logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილის განცხადებით, მის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მის პირად დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად
- +

6 იანვარი. 2019. 13:56

 

დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, მის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მის პირად დისკრედიტაციასა და რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად.

 

„ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელებში ჩემსა და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ სხვადასხვა მედია პლატფორმის საშუალებით ნეგატიური კამპანია მიმდინარეობს, რისი მიზეზიც თითქოს ერთი კონკრეტული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატია გახდა. სამწუხაროდ, ჩემს მიერ პატიოსნად შევსებული დეკლარაცია მავანისათვის „ფეიკ ნიუსის” შექმნის საბაბი გახდა, რასაც სოციალურ ქსელებში ამ ვირტუალური მასალის ვირუსული გავრცელება მოჰყვა. ამ გარემოებებმა, კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ეს ყველაფერი მოხდა განზრახ, იყო მართული პროცესი და მიზნად საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად, ჩემს პირად დისკრედიტაციას და რეპუტაციის შელახვას ისახავდა. ეს ამბავი, ჩემი აზრით, საეჭვოდ დაემთხვა და უკავშირდება იმ პროცესებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში უახლოეს წარსულში და რაც გარკვეულწილად, ამჟამადაც მიმდინარეობს. ჩემსა და, არა მხოლოდ ჩემს მიმართ, გამოყენებულია შავი პიარის ბინძური ტექნოლოგია: ფეიკ ნიუსით ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, თითქოს კონკრეტული დეპუტატის მიმართ გაჩნდა კითხვის ნიშნები. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად და აქვე დავრწმუნდებით, რომ შავი პიარის და დეზინფორმაციის გავრცელების გარდა, ხსენებული სტატიის შემკვეთს, მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული პიროვნების დისკრედიტაციის მიზანი უნდა ამოძრავებდეს. ძალიან ცინიკურია როდესაც ჩემს მიერვე კეთილსინდისიერად და პატიოსნად შევსებული დეკლარაციის დამახინჯებით ცდილობენ შავი პიარის აგორებას:

 

„ფეიკი” პირველი - სტატიაში საუბარია, რომ შევიძინე უძრავი ქონება (მათ შორის მიწის ნაკვეთი) მაგრამ არსად წერია, რომ ქონების შეძენა სრულად განხორციელდა 15 წლიანი და 20 წლიანი იპოთეკური სესხების ხარჯზე, რის გამოც მკითხველს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მე არაკეთილსინდისიერად განვახორციელე ქონების შეძენა.

 

„ფეიკი” მეორე - სტატიაში წერია, რომ თხინვალაში შევიძინე მიწის ნაკვეთი და არსად წერია, რომ ამ მიწის ნაკვეთს ჩემს გარდა კიდევ ორი მესაკუთრე ყავს. შესაბამისად, სტატიაში მე, როგორც მიწის ნაკვეთის ერთადერთი მესაკუთრე ისე ვარ წარმოჩენილი, ისევე როგორც მის შესაძენად სს „ვი თი ბი" ბანკიდან სამი თანამსესხებლის (მათ შორის ჩემი) მიერ აღებული კრედიტით გადახდილი მიწის საფასური, სრულად მომაწერეს მე, რაც, სტატიის ავტორის მხრიდან, პირდაპირ ტყუილის აფიშირებას წარმოადგენს.

 

„ფეიკი” მესამე - სტატიის ავტორმა არ მიუთითა, რომ ჩემს მიერ წინა წელს დეკლარილებული, საბანკო ანაბრის ანგარიშზე რიცხული თანხა ამ წლის დეკლარაციაში აღარ მოხვდა. შესაბამისად, სტატიის ავტორმა ხელოვნურად გააჩინა კითხვის ნიშნები დეკლარაციაში მითითებული ქონების ნაწილის შესაძენად გაღებული სახსრების წარმომავლობაზე. ობიექტური პირისთვის ნათელია, რომ ქონება ანაბარზე რიცხული თანხით იქნა შეძენილი.

 

„ფეიკი” მეოთხე - სტატიაში საუბარია 4 საცხოვრებელი ბინის შეძენაზე, განგებ არის უტრირება და ხაზგასმა რაოდენობაზე. მესმის, შავი პიარის ტექნოლოგია, ასეთია, თუმცა, თუ მასშტაბს დაუკვირდებით, 200 კვ/მ-ზე ნაკლებია 4-ვე ბინის ჯამური ფართი, რომელიც ფართიდან გამომდინარე, წარმატებით შეიძლება სულ 1 ბინაც ყოფილიყო, ასეთ შემთხვევაში, სტატიის ავტორები კვადრატული მეტრის საერთო ფართს, „რუსთავი 2“-ის საუკეთესო ტრადიციების მსგავსად, სანტიმეტრებში გადაიყვანდნენ და ისე წარუდგენდნენ საზოგადოებას.

 

ვფიქრობ, რომ სტატიაში ავტორების მოყვანილი გარემოებები ცდება ჟურნალისტური ეთიკის ყოველგვარ ნორმებს და სტანდარტებს და ყველაზე მიუღებელ ფორმას - მიზანმიმართულ ცილისწამებას და ადამიანის „გაშავებას” ემსახურება. ამიტომ ვეცდები, გამოვიყენო ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დავიცვა ჩემი და ჩემი ოჯახის უფლებები“, - წერს დავით მათიკაშვილი „Facebook“-ზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×