top_leaderboard

პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალ პროექტს იწყებს. 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება. პროექტის სამიზნე ჯგუფად განსაზღვრულია ფერმერები, შესაბამისი ასოციაციები, კოოპერატივები, სოფლად არსებული შინამეურნეობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორის წარმომადგენლები.

პროექტის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო. მინისტრის მოადგილემ FAO-ს სოფლის მეურნეობის სექტორში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას.

„საქართველოს მთავრობა სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად არაერთ მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. ჩვენი პროგრამები მიმართულია მეწარმეობის სტიმულირებისკენ, როგორც პირველადი წარმოების, ისე გადამუშავების მიმართულებებით, რაც, თავის მხრივ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას უზრუნველყოფს. სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით სექტორის აქტიურად ვითარდება, ყოველწლიურად იზრდება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი; ამ შედეგების მიღწევაში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

პროექტის ფარგლებში, შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, გაიზრდება ფერმერების, მწარმოებელთა ჯგუფების, ახალგაზრდების და ქალების შესაძლებლობები, ასევე, სოფლის განვითარების საკითხებზე ამაღლდება მოსახლეობის ცნობიერება.

საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის რაიმუნდ იელეს განცხადებით, აღნიშნული პროექტი, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

„აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას, რაც საქართველოსთვის ევრონტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პროექტი, რომელსაც ხელი დღეს მოვაწერეთ, სოციალურად ინკლუზიური სოფლის განვითარების პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდას გულისხმობს. პროექტში განსაკუთრებული აქცენტი ქალებსა და ახალგაზრდებზე გაკეთდება. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ ორი სოციალური ჯგუფის მობილიზება და გაძლიერება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის განვითარებას, ახალი იდეებისა და ინოვაციური მიდგომების შემოტანას“,- აღნიშნა რაიმუნდ იელემ.

პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე კარნერი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

ასევე იხილეთ