logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებს ხვდება
- +

9 მაისი. 2019. 18:09

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ეკონომიკის დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს საკუთარ ხედვებს, გეგმებსა და  პრიორიტეტულ მიმართულებებს აცნობს. როგორც  ნათია თურნავამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შექმნის სიცოცხლისუნარიან და შედეგზე ორიენტირებულ პლატფორმას მეცნიერ-ეკონომისტებთან და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის.

 

„შეხვედრის მიზანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ თითოეული აქ დამსწრე ადამიანის ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ასევე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და პერსპექტივების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მიმაჩნია, რომ ქართველი ეკონომისტების აქტიური ჩართულობა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში ამ პოლიტიკის სრულყოფის გარანტიაა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდის ყველა არსებული რესურსის გააქტიურება სიღარიბის დაძლევისა და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, მისი სტრატეგიული ამოცანაა.

 

შეხვედრაზე მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა დეტალურად ისაუბრეს სამინისტროს მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ტენდენციებსა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლის მიზანსაც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. ასევე ყურადღება გამახვილდა გამოწვევებზე, რომლებიც მომდინარეობს საშინაო და საგარეო ფაქტორებიდან.

 

სამინისტროს მხრიდან გაკეთებული პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს.

 

შეხვედრა მეცნიერ-ეკონომისტებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივით იმართება და  მას ასევე ესწრებიან მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×