიშვილის საქართველო მარტოა, ჩვენ საქართველოს მეგობართა დიდი არმია გვყავს, ივანიშვილის საქართველო არის დაჩმორებული და გაბანძებული, ჩვენი საქართველო კი არის ის, რაც ყოველთვის იყო - ამაყი, ღირსეული და განსაკუთრებული ქვეყანა"...


თუ პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, ალბათ, შეიძლება თქმა იმისა, რომ ეს საზოგადოების გახლეჩისა და სამოქალაქო ომის რიტორიკაა, მაგრამ ვინაიდან ისეთ კვაზი-რელიგიაზე ვმსჯელობთ, როგორიცაა „ნაცმოძრაობა", ყველაზე საინტერესო ალბათ, აქ ის პარალელია, ის წარმოსახვითი საქართველოა, რომელშიც სააკაშვილის მიმდევრები ცხოვრობენ!


როგორც ჩანს, იმ საქართველოში მიწაზე ხოხვა ჰალსტუხით კბილებში სიამაყის და ღირსების უტყუარი ნიშანია, ხოლო პატიმრების გაუპატიურება, სავარაუდოდ, განსაკუთრებულობის უმაღლესი გამოვლინება!.. ეს „ნაცმოძრაობის" სხვა სამყაროა, სხვა განზომილება და სააკაშვილის მოწმეთა „სხვა საქართველო", რომლის შესწავლისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის ბინადრებს განსხვავებული ლოგიკა, მოტივები თუ ეთიკის კოდექსი აქვთ!!!..


სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მოდით, იმ განსხვავებულ საქართველოში, სხვა საქართველოში და განსაკუთრებულობის უმაღლეს გამოვლინებებში ვიმოგზაუროთ, 2003 წლიდან, ვიდრე დღემდე...


„მოქალაქეთა კავშირის" ახალგაზრდული ფრთა - ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძე, მამა-მარჩენალს განუდგნენ და ის, რაც მან ვერ დაასრულა, იმის დასრულებას შეუდგნენ (საქართველოს კიდევ ჰქონდა დარჩენილი გასასხვისებელი მიწები, გასაღატაკებელი ხალხი, ქვეყნიდან გასაქცევად გამზადებული ადამიანები და ა.შ.)... მოკლედ, 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუცია" მოვიდა ისე, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ვერც კი გააცნობიერა, ვინ მოჰყავდა ხელისუფლებაში... ეს ის პერიოდია, როცა მე და ჩემი კოლეგა ჟურნალისტები მდინარის გაღმა-გამოღმა ნაპირზე ვიდექით და ყველა ჩვენ-ჩვენ საქმეს ვაკეთებდით... გაღმა ნაპირს სჯეროდა, რომ საქართველოში იმ ძალის შემოსვლას უწყობდა ხელს, რომელიც საქართველოს გააერთიანებდა, დაუბრუნებდა აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ააშენებდა და ხვავით აავსებდა ქვეყანას, სულ მალე საქართველოს ნატო-ში შეიყვანდა და ბედნიერი ქართველი ერი ერთხელ და სამუდამოდ გადაიგდებდა იმ უღელს, რომელიც ასე მძიმე ტვირთად ექცა. გამოღმა ნაპირზე მდგომთ კი გვეგონა, რომ მოდიოდა ზუსტად ის ძალა, რომელიც საქართველოში არათუ ააშენებდა, არამედ დაანგრევდა ყველაფერს, მათ შორის, ადამიანების ფსიქიკას, გააღატაკებდა მოსახლეობას, ციხეებს აავსებდა პატიმრებით და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში დანერგავდა იმ ადამიანების მიმართ სიძულვილს, ვინც მათ შეეწინააღმდეგობოდა, ანუ ლენინის ცნობილი ფრაზით იმოქმედებდა: „ვინც ჩვენთან არ არის, იგი ჩვენი მტერია"...


