logo_geo
eng_logo
23 წლის გიორგი ლაცაბიძემ თელავში გიგანტური უეკლო მაყვალი გააშენა
- +

28 თებერვალი. 2017. 01:41



23 წლის გიორგი ლაცაბიძეს გიგანტური უეკლო მაყვალი თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ნახევარ ჰექტარზე აქვს გაშენებული. მაყვლის ერთი მარცვალი საშუალოდ 15 გრამს იწონის, ერთი ძირის მოსავლიანობა კი 10 კილოგრამია. გიორგი მომავალ წელს მაყვლის ექსპორტზე გატანას გეგმავს.


გიორგი ლაცაბიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს და მომავალი აგრონომია. მან „სამმაგი გვირგვინის" ჯიშის უეკლო მაყვალი გასულ წელს გააშენა და წელს პირველი მოსავალი მიიღო. გიორგის თქმით, გიგანტური უეკლო მაყვალი ველურ მაყვალზე ადრე შემოდის. მოსავლის აღება ივნისში იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.


„ამ ჯიშის მაყვალი ძალიან ტკბილი და არომატულია. ერთი მარცვლის საშუალო წონა 15 გრამია. ყველაზე დიდი მარცვლი 20 გრამამდეც აღწევს. ნახევარ ჰექტარზე 1500 ძირი მაყვალი მაქვს გაშენებული. დარგვიდან მეორე წელს ერთი ძირიდან 5 კილოგრამი, საერთო ჯამში კი 7 ტონაზე მეტი მოსავალი ავიღეთ. მოსალოდნელია, რომ მესამე წელს, როდესაც მაყვალი სრულად მსხმოიარე გახდება, ერთი ძირიდან 10 კილოგრამ მაყვალს მაინც მოვკრეფთ", - ამბობს ლაცაბიძე.


გიორგი მაყვლის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს, კილოგრამი მაყვალი 4 ლარი ღირს. ნაყოფის გარდა, გიორგი მაყვლის ნერგებსაც ყიდის, ერთი ნერგის ფასი 2 ლარია.


„თავდაპირველად მაყვალი თელავის ბაზარში გავყიდეთ, სადაც კილოგრამის ფასი 5 ლარი იყო. ამჟამად რეალიზაციას თბილისში ვახდენთ. ჩასაბარებელი ფასი 4 ლარია. შესანიშნავად იყიდება,  არამხოლოდ თბილისში, არამედ ტურისტულ რეგიონებშიც, მაგალითად, ბათუმში, ტურისტულ სეზონზე, მაყვალი დიდი პოპულარობით სარგებლობს", - აღნიშნა ფერმერმა.


გიორგი ლაცაბიძის თქმით, ევროკავშირისა და რუსეთის ბაზარზე მაყვალზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ მაყვლის ბაღების გაფართოებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.


„შემოდგომაზე ახალი ძირების დარგვას ვაპირებთ. მინდა, კიდევ რამდენიმე ჰექტარზე გავაშენო. ამ მაყვლის გაშენება ძალიან პერსპექტიულია, რადგან ევროპის ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. თუმცა, სანამ ევროპაში გავიტანთ, აუცილებელია აქ, ადგილზე, სათანადო პირობები იყოს შექმნილი. აუცილებელია იყოს შოკმაცივარი და კამერამაცივარი, სადაც პროდუქტი გაიყინება. ექსპორტიორმა მაყვალი გაყინულ მდგომარეობაში უნდა გაიტანოს. მაყვალს მხოლოდ ევროპის ბაზარი არ ითხოვს. წელს რუსეთიდან მქონდა შემოთავაზება. უნდოდათ კვირაში 10 ტონა გაეტანათ, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან საკმარისი რაოდენობის მაყვალი არ გვაქონდა. ევროკავშირში ჩვენი პროდუქციის გატანას მომავალ წელს ვგეგმავთ", - აღნიშნა გიორგი ლაცაბიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 


წყარო: ick.ge

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×