logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: კიდევ ერთი მეცნიერებათა დოქტორი შეემატა ქართველი მეცნიერების რიგებს
- +

11 მარტი. 2019. 11:57

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„...გუშინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარბაზში დავესწარი საერთაშორისო ურთიერთობებში მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებელი სადისერტაციო ნაშრომის განხილვასა და დაცვას.

 

უნდა ვაღიარო, რომ მსგავს ღონისძიებას ბოლოს, მე მგონი, ამ თვრამეტი წლის წინ დავესწარი, როგორც კოლეგიის მიწვეული წევრი. ამდენად, დიდი ინტერესით მივდიოდი სხდომაზე.

 

სადისერტაციო თემა უაღრესად საინტერესო და ფრიად ინფორმაციატევადი გახლდათ: „საქართველო გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში".

 

ჩემთვის ეს თემა დიდი ხანია ინტერესის საგანია და მართლაც დიდი გულისყურით ვუსმენდი მომხსენებელს და შემდეგ გამომსვლელებსაც... უნდა ვაღიარო, რომ ძალიან დიდი მორალური და ინტელექტუალური სიამოვნება განვიცადე თემის განხილვისას.

 

ჩვეული აკადემიური სიდარბაისლით თავმჯდომარეობდა კოლეგიას მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, აკადემიკოსი იგორ კვესელავა; სრულუფლებიანი ოპონენტისა და რეცენზენტის სახით სიღრმისეულ განხილვაში ჩვეული პროფესიონალიზმით მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი. დისერტანტისადმი მზრუნველობით იყო განმსჭვალული თემის ხელმძღვანელის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის უფროსის, სამართლის დოქტორის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას შენიშვნები და თანამოხსენება.

 

მრავალრიცხოვანი დამსწრე საზოგადოება, რომელთა შორის უმეტესობა დარგის გამოცდილი თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი იყო, აქტიურად მონაწილეობდა სადისერტაციო ნაშრომის განხილვაში.

 

თითქმის სამ-ნახევარი საათის მუშაობის შემდეგ სადისერტაციო კოლეგიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება დისერტანტისათვის საერთაშორისო სამართლის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე შეფასებით „ძალიან კარგი“...

 

კიდევ ერთი სამეცნიერო ნაშრომი შეემატა ქართულ სამართლებრივ სივრცეს; კიდევ ერთი მეცნიერებათა დოქტორი შეემატა ქართველი მეცნიერების არცთუ შესაფერისად დაფასებულ რიგებს, მომავალი თაობის სწავლა-განათლებისა და მათი ცხოვრების სწორ გზაზე გაყვანისათვის...

 

ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა, მეთქვა:

 

- დისერტანტი გახლდათ და აწ უკვე საერთაშორისო სამართლის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი“, - წერს ყარაულაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×