logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: დიდი ეროვნული თანხმობაა საჭირო, რაც ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი
- +

8 აპრილი. 2019. 16:11

 

ექსპერტი სოსო მანჯავიძე ბიძინა ივანიშვილის წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„წავიკითხე ბიძინა ივანიშვილის წერილი.

გამახსენდა 9 აპრილი, როგორც მონაწილეს, კარგად მახსოვს სულისკვეთება, ერთიანობის განცდა, შემდეგ დარბევა და რისხვა, რომელმაც მთელი ერი შეიპყრო.

შემდეგი პროცესიც ნათლად მახსოვს - ეროვნული მოძრაობის გახლეჩა, არჩევნების „კრემლის პროექტად“ გამოცხადება და „ეროვნული კონგრესის“ ჩამოყალიბება.

ის ხშირი საუბრებიც მახსოვს კონგრესის მომხრეებთან, სადაც კითხვაზე: როგორ შეიძენდა კონგრესი ლეგიტიმაციას, ან რა ალტერნატიული ხედვა ჰქონდათ, პასუხად მესმოდა გამსახურდიას ლანძღვა და სიბრძნეები იმის შესახებ, რომ ეკონომიკასა და სტაბილურობაზე ლაპარაკი დღეს კრემლს აწყობს.

ცხადია, ისინიც კრემლის აგენტებად იქნენ გამოცხადებულნი.

არადა, აგენტებიც ბლომად მუშაობდნენ ორივე მხარეს და ერთმანეთს ადანაშაულებდნენ აგენტობაში.

არადა, ეს იყო ცუდად შეფარული წყენა, რომ ხელისუფლებაში ისინი არ არიან.

საქმეში აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკის უბნურ-ჯიგრულ-ქურდული გაგება ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.

ხელისუფლების საკადრო განურჩევლობამ და ისეთმა ნაბიჯებმა, როგორიც იყო სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვა, კიდევ უფრო დააჩქარა პროცესი,

მაშინაც „იმ ხალხის პრეტენზია ისმოდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ კოლაფსი დამდგარიყო“, -როგორც ავტორი წერს.

შეგახსენებთ, რომ პუტჩი ეროვნული გვარდიის სარდალმა და პრემიერ-მინისტრმა მოაწყვეს.

ის, რაც დღევანდელ და მაშინდელ ვითარებას აერთიანებს, არის იგივე ცუდად შეფარული წყენა იმის გამო, რომ ხელისუფლებაში თვითონ არ არიან.

ასევე, არ არსებობს რაიმე ალტერნატიული ხედვა, რას გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

იგივე უბნურ-ჯიგრულ-ქურდული ხედვები პოლიტიკაზე.

ისევ ორმხრივი ბრალდებები რუსეთის აგენტობაში, იმ ფონზე, რომ უკვე არა მარტო რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების აგენტურითაც „გავმდიდრდით“.

ვხედავთ ხელისუფლების საკადრო განურჩევლობას და მისი ნაწილის გამოყოფის პროცესს.

კვლავ - „ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც იმ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო“...

სამტრედიის რკინიგზა არ გადაგვიკეტავს, მაგრამ ამ როლს წარმატებით ასრულებს ურთიერთქიშპი და მტრობა.

არადა, ქვეყანას ჰაერივით სჭირდება ერთიანობის სულისკვეთება, როგორიც ცხრა აპრილს და 1 ოქტომბერს გვქონდა.

მაგრამ ამისთვის იმ ხალხთან უნდა გამოინახოს საერთო ენა, ვისზე გამარჯვებამაც ეს სულისკვეთება შექმნა.

არ ვიცი, რამდენად არის ეს შესაძლებელი იმ განწყობების ფონზე, რომელიც არსებობს.

დიდი ეროვნული თანხმობაა საჭირო საერთო ინტერესების შესახებ, ერთგვარი ეროვნული კონსენსუსი, რაც ძალიან რთულია, თუმცა, არა შეუძლებელი“, - წერს სოსო მანჯავიძე გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner