logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია, თუმცა...
- +

22 სექტემბერი. 2019. 00:15

 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ კონკრეტული სამართლებრივი პრეტენზიების გაჩენას ძალიან მაღალი სტანდარტი სჭირდება. ამის შესახებ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განაცხადა.

 

„შეწყალება არის უფლებრივი საკითხი. ერთი მხრივ, მსჯავრდებულს აქვს უფლება, რომ მისი შეწყალების საკითხი განიხილონ. მეორე მხრივ, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია. მას აქვს დისკრეციული უფლება, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალების თაობაზე.

 

ჩემი აზრით, როდესაც არსებობს ამდენი ალტერნატივა - გვაქვს სასჯელაღსრულების დაწესებულება, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას მიდიან სახლში, ისვენებენ და ბრუნდებიან უკან; გვაქვს ელექტრონული პატიმრობა, როდესაც შესაძლებელია სამაჯურის ტარებით არა საკანში, არამედ სხვა სივრცეში მოიხადო სასჯელი; გვაქვს პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები; გვაქვს ორი დაწესებულება, სადაც პატიმრები შრომობენ, მუშაობენ, ხელფასს იღებენ, განათლებას იღებენ, პროფესიებს ეუფლებიან და შეუძლიათ ოჯახთან ერთად გაატარონ 2-3 დღე. როდესაც ასეთი ვარიანტები არსებობს, შეწყალება უკვე აღარ არის იმდენად აუცილებელი მექანიზმი, თუმცა ამის უფლება პრეზიდენტს მაინც აქვს.

 

რაც შეეხება გამოძიებას, პირველ რიგში ის შეამოწმებს, ხომ არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთი ან რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პრეზიდენტის ამ დისკრეციული უფლებით ბოროტად სარგებლობენ. თუ დანაშაული დადგინდება, ამ ადამიანების პასუხისმგებლობაც დადგება. პრეზიდენტი არის კონსტიტუციური თანამდებობა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოზიცია თავისი სტატუსის მიხედვით, შესაბამისად, მის მიმართ კონკრეტული სამართლებრივი პრეტენზიების გაჩენასაც ძალიან მაღალი სტანდარტი სჭირდება.

 

პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია. მე ორი წელი ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვარ პოლიციის პოლკოვნიკი. მე ვხედავდი, როგორ სწირავდნენ სიცოცხლეს პოლიციელები დანაშაულთან ბრძოლაში და, რა თქმა უნდა, პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია. თუმცა ამ საკითხზე მმართველი გუნდის ყველა წევრმა კრიტიკული შეფასება გააკეთა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი მართლაც გახდა ზეპარტიული თანამდებობა. სად გინახავთ მანამდე, რომ საქართველოში მმართველ გუნდს არჩეული პრეზიდენტის მიმართ კრიტიკული შეფასება ჰქონოდა?“ - განაცხადა თალაკვაძემ.

 

„ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას 19 სექტემბერს მიმართა.

 

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაც.

 

სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე.

 

18 სექტემბერს პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner