reportiori.ge - რა პროექტები იგეგმება ლევილის მამულში და რა ეტაპზეა საქართველოსთვის მამულის გადმოცემის პროცედურა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 06 ივლისი, 2022. 10:56
ინტერვიუ
რა პროექტები იგეგმება ლევილის მამულში და რა ეტაპზეა საქართველოსთვის მამულის გადმოცემის პროცედურა
ავტორი: ანა ნოდია
23 იანვარი, 2016. 19:45



პარიზიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, სენას დეპარტამენტში მდებარეობს ლამაზი ფრანგული სოფელი ლევილ-სიურ-ორჟი ანუ ლევილი. ლევილის მამული ქართველებისთვის ძვირფასია, ვინაიდან საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები სწორედ ამ სოფელთანაა დაკავშირებული.

 

 

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის ნაწილები თბილისში შემოვიდნენ. 1921 წლის 19 მარტს საქართველოს კანონიერი მთავრობა ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და ბათუმიდან საფრანგეთში გაემგზავრა ემიგრაციაში.

 

 

საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ, ლევილში პატარა მამული შეიძინა და იქ დასახლდა. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცედურა კი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ამ მხრივ საინტერესო სიახლეებიც არის. „რეპორტიორს" საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე ესაუბრება:

 

 

- მოლაპარაკებები ლევილის მამულის გადმოცემის პროცედურასთან დაკავშირებით დიდი ხანია დაიწყო. პრინციპში მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე ეტაპის გავლა გახდა საჭირო.

 

 

სანამ დეტალებზე გადავიდოდე რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო. კერძოდ, ლევილის შატო შემოგარენი მიწით, გახლავთ კერძო საკუთრება. ის არის საქართველოს სახელმწიფო თანხით შეძენილი მამული, მაგრამ თავის დროზე რიგი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო გაფორმდა, როგორც კერძო საკუთრება. თავიდან მამულს ჰყავდა 7 მფლობელი, დღეს იგი 5 ოჯახის მფლობელობაშია. მოგეხსენებათ საბჭოთა მმართველობის პერიოდში, საბჭოთა კავშირი პრეტენზიას აცხადებდა მის მიერ ოკუპირებული ქვეყნების-რესპუბლიკების კერძო საკუთრებებზე მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად ის, რომ მამული გაფორმდა როგორც კერძო საკუთრება, შესაძლებლობა მისცა ამ კონკრეტულ საკუთრებას გადარჩენილიყო და არ გადასულიყო საბჭოთა კავშირის მფლობელობაში.

 

 

ნოე ჟორდანიას გარდაცვალების შემდეგ, დანარჩენმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ მამული აუცილებლად გადმოეცემოდა საქართველოს, მას შემდეგ რაც საქართველო მოიპოვებდა დამოუკიდებლობას, ამ ფაქტის დამადასტურებლად არსებობს მათი ანდერძიც, რომელსაც ხშირად სინდისის ანდერძსაც ვუწოდებთ.

 

 

როგორც უკვე მოგეხსენებათ 2011 წელს მაისში ხელი მოეწერა მემორანდუმს, მამულის მფლობელ ოჯახებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ამ მემორანდუმით ჩამოყალიბდა ქართულ-ფრანგული პარიტეტული კომისია, განისაზღვრა კონკრეტული პირობები, რომელიც ერთი მხრივ უნდა შეასრულონ მესაკუთრეებმა, მეორე მხრივ შესასრულებელია საქართველოს მიერ, რათა დაიწყოს მამულის გადმოცემის საჭირო იურიდიული პროცედურები.

 

 

- რა პროცედურებია გასავლელი და დღეს რა ეტაპზეა მოლაპარაკებები?

 

 

- მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ 2015 წლის ზაფხულში გამოყო შესაბამისი თანხა, რათა მამულში ჩატარებულიყო ერთი მხრივ ტექნიკურ-დიაგნოსტიკური კვლევა (რომელიც სავალდებულოა მამულის გადმოცემისას  საჭირო იურიდიული პროცედურების განსახორციელებლად) და მეორეს მხრივ ჩამოყალიბდა მსოფლიო მასშტაბის ექსპერტთა ჯგუფი, რომელთაც იმუშავეს მამულის ისტორიული მნიშვნელობის გააზრებაზე და მისი მომავალი პროგრამირების განსაზღვრაზე. შესაბამისად თანხის ერთი ნაწილი დაიხარჯა დიაგნოსტიკური ხასიათის სამუშაოებზე, ხოლო მეორე ნაწილი მამულის მომავალი ფუნქციონირების/პროგრამირების თუ გნებავთ კონცეფციის ჩამოყალიბებაზე. ამ ყველაფრისათვის საელჩო დაუკავშირდა საფრანგეთის კულტურის სამინისტროს, მოვიწვიეთ მსოფლიო მასშტაბით მაღალი დონის ექსპერტები, არქიტექტორები, კულტურული მემკვიდრეობის განხრით, აგრონომი ფილოსოფოსები, შადრევნებისა და არქივების პროფესორები და 2015 წლის მეორე ნახევარში დავიწყეთ აქტიური მუშაობა.

 

 

რამდენიმე დღის წინ კი, 19 იანვარს საელჩომ მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ოფიციალურად წარადგინა ლევილის მამულის მომავალი ფუნქციონირების კონცეფცია. პირველი ეტაპი გახლდათ მფლობელებისთვის ჩვენი ხედვის წარდგენა. საინტერესო პრეზენტაცია გაკეთდა, რომელსაც ესწრებოდა პარიტეტული კომისიის ქართული კოლეგიის ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში - გელა დუმბაძე და კომისიის წევრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი.

 

 

- რა თანხა გამოიყო ტექნიკურ-დიაგნოსტიკური კვლევებისა და მოწვეული ექსპერტებისთვის სახელმწიფოს მხრიდან და ამ კონსულტაციების შედეგად კონკრეტულად რა დაიგეგმება ლევილის მამულში, მას შემდეგ რაც საქართველოს გადმოეცემა?

 

 

- არ შემიძლია არ აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელსაც საელჩო მუდმივად გრძნობდა მთავრობისა და კონკრეტულად ყოფილი და ახლანდელი პრემიერების მხრიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სწორედ ყოფილი პრემიერის დიდი მონდომებით მოხდა შესაბამისი თანხის გამოყოფა აღნიშნული კვლევის განსახორციელებლად.

 

 

თანხა სულ შეადგენს 107 000 ევროს, რომელიც 2015 წლის შემოდგომას გამოიყო მთავრობის მიერ.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ 19 იანვარს გვქონდა ჩვენი ხედვის პრეზენტაცია, აღსანიშნავია, რომ მუშაობა კონცეფციაზე ჯერ დასრულებული არ არის. თებერვალში კიდევ ერთხელ შევიკრიბებით საელჩო, მამულის მფლობელები და პარიტეტული კომისიის წევრები, რათა მოვისმინოთ მამულის მეპატრონეთა შენიშვნები და რეკომენდაციები. ხოლო თებერვლის განხილვის შემდეგ კი, თებერვლის ბოლოსკენ ექსპერტები დადებენ კონცეფციის საბოლოო შეთანხმებულ სრულ ვარიანტს. ის თუ კონკრეტულად როგორი იქნება ლევილი მას შემდეგ რაც იგი გადმოეცემა საქართველოს, დეტალებში ჯერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია ზოგადი ხედვა წარმოგიდგინოთ. ალბათ უკვე იცით, ლევილის მამული მუდმივად, მას შემდეგ რაც იგი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა შეიძინეს გახდა სტუმარ-მასპინძლობის კერა, - იგი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც იქმნებოდა რაღაც სიახლე. იქ იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს უფლებებისთვის, აღიარებისთვის. იქ იქმნებოდა ლიტერატურა, იწერებოდა სტატიები, გამოიცემოდა გაზეთები. ეს იყო ადგილი, რომელიც დამუხტული იყო საქართველოს სამსახურში დგომით.

 

 

ვთვლით, რომ მამულის ეს ისტორიული მნიშვნელობა აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ეს მუხტი არ უნდა დაიკარგოს. მომავალში მამულში გაკეთდება ქართული აკადემია (ისტორიულ, მეცნიერულ, კულტურული მიმართულებების).  ქართული აკადემია ორი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს, ერთი - ეს გახლავთ კულტურული ღონისძიებების შენარჩუნება/განვითარება, რომლებიც ახლაც ტარდება ლევილში, მაგალითად, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის აღნიშვნა, ფრანგულ-ქართული დღე და ა.შ. და მეორე, ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ისტორიკოსების, ხელოვანებისა და მეცნიერთათვის რეზიდენტურის შექმნა. წლიურად რამოდენიმე მათგანი წარადგენს პროექტს, დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილებით მოხდება შერჩევა, რითაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ ლევილის ქართულ აკადემიაში და იმუშაონ მათ მიერ წარდგენილ პროექტებზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამული დარჩება ადგილად სადაც ჩამოვლენ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეები და სადაც შეიქმნება, სხვადასხვა მიმართულებით, საინტერესო პროექტები. ბევრ განვითარებულ, კულტურაზე ორიენტირებულ ქვეყანას აქვს ასეთი აკადემია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენ ინსპირაცია ფრანგული აკადემია - „ვილა მედიჩიდან" მივიღეთ, რომელიც იტალიაში 1666 წელს დაარსდა, ხოლო 1803 წლიდან გადმოტანილი იქნა ნაპოლეონის მიერ რომის ცენტრში, პინჩოს გორაკზე. ვილა მედიჩი შემოქმედებითი ინსტიტუტია, რომელიც განსაზღვრული პერიოდით მასპინძლობს ახალგაზრდა შემოქმედებს, რათა ხელი შეუწყოს მათი პირადი არტისტული პროექტების განხორციელებას. ჩვენ კი, კულტურას დავუმატეთ ისტორიული და აგრონომიული განზომილება, ბუნებრივია სხვანაირად ვერც იქნებოდა.

 

 

- საბოლოოდ, როდის მიიღებს საქართველო პასუხს ლევილის მამულის საკუთრებაში გადმოცემის თაობაზე?

 

 

- ვარ ძალიან ბედნიერი და ძალიან ოპტიმისტი, რადგანაც ვნახე რაოდენ მოეწონათ წარდგენილი კონცეფცია მამულის მფლობელებს. ოჯახები ძალიან დადებითად არიან განწყობილნი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ ელოდნენ ასეთი ხარისხის კვლევის ჩატარებას და ამგვარი კონცეფციის შეთავაზებას. ამაყი ვარ, რომ საქართველომ ეს შეძლო.

 

 

როგორც უკვე ზევით ვახსენე, თებერვალის ბოლოს უკვე გვექნება კონცეფცია დასრულებული სახით, ხოლო თავად გადმოცემის პროცესი დასრულდება 2016 წელს, საელჩო ყველაფერს გააკეთებს, რომ გადმოცემა 2016 წლის პირველ ნახევარში მოხდეს.

 

 

 

* * *



ლევილის მამულის ცენტრალურ ადგილას დგას 3 სართულიანი შატო (ციხე-სიმაგრე). ამ შენობაში ცხოვრობდნენ ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი... ამ მამულში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ექვთიმე თაყაიშვილი.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016