სხვათა შორის, გამოღმა ნაპირზე მდგომებმა ისიც კი ვიეჭვეთ, რომ თავიანთი მასწავლებლის მოსწავლეები არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მეხოტბეები იქნებოდნენ და ერთ უბედურ დღეს საქართველოში სისხლიან კალოს კვლავაც გალეწავდნენ... 2003 წლის ე.წ. რევოლუცია, ეს იყო წმინდა წყლის სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ ამ გადატრიალების ავტორებისა და ორგანიზატორების წყალობით, იგი მაინც მოინათლა როგორც „ვარდების რევოლუცია", რომელმაც, როგორც კი ვარდი დაჭკნა, ეკლები მაშინვე გამოაჩინა...


რასაკვირველია, არ თანავუგრძნობდი „ვარდების რევოლუციას" თუნდაც იმიტომ, რომ მისი ლიდერები, ყოფილ კომკავშირელ-ნაკომუნისტარ არსებებს წარმოადგენდნენ. არც ის მხიბლავდა, რომ მათი წინაპრები პირდაპირი მნიშვნელობით „კაგებეს" დამსმენები იყვნენ და არც ის, რასაც თითოეული მათგანი თავის საჯარო გამოსვლებში ასე უტიფრად აცხადებდა. ყველაზე ამაზრზენი კი ის იყო, რომ წლების განმავლობაში თავიანთ მარჩენალ „კაგებეს" აგენტებს სხვებს ეძახდნენ და ავიწყდებოდათ გენიალური ნათქვამი, - ჭირმა თავი მალა, მაგრამ ვერ დამალაო... დიახ, ჭირი შემოვიდა საქართველოში 2003 წელს და დღეს საქართველოში ვითარება წკიპზე რომ ჰკიდია, ზუსტად ამ ყველაფრის ბრალია.


შეხედეთ, რა ხდება მედიასივრცეში, სოციალურ ქსელებში და შემდეგ შეხედეთ ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ. საქართველოში გულიანად თითო-ოროლა კაცი თუ იცინის, მხოლოდ ერთეულები თუ არიან ბედნიერები და რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ უმრავლესობას 9-წლიანმა ტირანიამ, 25-წლიანმა უკუნმა მათი ცხოვრების აზრი ეჭვქვეშ დააყენა?!.. როგორ მოვიდა „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში, რატომ დაავიწყდა საქართველოს?.. განა პირველივე დღეს არ იყო, რომ აეროპორტის გზაზე კახეთიდან მომავალ ოჯახს ბეტეერით გადაუარეს... დაგავიწყდათ?!.. ან ის ხომ არ დაგავიწყდათ, ამის შემდეგ რა პროცესები განვითარდა ქვეყანაში, ვინც არ მოსწონდათ, ისიც ხომ გახსოვთ, ბავშვების ფეხსაცმელებში ხელყუმბარებს რომ ულაგებდნენ?.. სახლებში რომ უვარდებოდნენ ადამიანებს და იქედან ტიტველ-შიშვლები გამოჰყავდათ? მანიაკების ხელისუფლებაში მოსვლა, ტოტალური სექტა, სახელად „ნაცმოძრაობა" და „წმინდა" მიხეილის „მოწმეები", ვარდების რევოლუცია, შეიარაღებული შევარდნა აჭარაში ერთ-ერთმა პირველმა დავაანონსე, მაგრამ ვინ მოგისმინა?!.. რაღა შორს წავიდე, მე მათთვის მტრის ბანაკში ვიყავი და ყველა საშუალება ამართლებდა მათ მიზანს.


არასოდეს დამავიწყდება 2004 წლის 26 აპრილი, ფოთის ხიდთან თბილისიდან მომავალ სამხედრო ეშელონებს ვიღებდი აჭარის ტელევიზიისათვის. აი, იქ, იმ ხიდზე „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მომყვანმა ტელევიზიის თანამშრომელმა „ჩამიშვა" და რამდენიმე წუთში ასევე „ნაცმოძრაობის" ტელევიზიის თანამშრომელის „დონჩიკას" (გურამ დონაძე) გახარებული სახე იხილა მაყურებელმა შემდეგი ტექსტით: „ფოთის ხიდზე სპეცსამსახურმა დააკავა ჟურნალისტი, რომელიც ჯაშუშობდა"... ამის შემდეგ უფრო გახარებული ორი რესპონდენტი გამოჩნდა, ერთ-ერთი გივია თარგამაძე, რომელმაც უფრო მეტი სიხარულით აუწყა საქართველოს ჯაშუში ქალბატონის დაპატიმრება „ნაცმოძრაობის" მიერ და სულ ბოლოს, გამობრძანდა მიხეილ სააკაშვილი და ასეთი სიტყვებით შემამკო, - „ჩვენ დავაპატიმრებთ ყველას, ვინც ჩვენი ჯარის გადაადგილებას აჭარისაკენ ხელს შეუშლისო..."


რომ არა „რუსთავი2"-ის მაშინდელი სამეგრელოს ზონის კორესპონდენტი ემა გოგოხია, რომელიც კორესპონდენტობასთან ერთად ჩამშვების როლს საუკეთესოდ ასრულებდა, ჯერ ფოთში და შემდეგ აქ, მოდულის შენობაში, 4 დღე არ გავატარებდი. ამით იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას იმთავითვე ფეხებზე ეკიდა, ჟურნალისტს მოვალეობის შესრულების დროს დააკავებდა, თუ სახლიდან გაიყვანდნენ... მაგრამ აქ შეცდა „ნაცმოძრაობა". რამდენიმე უფლებადამცველმა შეახსენა, ამის უფლება არ გქონდათო, საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაის ვოჩ"-მა დაუქნია თითი... არადა, როცა გამომძიებელს ვკითხე, ვისი ჯაშუში ვარმეთქი, მიპასუხა, - ვისი და აჭარისო... - როგორ, აჭარა საქართველო უკვე აღარ არის?!.. - შევეკითხე კვლავ. - კი, როგორ არა, მაგრამ ეგ რა შუაშიაო?!..


ანუ სააკაშვილის „ნაცმოძრაობა" აჭარას იმთავითვე სხვა ქვეყნად მოიაზრებდა და აკი ამიტომაც გაავსეს უცხოტომელებით ასე მსუყედ ანდრია პირველწოდებულის ნაბიჯდადგმული ეს მადლიანი კუთხე... 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2004 წლის 6 მაისამდე რამდენიმე თვეღა იყო დარჩენილი. ჩართავდი ტელევიზორს და „რადადა, რადადა..." ასე იწყებოდა... ის დაიჭირეს, ეს დაიჭირეს... იმას ეს ჩამოერთვა, ამას ეს ჩამოერთვა... ის მოკვდა, ეს მოკვდა... ის გააუპატიურეს, ეს გააუპატიურეს... წყალდიდობა, ხანძარი და ვინ მოსთვლის კიდევ?..


საინფორმაციო გამოშვება „კურიერის" პირველივე ნიუსი ისეთი ნეგატივით იწყებოდა, მოსახლეობა პირველივე წუთიდანვე პანიკაში ვარდებოდა და დღეს ასეთი დანევროზებული და ასეთი ფსიქიკაშერყეული რომ არის ერი, როგორ გგონიათ თქვენ, ეს რისი ბრალია?!.. „რუსთავი-2" მართლაც მაღალპროფესიული ტელევიზიაა, დიახ, ამას ხმამაღლა ვამბობ და ამის თქმის არ მრცხვენია... არ მრცხვენია იმიტომ, რომ პროფესიონალიზმს პატივს ვცემ, მაგრამ პროფესიონალიზმი ტყუილით, რბილად რომ ვთქვა, არათუ სასაცილოა, არამედ, სატირალი და ტყუილი იყო ის, რომ რაც ქვეყანაში რეალურად ხდებოდა, „რუსთავი-2"-ის ეკრანზე ეს ყველაფერი არ ჩანდა და ჩანდა ილუზიებით შეფუთული საქართველო, რომელსაც მართლა სხვა განზომილებაში გადაჰყავდა საზოგადოება. ჩემი მეგობრები მირეკავდნენ უცხოეთიდან, - რა ლამაზი გამხდარა თბილისი, მალე უნდა ჩამოვიდეთ მანდ... არადა, არავის უთქვამს, - კი მაგრამ, ღამის და განათებული თბილისის კადრებს რომ აჩვენებენ, დღისით თბილისი კვლავ ასეთი ლამაზიაო?!..


ანეკდოტიც კი დადიოდა: ქართველმა კაცმა ღმერთს სთხოვა, ისე ნუ მომკლავ, საქართველო ისეთი გაბრწყინებული არ ვნახო, როგორსაც „რუსთავი-2"-ზე გვიჩვენებენო... „ნაცმოძრაობასთან" მიმართებაში ალბათ არა უბრალოდ პოლიტიკაზე, არამედ ძნელადგასაშიფრი კვაზირელიგიური „რუსთავი- 2"-ით უნდა ვიმსჯელოთ. „რუსთავი-2" არასდროს აჩვენებდა იმას, რაც ხდებოდა ციხეებში, რაც ხდებოდა ქალაქსა თუ სოფელში რეალურად და ორიენტირებული იყო მხოლოდ იმაზე, რომ სააკაშვილი და სააკაშვილის ხელისუფლება გაეფეტიშებინა და მესიად წარმოეჩინა! არადა, საზოგადოებას ჰქონდა უფლება, თუნდაც კონსტიტუციის 24-ე მუხლით (ინფორმაციის თავისუფალი მიღება და სხვა", სცოდნოდა, „ნაცმოძრაობის" გისოსებს მიღმა როგორ იტანჯებოდნენ მათი თანამემამულეები. ასევე უფლება ჰქონდა სცოდნოდა, რა ხდებოდა 2004 წლის ივლისის ბოლოს ცხინვალში ჯარის შეყვანისას და 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროსაც, როცა „ნაცმოძრაობის" ხელისუფლება და „რუსთავი-2" ერთხმად გაჰყვიროდნენ, ომი მოვიგეთო! რეალურად კი, ორი-სამი საათის შემდეგ ომი წაგებული ჰქონდათ, ისევე როგორც წაგებული ჰქონდა მთელ საქართველოს!..


ქართველ საზოგადოებას, იგივე „რუსთავი 2"-ის მიერ ობიექტური ინფორმაცია უნდა მიეღო იმის შესახებაც, რომ ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიები გავსებული იყო ქართველი ჯარისკაცების ცხედრებით და რომ „ნაცმოძრაობას" სათითაოდ უნდა აეკრიფა ისინი, ჩამოეტანა აქ და პატივით უნდა დაეკრძალათ. ქართველ საზოგადოებას იმავე კონსტიტუციის 24-ე მუხლით უფლება ჰქონდა, ეხილა ის გაუბედურებული მოქალაქეები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებამ არ გამოხიზნა და ისე შეატოვა მტერს, როგორც საზარბაზნე ხორცი. რაღა შორს წავიდე, განა, ჩემს თვალწინ არ მოხდა 2008 წლის ომი, ისევე როგორც 2004 წლის 6 მაისი?!..


„ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!!!" - აი, ლოზუნგი, რომლსაც „რუსთავი-2" და „ნაცმოძრაობა" უნისონში იმეორებდნენ... არადა, რაც „რუსთავი-2"-ის ხელმძღვანელობამ თავის ჟურნალისტებიანად აჭარაში ჩაიდინა, სამარცხვინოზე სამარცხვინო ამბავი იყო. ნათქვამია, - მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო, მაგრამ როგორ არ ვთქვა... ენაგადმოგდებული დარბოდა ჯაყოსავით გაბურძგნული ეროსი კიწმარიშვილი და გაიძახოდა: „აჭარის ტელევიზიის გოიმებს ეს აპარატურა რად უნდათ, ასეთი ჩვენ არა გვაქვს, დავაი, დატვირთეთ და თბილისში წამოიღეთო!.." კიდეც დატვირთეს და კიდეც წამოიღეს... და პირდაპირ „რუსთავი-2"-შიც მიიტანეს, მაგრამ გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას ვინმე ზედმეტს როგორ შეჰკადრებდა?!.. ამ დროს, ალმოკიდებული ჩემი სახლისთვის უნდა მიმეხედა წესით, მაგრამ ვიცოდი რა ამათი მადა, ქუჩა-ქუჩა დავდევდი და სადაც არ მელოდნენ, იქ გავჩნდებოდი ხოლმე... აჭარის ტელევიზიასთანაც ვიყავი, უზენაესი საბჭოს შენობასთანაც, სადაც გაძარცული  მოქალაქეების რიგი იდგა. დაწიოკებული ათობით ოჯახის გაცილებაც მოვასწარი და ისიც მოვასწარი, რომ ეროსი კიწმარიშვილისათვის სახეში მიმეფურთხებინა. პროფესიონალებიო... გააჩნია, პროფესიონალიზმში ვინ რას გულისხმობს და შენი პროფესიონალიზმით როგორ ემსახურები შენ სამშობლოს!..


დღევანდელი გადასახედიდან, მათი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დგება, რადგან საქართველოს მოსახლეობას არ უნახავს ის სიმართლე, რასაც რეალურად სჩადიოდა „ნაცმოძრაობა" და ვის სიმართლესაც „რუსთავი-2" აჟღერებდა... გამოდის, რომ „რუსთავი-2" ერთი პარტიის ერთი ტელევიზია გახდა, რაც რასაკვირველია, არათუ დასაგმობი, პირიქით, სასწრაფოდ გამოსაძიებელი ამბავია, ანუ სიმართლის დაფარვაში ამოდენა ხელფასები, ამოდენა პრემიები, ამოდენა მივლინებები და ა.შ. რისთვის იხარჯებოდა, რა ინტერესებს ემსახურებოდა და ბოლოს, ვის სასარგებლოდ?!.. დღე არ გავა „რუსთავი-2"- იდან მოწოდება არ გაისმას, - კოლეგებო, შემოგვიერთდით და ერთად დავიცვათ თავისუფალი სიტყვა!.. კი, ბატონო, მოვალ, მაგრამ მე რომ მოვიდე, არ შეგრცხვებათ?!..


რასაკვირველია, თქვენთანაც მუშაობენ ერთი-ორი ჩემი ნაცნობი და მოდით, ძალიანაც ნუ იყელყელავებთ, რადგან ეგ თქვენი ნიკა გვარამია სულ პირველად ტელეეკრანზე სწორედ ჩემს მიერ გადაღებული სიუჟეტით გამოჩნდა, რომელიც სოხუმში გადავიღე და იქ, ნიკა სულ პატარა, მე-9 კლასის მოსწავლე იყო... უფრო მეტსაც გეტყვით, ნიკა გვარამიას მამა, ანზორ გვარამია, რომელიც აფხაზეთში გამომავალი გაზეთის „სოვეტსკაია აფხაზია" მთავარი რედაქტორი იყო (იმედია, მიმიხვდით, რასაც ვგულისხმობ), მიტინგებსა თუ მანიფესტაციებზე ერთად მინახავს და გადამიღია კიდეც.


ოღონდაც ერთი კი უნდა ვთქვა, ნიკამ ვალი ცუდად დამიბრუნა, ვგულისხმობ იმას, რომ ამ ორიოდე თვის წინ, თბილისში ფინანსურ პოლიციასთან სააკაშვილის ყოფილი ჩინოვნიკის კახნიაურის მიერ დაზარალებული „ამხანაგობა-2008" მოქალაქეები მანიფესტაციას მართავდნენ, ნიკას დავურეკე, ჟურნალისტი გამოემგზავნა. კი, უარი ვერ მითხრა, გამომიგზავნა, გადაიღო სიუჟეტი „რუსთავი-2"-მა, მაგრამ ვერცერთ საინფორმაციოში ვერ მოხვდა... მეგობრებო და კოლეგებო „რუსთავი-2"-დან, ეგ არის თქვენი სიტყვის თავისუფლება?!.. და მე ასეთი „თავისუფალი სიტყვის" დასაცავად მეძახით?!.. ვერ მოვალ, ვერა!.. ვერ და არ მოვალ კიდევ იმიტომ, რომ თქვენმა მესიამ ბრძანა, - მანდ ერთი ქალი უნდა მოიკლას და მერე მთელ საქართველოს ავაბუნტებთო... კიდევ იმიტომ არ მოვალ, რომ მიყვარს, მეცოდება და მტკივა ჩემი ქვეყანა, რომელსაც თქვენ, დაწყებული ტერიტორიებით, დამთავრებული ციხეში გაუპატიურებით, ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეთ!


საქართველოში ადგილი აღარ დატოვეთ, სადაც ახალგაზრდები არ არიან დაკრძალული, სოფლები დაცალეთ, 142 სოფელი ქვის გროვად მოიხსენიეთ და დასცინეთ და ციხეში გაუშვით ის ხალხი, ვინც ამ ტერიტორიებს კბილებით იცავდა და სიცოცხლესაც ულაპარაკოდ შესწირავდა! ეს ყველაფერი თქვენი ტელევიზიით მე რატომ ვერ ვნახე?!.. რატომ არ იყო თქვენს ტელევიზიაში პროპაგანდა იმისა, რომ პატრიოტობა სამშობლოსათვის თვითშეწირვასაც ნიშნავს... რატომ არ აჩვენეთ მაგალითი თქვენ, დღევანდელო ე.წ. მაგარო ჟურნალისტებო, თუნდაც ერთი მაგალითი მომავალ თაობას იმისა, რომ პროტესტის გრძნობა გაგაჩნიათ?!.. რომ აღარ შეგიძლიათ ემსახუროთ იმას, ვინც ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეში ჩააგდო?!..


სააკაშვილის ვირტუალურ ქვეყანაში გერჩივნათ ცხოვრება, რადგან ასე უფრო კომფორტული და ასე უფრო მომგებიანი იყო?!.. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ რომელიმე თქვენგანი თქვენს ბელადს, გურუს და მესიას ოდესმე ზიზღით დაშორდებით, მაგრამ ბევრ თქვენ მხარდამჭერს უკვე თვალები რომ აეხილა და ირწმუნა საქართველოში სადისტური, არსებითად ფაშისტური რეჟიმის არსებობა, ამას რა ვუყოთ? ვინც წავიდა და გაასწრო, აი, იმ „ნაციონალს" თუ კოლეგას ხელსაც ჩამოვართმევ და თანავუგრძნობ კიდეც. ხოლო თქვენ, ვისაც გჯერათ, რომ საქართველოს კიდევ არევთ მაგ თქვენი ბოროტების მანქანით, მოგიწოდებთ დამშვიდდეთ და ისე დაელოდოთ სასამართლო განაჩენს, რადგან თქვენ საქართველოს ვერ არევთ!!! და, თუ გინდათ, რომ საქართველომ აგირიოთ, მაშინ ჩვენვე მოვთხოვთ ხელისუფლებას, უკლებლივ გაასაჯაროვოს ყველა ფირი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის წლებში სხვადასხვა სამალავებშია ნაპოვნი და თქვენ მერე ნახეთ, არაადამიანური წამება როგორია! თქვენ შემდეგ ნახეთ, როგორ გაიმარჯვებს ხალხი თქვენზე და რა მწარე პასუხს მოგთხოვთ ჩადენილი ავკაცობების გამო.




წყარო: „საერთო გაზეთი", ირინე გოგოსაშვილი



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016