logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ქვეყანაში საარჩევნო სისტემა პროპორციული უნდა იყოს, შერეული თუ მაჟორიტარული, ამ კითხვაზე პასუხი კონსტიტუციამ გასცა
- +

13 ივნისი. 2019. 14:23

 

 

„მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდი და პარლამენტში უმრავლესობა საკუთარი ინიციატივით ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელმაც მომავალი წლის არჩევნებამდე ბევრად ადრე უნდა დაიწყოს და დაასრულოს მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზების გამოსწორებაზე“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა.

 

თეა წულუკიანმა არჩევნებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ფარგლებში გამოკვეთილ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.

 

„თუნდაც უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ფარგლებში საპრეზიდენტო არჩევნებზე ე.წ. ცრუ კანდიდატები ვიხილეთ, როდესაც ერთი და იმავე პოლიტიკურ ძალას ორი კანდიდატი ჰყავდა, ერთი რეალური და მეორე არარეალური, მაგრამ ორი კანდიდატის ყოლით ფინანსურ დახმარებას იღებდა და საეთერო დროით სარგებლობდა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ კანონს აქვს ხარვეზი. ასევე არის არაერთი საკითხი ეუთო-ოდირი-ს (ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი) რეკომენდაციებში, რომელსაც პარტიები უწყებათაშორის კომისიაშიც აჟღერებენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გამოსწორება სჭირდება, რათა მომავალი არჩევნები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარდეს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

ამასთან, მისი თქმით, როგორი საარჩევნო სისტემა უნდა საქართველოში ამ კითხვას საქართველოს კონსტიტუციამ გასცა პასუხი.

 

„რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო სისტემას, უნდა იყოს პროპორციული, შერეული თუ მაჟორიტარული, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს კონსტიტუციამ გასცა, როდესაც მიღებული იყო. ვიცით, რომ 2024 წლიდან საარჩევნო სისტემა იცვლება. შესაბამისად, იმედი მაქვს, დღეს დაფუძნებულ ჯგუფში სამუშაო გარემო იქნება, რაშიც ჩვენ იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობის სახელით აქტიურად ვიქნებით ჩართული, ასევე ამ სამუშაო ჯგუფის დაშლის ან პროცესის მოშლის მცდელობებს არ ექნება ადგილი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ოდირი-სა და სხვა მოსაზრებები, რომელმაც 2020 წლისთვის საარჩევნო გარემო კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner