reportiori.ge - ირაკლი აბაშიძე - 106
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 02 დეკემბერი, 2023. 18:21
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირაკლი აბაშიძე - 106
23 ნოემბერი, 2015. 16:24


ვიდრე ჩემს მეგობრებს „პაწია" მოგონებას" შემოგთავაზებთ, მინდა გაგახსენოთ პოეტის პატრიოტული ლირიკის ერთი შედევრი „კაპიტანი ბუხაიძე"...

დაე, „ვიღაცეებმა" იქილიკონ იმ დროზე, მაგრამ თუ ამ ლექსს დაკვირვებით ჩაიკითხავენ, უკეთესი პატრიოტული ანდერძი... თავად შექმნან.


„მე, ქართველი ბუხაიძე,

ბალყარეთის მთებში ვწევარ...

რომ შემეძლოს საფლავიდან,

ძმებო, მხრების წამოწევა,

მე სიცოცხლეს ხელმეორედ

შევწირავდი მშობელ მხარეს,

შევწირავდი იმავ მიწას,

დღეს რომ გულზე დამაყარეს.

ვინც დამხედოთ, გადაეცით

საქართველოს მთებს და ველებს,

რომ მისი ძე, ბუხაიძე,

აქა ვჟლეტდი სისხლის მსმელებს;

არ ვუშვებდი დარიალთან

გააფთრებულ ყვითელ გველებს...

მე საფლავში არა ვწევარ, _

აქ დარაჯად დამაყენეს.

და ვუბარებ ყოველ ქართველს:

მისი წმინდა ვალი არი _

მოკვდეს, მაგრამ მკერდით შეჰკრას

დერბენტი და დარიალი."

###########



ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს ბატონ ირაკლი აბაშიძესთან.  ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ ახალგაზრდული წლებიდან ვგრძნობდი მის კეთილ დამოკიდებულებას და, რა გასაკვირია, გაათმაგებული სითბოთი ვცდილობდი გადამეხადა მისი ყურადღება- მოფერებისთვის.

 

მიუხედავად დროის სიმცირისა, ჩვენ-მისი ახალგაზრდა მეგობრები და ისინი-„ბებერი მეზურნეები", ანუ როგორც თავის უახლოეს სამეგობროს  უწოდებდა ბატონი ირაკლი, ხშირად  ვახერხებდით ერთად ყოფნას, ქალაქგარეთ გასვლას...  მისი მეგობრები კი არანაკლებ საინტერესო და დიდებული ადამიანები გახლდნენ: აკადემიკოსი შოთა ძიძიგური, პროფესორი დავით ჩხიკვიშვილი, ბატონი როინ მეტერეველი და არაერთი სხვა ნიჭიერებით და კეთილშობილებით გამორჩეული, დამსახურებული პიროვნება...

 

ამ ფანტასტურ ადამიანებთან ჩვენი ყოფნა იმას ნიშნავდა, რომ კიდევ ერთ „უნივერსიტეტს" ვამთავრებდით, თავისი „ასპირანტურით" და „დისერტაციით" დამთავრებული... რამდენ  სიახლეს ვისმენდით, ვიგებდით... რა ინტელექტუალური პაექრობის მოწმეები ვხდებოდით... და ყველაფერ ამას ახლდა საოცარი იუმორი, სიხალისე... მოგონებები ისეთი, ვერსად რომ წაიკითხავდი და გაიგონებდი...

 

ჩემს თავს უფლებას მივცემ ერთი შემთხვევა გავიხსენო. მთლად „ინტელეგენტური" არა, მაგრამ... უბრალოდ, ამ წრის იუმორის დონეზე მეტყველებს.

 

... ზესტაფონში ვართ, „ვარინკობას" ატარებს საქტელერადიოს ხალხური შემოქმედების რედაქცია, ანუ  „ქართული ხმები"... ბატონი ირაკლი და მისი „ბებერი მეზურნეები"  ოჯახებიანად,  რა თქმა უნდა, ჩვენთან არიან... ბოლოს სუფრაა. წარმოიდგინეთ ატმოსფერო, ვინც კარგად მღერის ყველა ამ სუფრასთან ხალისობს. არის სიცილი, ანეგდოტები, ერთმანეთის მოფერება...

 

აკად. შოთა ძიძიგურის მეორე ნახევარი-მომხიბლავი და უთბილესი  ქალბატონი რუსუდან ბოკერია თავს ევლება მეუღლეს და, როგორც წესი, მოფერებით მიმართავს არა სრული სახელით, არამედ შემოკლებულით:  „შ"-უ.. „შ"-უ.. „შ"-უ... ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ ყველას ყურადღება მიიქცია და... უცებ, ბატონმა ირაკლიმ ძიძიგურს თანაგრძნობით უთხრა: შოთა, რა ბედნიერი ხარ,  ყარამანი რომ არ გქვიაო...

 

მისი საჯარო შეხვედრები მაგნიტივით იზიდავდა ხალხს. საინტერესო, გულწრფელი, სიბრძნითა და იუმორით  აღსავსე.

 

...მოსკოვში, ოსტანკინოს დიდ დარბაზში საკავშირო ტელევიზია მკითხველთა გრანდიოზულ შეხვედრა უწყობს ირაკლი აბაშიძეს. წარმოგიდგენიათ რა აუდიტორია ყავს ამ დროს ბატონ ირაკლის-მთელი საბჭოთა კავშირი და არა მარტო! ეს დარბაზი ხომ ისეა  გაჭედილი, ნემსიც არ ჩავარდება.... ყველა ლექსს დამსწრენი დიდი ტაშით ხვდებიან...ასევე,  შეკითხვებზე პასუხებს...

 

აი ერთი შეკითხვა:  „Как вы относитесь к славе?»

პასუხი:  «Как к женщине - не следует надоедать!»

 

ტაში მაგრამ რა ტაში... ნამდვილი ფეირვერკია და ისევ შეკითხვა:

 

«Вы настоящий метр...» 

 

ბატონმა ირაკლიმ არ დაამთავრებინა მის თაყვანისმცემელს, რომელსაც უნდოდა ხაზგასმა იმ ჭეშმარიტებისა, რომ სცენაზე პოეზიის მეტრი იდგა,  და ღიმილით  „მიახალა": «не метр, а метр девяносто!»

 

დარბაზი მართლა დაინგრა სიცილით და ოვაციით...

 

კიდევ ერთი „ისტორია"... უბრალოდ, განწყობისთვის...

 

კომპოზიტორმა ეთერ ჭელიძემ შექმნა სიმღერა ირაკლი აბაშიძის ლექსზე: „ჭაღარა თბილისი". ვიდრე ტელერადიოკომიტეტში  მოიტანდა, როგორც ჩანს, ბატონ ირაკლის მოასმენინა და, ყოველშემთხვევაში, მისი მხარდაჭერა დაიბევა.  ბატონმა ირაკლიმ დამირეკა და  სიმღერას რეკომენდაცია გაუწია...

 

არცერთ კომპოზიტორს ასეთი „ჩაწყობა" იმ დროს ნამდვილად არ არ ჭირდებოდა, მაგრამ ინერცია ინერციად რჩებოდა,   ერთადერთ სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოში  კონკურენცია დიდი იყო. ამას ემატებოდა  რადიო-ტელევიზიის სამხატვრო საბჭოს მკაცრი ფილტრი.  არც ის იყო ჩემთვის დამალული, რომ „ძველები" მანდამაინც არ წყალობდნენ „ახალბედებს" ან „ნაკლებადცნობადებს", ამიტომ, ყოველ პარასკევ-დილით უშუალოდ ვხვდებოდი კომპოზიტორებს, უწინარესად, ახალგაზრებს, ჯერ კიდევ  და ვახალისებდი მათ ჩვენთან თანამშრომლობისკენ. ვცდილობდი პირადად ჩემთვის ჩაებარებიათ „პროდუქტი". ეს „ხერხი"  აადვილებდა კონტროლს  სამხატვრო საბჭოს ე.წ. „კონუნქტურაზე" და მეტ-ნაკლებად აადვილებდა ახალთაობისთვის „გზის გაკვალვას".  ამ მიდგომაში გვერდში მედგნენ მუსიკალური  რედაქციების ხელმძღვანელები-ევგენი მაჭავარიანი და ლალი ვარდანაშვილი, მაგრამ სამხატვრო საბჭოში ისეთი ავტორიტეტები შედიოდნენ, რომ არ იყო ადვილი მათი  „დათრგუნვა", მით უმეტეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

 

...შეწუხებული ლალი ვარდანაშვილი, რომელმაც უკვე იცოდა ბატონი ირაკლის ზარის შესახებ,  ჩემთან შემოვიდა და მაცნობა: სამხატვრო საბჭომ ე.ჭელიძის ეს სიმღერა დაიწუნა და მის ეთერში გაშვებას გზა გადაუკეტა.

 

მიზეზი? აბსურდული!  ეგო , პროფესიონალი არ არის და... როგორ ჩანს, ზოგიერთის პირადულმა მოტივებმა გადაძალა შემოქმედებითი ობიექტურობა.

 

ამ „გარკვევაში" ვარ და ისევ მირეკავს ბატონი ირაკლი, შეწუხებული. უკვე გაუგია სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე და იმაზე დარდობს, რომ მე თავი არ ვიგრძნო უხერხულ დღეში, რომ მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. არადა სიმღერა აშკარად მომწონს. ბატონ ირაკლისაც შესანიშნავი გემოვნება აქვს.

 

ჩემთან ვიხმე გოგი დოლიძე, თემურ ჭკუასელი, გია ჭირაქაძე, თამაზ ელიავა... ჩემი „გაჭირვება" გავანდე და მოვთხოვე მაქსიმალური ობიექტურობით სიმღერის შეფასება. დასვნა-მხოლოდ დადებითი.

 

სამხატვრო საბჭო ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარესთან არსებული სათათბირო ორგანო გახლდათ. ჰოდა, მათი თათბირი არ მივიღე და...

 

ვურეკავ ბატონ ირაკლის და სტუმრობის ნებართვას ვთხოვ. „ქართული ხმების" ბიჭებთან ერთად თავზე დავადექით ცხელი ხაჭაპურებით ხელდამშვენებულნი. მასპინძელმა ჩათვალა, რომ „დაწუნებული" სიმღერის გამო „შესარიგებლად" მივედი...   ბიჭებმა ოპერატულად შესწავლილი  „ჭაღარა თბილისიც" უმღერეს და... ამასობაში "მოამბე" ჩაირთო, რომელიც ბატონი ირაკლისთვის სრულიად მოულოდნელად  გაიხსნა...  ეთერ ჭელიძის ამ სიმღერის პრემიერით... ირაკლი გახარებულია. ჩვენც, მასზე მეტად...

 

გავა 20 წელი. და შედგება სია „საუკუნის 10 საუკეთესო სიმღერა:... და ეთერ ჭელიძისა და ირაკლი აბაშიძის ეს სიმღერა ამ სიაში დაიკავებს მეშვიდე ადგილს!

 

„ვოტ ტაკ"!!!!

 

 

 

 

 






 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016