logo_geo
eng_logo
გია მურღულია: შემირცხვენია ისეთი სკოლა, კანაფით რომ განვითარდება!
- +

17 სექტემბერი. 2018. 02:53

 

 

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კანაფის ექსპორტის საკითხის მიბმა მორალთან და ზნეობასთან უზნეობად მიმაჩნია“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი. ამით ის გვეუბნება, რომ ასეთი ექსპორტი მისაღები და სასარგებლოა. პარლამენტში აცხადებენ, რომ ამ საკითხის განხილვას არ დაიწყებენ, სანამ საზოგადოებრივი თანხმობა არ იქნება მიღწეული (რასაც კარგი პირი არ უჩანს). როგორც ჩანს, იქ ბოლომდე დარწმუნებულნი არ არიან, რომ გადაწყვეტილება სასწრაფოდ მისაღები და ბოლომდე გამართლებულია, ზოგიერთი რაღაცის გათვალისწინების გარეშე. კონფლიქტი, როგორც ყოველთვის გვჩვევია, გარდაუვალია. მოკლედ, რა თემასაც გინდა შევეხოთ, იმავე წამს იწყება სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება. ეს უკვე (სადარდებელზე მეტადაც კი!) სასაცილო ხდება.

 

ჩემი აზრი ასეთია:

 

ნარკოტიკების მიმართ ასეთი „მსუბუქი“ (მაგალითად, მცირე მოწეულზე რომ მჟღავნდება) დამოკიდებულება, რომელიც ლამის მათ პროპაგანდაში გადაიზარდოს, კარგს არაფერს მოგვიტანს. იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის გამთლიანებაზე, მის განვითარებაზე, განათლებასა და პიროვნების ღირებულების ამაღლებაზე ვიზრუნოთ, ყველაფერი გავაკეთოთ ეკონომიკის წინსვლისა და თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად, ახალგაზრდებს (და მავან ძველგაზრდებსაც) მშვიდი "ნირვანისკენ" მოვუწოდებთ?!

 

ვინმემ გათვალა, რა სავალალო, მეტიც - ტრაგიკული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს უკვე მსგავსი შედეგების მქონე საქართველოსთვის?!

 

ეს არ არის იდიოტობა (თუმცა ძალიანზე მეტად ჰგავს), ეს მეტია - დანაშაულია და ჩემთვის სულ ერთია, რით არის ის გამოწვეული.

 

ჩვენს ქვეყანას ახლა მიზანთა ერთობა და ამ მიზანთა მიღწევის ძალმოსილება სჭირდება და არა კაიფით გათითოკაცება.

 

დეკრიმინალიზებას - ჰო.

 

დანარჩენს ყველაფერს, რაც კანაფის წარმოებას, მის ექსპორტს და ამით ეკონომიკისა თუ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების „განვითარებას“ ეხება - არა!

 

შემირცხვენია ისეთი სკოლა, კანაფით რომ განვითარდება.

 

ეკონომიკის განვითარებისთვის მაინცდამაინც ეს გზა რომ არ ავირჩიოთ, სხვა, უფრო ძლიერი და სასარგებლო, გზებიც არსებობს და მათზე ვიფიქროთ, აჯობებს. ნუთუ ეკონომიკურად წარმატებული ყველა ქვეყანა კანაფს აწარმოებს?!

 

რა გარანტია გვაქვს, რომ მთელი მსოფლიო მაინცდამაინც ჩვენში წარმოებულ სამედიცინო კანაფს ელოდება?! - არანაირი!

 

ამაზე ნაკლები გარანტია გვაქვს, რომ წარმოებული კანაფი მასობრივად არ მოხვდება შიდა ბაზარზე (სრულიად არასამედიცინო მიზნით) - ამის გაკონტროლებას სახელმწიფო, დიდი ალბათობით, ვერ და (ამდენი სავარაუდო „კრიშის“ პირობებში) არც მოახერხებს.

 

ვფიქრობ, ზოგადად, ამ თემის წინ წამოწევა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, თემების გააზრება-გადაწყვეტას არსებითად უშლის ხელს, რაც ჩვენი არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს. ისინი კი აქვე არიან - მთლად მეზობლად.

 

აზროვნების გამახვილება გვჭირდება და არა მისი გაბრუება!

 

ვინც ამას ვერ ხედავს, ვერ გრძნობს ან (მით უარესი) სასარგებლოდ მიიჩნევს, იმას ვერც კეთილგონიერ ადამიანად მივიჩნევ და ვერც ამ ქვეყნის მოყვარულად.

 

თავს ნუ მოვიტყუებთ იმით, რომ მარიხუანის სამრეწველო მოყვანა მხოლოდ კოსმეტიკითა და ჯანდაცვით შემოიფარგლება და მის მიმართ ისედაც დიდ ინტერესს არ გააძლიერებს.

 

ნუ გავუხსნით ჩვენს შვილებს კარს, რომლის იქითაც მათი (და ამ ქვეყნის) თვითრეალიზება კი არა, მხოლოდ რეალური ცხოვრებიდან თვითგარიდების „კომფორტი“ და წყვდიადია“, - წერს მურღულია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner