logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: ასეთი სწრაფი წინსვლა მსოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონია!
- +

24 ოქტომბერი. 2019. 15:28

 

„ასეთი სწრაფი წინსვლა მსოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონია! - ამ ხნის მანძილზე საქართველომ არა მარტო ქულათა ისტორიულ მაქსიმუმს -83.7-ს მიაღწია, არამედ რეიტინგი 105-ით გაიუმჯობესა“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„კარგი დასაწყისი - საქმის ნახევარია!

მსოფლიო ბანკი უკვე თითქმის ორი ათეული წელია აქვეყნებს ინფორმაციას ბიზნესის წარმოების მდგომარეობის შესახებ მსოფლიოს 190 ქვეყნის მიხედვით. ამ პერიოდის მანძილზე საქართველომ სერიოზულ წარმატებას მიაღწია - სპორტული ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, დრიბლინგით ჩამოიტოვა მრავალი ათეული ქვეყანა და 2006 წლის 112-ე ადგილიდან 2020 წლისათვის მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

 

ასეთი სწრაფი წინსვლა მსოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონია! - ამ ხნის მანძილზე საქართველომ არა მარტო ქულათა ისტორიულ მაქსიმუმს -83.7-ს მიაღწია, არამედ რეიტინგი 105-ით გაიუმჯობესა. შედარებისათვის: რეიტინგის გაუმჯობესების მხრივ მეორე ადგილზე მყოფი ჩრდილოეთ მაკედონიის მდგომარეობა იმავე პერიოდში მხოლოდ 64 პოზიციითაა გაუმჯობესებული. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეიტინგით პირველ ადგილზე მყოფ ახალ ზელანდიას მხოლოდ 3.1 ქულით ჩამორჩება, მაშინ როდესაც თავისი სახმელეთო მეზობლებიდან მასთან ყველაზე ახლო - 28-ე ადგილზე მყოფ რუსეთის ფედერაციას უსწრებს 5.5 ქულით (საქართველოს სხვა სახმელეთო მეზობლებს უკავიათ, შესაბამისად, თურქეთს - 33-ე, აზერბაიჯანს - 34-ე, ხოლო სომხეთს - 47-ე ადგილი).

 

საქართველო შარშანდელის მსგავსად, კვლავ ლიდერია ევროპისა და ცენტრალური აზიის 23 ქვეყანას შორის. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ბიზნესის დაწყების მხრივ მაქსიმალური 100 ქულიდან მსოფლიო ბანკმა საქართველოს 99.6 პროცენტი მიაკუთვნა. საქართველო, ახალ ზელანდიასთან ერთად, ის სახელმწიფოა, სადაც ბიზნესის დაწყება ერთი პროცედურით, იმავე დღესაა შესაძლებელი. თუ გავითვალისწინებთ, რომ „კარგი დასაწყისი - საქმის ნახევარს უდრის“, ხოლო „ყველაფრის ეკონომია დროის ეკონომიაზე დაიყვანება“, საქართველოს არა მარტო აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ბიზნესის განვითარებისათვის, არამედ ამის უკვე ღიად დაფიქსირებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტები არაორაზროვან მესიჯებს უგზავნიან მსოფლიოს საქმიან წრეებს ჩვენს ქვეყანასთან საქმიანი ურთიერთობების დაწყებისა და გაღრმავების მიზანშეწონილობის შესახებ. ამის ნათელი დადასტურებაა გუშინ თბილისში დასრულებული „აბრეშუმის გზის“ მესამე საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც 60-ზე მეტი ქვეყნის 2200-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

 

მსოფლიო ბანკის მონიჭებული მაღალი რეიტინგი არ ემყარება მხოლოდ ბიზნესის დაწყებას. საქართველო მსოფლიო ქვეყნების პირველ ათეულშია ქონების რეგისტრაციისა (მე-5 ადგილი) და მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვის (მე-7 ადგილი) მხრივ. ამის გარდა, წინა წელთან შედარებით საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა გადასახადების გადახდის, საზღვრებს მიღმა ვაჭრობის, გადახდისუუნარობისა და სხვა ინდიკატორების მიხედვითაც.

ნებისმიერი სახელმწიფოს მდგრადობა დიდწილად ემყარება ეროვნული ეკონომიკის ეფექტიან ადმინისტრირებას. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს დაწინაურება 2 პოზიციით გადასახადების გადახდის ინდიკატორში და მე-14 პოზიციის დაკავება.

 

ორი გარემოება გახდა აღნიშნული პოზიტიური ტენდენციის განმაპირობებელი: პირველი, საგადასახადო სისტემის ადმინისტრირების სიმარტივე და მეორე - გადამხდელებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა. ბიზნესისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება ბოლო წლებში მკაფიოდ კომპლიმენტარულია, ითვალისწინებს საგადასახადო ანგარიშგებისთვის საჭირო დროის შემცირებას. და რადგანაც ყველაფრის ეკონომია, როგორც უკვე ითქვა, დროის ეკონომიაზე დაიყვანება, ნაკლები დრო ცალსახად შედეგის უფრო ნაკლები ძალისხმევით მიღწევას ნიშნავს. ამ გზით დაზოგილი დრო და რესურსი კი შესაძლებელია მიემართოს ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისაკენ ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საფუძველზე. თავი მხრივ, ყოველივე ეს ბიზნესის მხრიდან ასახვას ჰპოვებს არა მარტო გადასახადების გადახდაში, არამედ მზარდ სოციალურ პასუხისმგებლობაში.

 

მთლიანობაში, ბიზნესის კეთებაში წარმატებებზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ საქართველოში ბიზნეს-სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის ზრდის ტემპი ბოლო წლებში 1.5-ჯერ აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური რეფორმები არაა ერთჯერადი აქტი, ისინი, ფაქტობრივად, უწყვეტი რეჟიმის პროცესს წარმოადგენენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს კვლავ ექნება შთამბეჭდავი წინსვლა, თანაც არა მარტო ბიზნესის კეთებასთან ასოცირებულ ინდიკატორებში, არამედ სხვა ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების მიერ განხორციელებულ შეფასებებში - გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსიდან დაწყებული და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგით დამთავრებული“, -  წერს არჩვაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner