logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: კულუარული თამაშების ანატომია თუ ხაზარაძე-რუხაძის ინტერესთა თანხვედრა?!
- +

6 ივნისი. 2019. 15:06

 

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე ფოთის პორტთან დაკავშირებულ სკანდალისა და „ეი პი ემ ტერმინალსის“ თემაზე ვრცელ პოსტს ავრცელებს.

 

ექსპერტის ვარაუდით, კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ უკან, შესაძლოა „ჰანიველ პარტნერსის“ მფლობელის, ბიზნესმენის ირაკლი რუხაძის ქონებრივი ინტერესი იდგეს.

 

„ხელისუფლების ზურგს უკან მიმდინარე კულუარული თამაშების ანატომია თუ ხაზარაძის და რუხაძის ინტერესთა თანხვედრა?

 

ანაკლიის პორტის ირგვლივ დაწერილ წინა პოსტში აღვნიშნე, რომ როგორც ჩანს, „ეი პი ემ ტერმინალსის“ თემაზე აპელირებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საბაბს ეძებს, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებებს თავი აარიდოს. როგორც ირკვევა, ეს საკითხი კიდევ უფრო დამაინტრიგებელ ხასიათს იძენს. ძალზე საინტერესოდ მეჩვენება დღეს „პრაიმტაიმში“ გასული ინფორმაცია - თუ ვინ დგას რეალურად ფოთის პორტთან დაკავშირებული სკანდალის უკან? მთავარი კითხვა კი იმაში მდგომარეობს, რომ იმ დროს, როდესაც ანაკლიის პროექტზე აქტიური და ფაქტიურად გადამწყვეტი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, ინვესტორ ბანკებთან სამმხრივი მოლაპარაკებების ფონზე, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს მთავარი - თუ როგორ გადაწყდება ანაკლიაში ტვირთების გარანტირებული უზრუნველყოფის საკითხი, ვის აწყობდა 29 მაისს „ეიპიემ ტერმინალსის“ განცხადება, რომ თითქოს მან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო? რაც მთავარია, სწორედ ამ განცხადებას მყისიერად, გნებავთ ორკესტრირებულად, იმავე საღამოს მოჰყვა მეორე, არანაკლებ საინტერესო და დამაინტრიგებელი განცხადება „ანაკლიის კონსორციუმის“ და მამუკა ხაზარაძის მხრიდან, ანაკლიის პორტის სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლაზე და პროექტის შესაძლო შეჩერებაზეც კი!!!

 

„პრაიმტაიმში“ გასულ მასალაში წარმოდგენილია საინტერესო ვერსია - „ეიპიემ ტერმინალსის“ განცხადებას თუ რატომ მოყვა „ანაკლიის კონსორციუმის“ მხრიდან დაწყებული ნამდვილი საინფორმაციო შტურმი და ხმაურის მასშტაბი, მაშინ როდესაც კონსორციუმს შესაბამის უწყებებთან მარტივად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე შეეძლო გაერკვია, რეალურად რა ხდებოდა ფოთის პორტთან მიმართებაში?!.

 

ეს განცხადება ყველაზე უფრო დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის და მთავრობისათვის იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა, ჩემი აზრით, ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება აღნიშული გადაწყვეტილების გაუქმებაზე. და თუ ეს ასეა, მაშინ ხომ არ იყო ეს წინასწარ დადგმული სცენარი ანუ ხომ არ აწყობდა ეს მორიგი აურზაური ორივე მხარეს ანუ კონკურენტებს იმ ვითარებაში, როდესაც ერთი შეხედვით კონკურენტები სიტუაციური მოკავშირეები აღმოჩნდნენ? წინასწარ ხომ არ იქმნება სიტუაცია, სადაც „ანაკლიის კონსორციუმს“ ეძლევა კარგი შანსი, საკუთარი ვალდებულებების ვერშესრულებისას პროექტის ჩავარდნა დააბრალოს მთავრობას!!!.

 

აქ უკვე იკვეთება კიდევ ერთი ფიგურანტის ირაკლი რუხაძის ფიგურა, რომელსაც გასული ინფორმაციით, ეკუთვნოდა კიდეც გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის რეკომენდაცია, სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია, გიორგი ქობულია ამხელა ავანტიურაზე დამოუკიდებლად წასულიყო და გრიგოლ კაკაურიძის ხელით დაეწყო ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხის მოგვარება. მით უმეტეს, როცა ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე, ფარულად გაკეთდა და მისი განცხადებებიც არგადადგომაზე სწორედ ამ კონტექსტში ჯდება. როგორც ჩანს, კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ უკან „ჰანიველ პარტნერსის“ მფლობელი და პატარკაციშვილების აქტივების განმკარგავი ბიზნესმენის ირაკლი რუხაძის ქონებრივი ინტერესი უნდა იდგეს.

 

ასევე არ უნდა გამოირიცხოს და სულ უფრო სარწმუნო ხდება ვერსია, ხელისუფლების ზურგს უკან მიმდინარე კულუარულ თამაშებში, ხაზარაძის და რუხაძის ინტერესთა თანხვედრაზეც ქონებრივი და არა მხოლოდ ქონებრივი გავლენებისთვის ბრძოლაში. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე, კაკაურიძემ ანაკლიასთან დაკავშირებითაც ანალოგიური, ანუ ხარვეზიანი ნებართვა გასცა. როგორც ჩანს, წინ კიდევ უფრო ცხელი და საინტერესო ამბებიც გველოდება! გაგრძელება იქნება!“ - წერს ცუცქირიძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner