logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი გიორგი მშვენიერაძეს: უხერხულია თქვენგან მსგავსი პოსტების წერა, მაშინ, როცა...
- +

9 ოქტომბერი. 2019. 13:50

 

 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე  არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის  სოციალურ ქსელ facebook-ში განთავსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

„უხერხულია, ბატონო გიორგი, facebook-ის პოსტის წერა, რომ  რაღაც ფორმით შეგეზღუდათ კომიტეტის სხდომაზე დასწრება და რომ თურმე ერთი საათის შემდეგ როგორც იქნა შემოგიშვეს. ჩვენმა თანამშრომელმა მოგწერათ და გთხოვათ, თავის დროზე მოსულიყავით. თქვენ 10 საათზე არ მოხვედით, დააგვიანეთ. თქვენი წარმომადგენელი უპრობლემოდ შემოვიდა. ჩვენ თქვენთან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ და როგორც კი შეგვატყობინეთ, რომ გარკვეული ხარვეზები იყო და ვერ შემოდიოდით, თანამშრომლები ჩამოვიდნენ, ამოგიყვანეს და  ესწრებით. უხერხულია თქვენგან მსგავსი პოსტების წერა, მაშინ, როცა ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა, რომ დროც დაგიმატოთ და შეკითხვებიც დასვათ“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა გიორგი მშვენიერაძეს.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენენ, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებასაც უპასუხა:

 

„სხდომას ესწრებიან  პარლამენტის წევრები, რომელთა ექსკლუზიური უფლებაა, რომ დასვან კითხვები და ინტერვიუ აწარმოონ. არცერთ პარლამენტის წევრს ამის შეზღუდვა არ აქვს, არც ჰქონია და არც ექნება.  ასევე სხდომას ესწრებიან მედიის წარმომადგენლები. სრულად გვაქვს უზრუნველყოფილი, რომ  ყველას ჰქონდეს  შესაძლებლობა, დაესწროს, გააშუქოს  და მოახდინოს მონიტორინგი. სხდომას ასევე ესწრებიან:  ეუთოს მისიის მონიტორინგის ჯგუფი, საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საქართველოსთვის“ და სახალხო დამცველი.  ჩვენ დავნერგეთ პრაქტიკა, რომ თუ მოქალაქეს აქვს შეკითხვა,  წერს ჩემს სახელზე ამ შეკითხვას და მე მას სხდომაზე  ვაჟღერებ. თუ ვინმეს აქვს დასწრების სურვილი, ვაძლევთ მაქსიმალურ შესაძლებლობას, რომ სხდომას დაესწროს.  არც დღეს, არც მომავალში არ შევზღუდავთ იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაა დარბაზში.  თუ არის ადგილი, ყველა დაესწრება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

მისი ინფორმაციით, დღეს კომიტეტის სახელზე არცერთი მოქალაქის წერილი არ შემოსულა სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით.

 

„ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილს არ მოუმართავს. მიუხედავად ამისა,  შევთავაზეთ, დასწრებოდა  სხდომას და გამოყოფილ იქნა ადგილი იქ, სადაც სხვა მოქალაქეებიც სხედან, თუ მას ამის სურვილი ექნებოდა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner