logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: იმ დეპუტატთა შორის ვარ, ვინც ყოველთვის მხარს უჭერდა მაჟორიტარულ სისტემას
- +

12 ნოემბერი. 2019. 16:12

 

 

„ყოველთვის მხარს ვუჭერდი მაჟორიტარულ სისტემას, იმ დღიდან, რაც პოლიტიკაში ვარ, და იმ დღიდან, როცა ამ თემაზე დაიწყო საუბარი, ხომ არ შევცვალოთ პროპორციული სისტემით“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

„მე ორჯერ მოვძებნე კომპრომისი საკუთარ გუნდთან ერთად, ეს შევძელი. პირველი კომპრომისი იყო, როცა შემოთავაზება იყო, რომ 2024 წელს გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და ჩემი კომპრომისი შედგა. შემდეგი შემოთავაზება იყო, რომ 2020 წლისთვის, ეს შიდა გუნდურ საუბარს ვაჟღერებ, გადავიდეთ ამ სისტემაზე, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ, გავითვალისწინოთ რეალობა, აქაც ჩემი კომპრომისი, შევეცადე, რომ ყოფილიყო რეალური, მაგრამ მე ამაზე არ ვისაუბრებ. მინდა, იმ განსხვავებებზე ვისაუბრო, უფრო სწორად, კითხვები დავსვა, რა სხვაობაც არის მმართველი გუნდის შემოთავაზებულ კანონპროექტსა და თქვენს შემოთავაზებულ კანონპროექტს შორის.

 

რადგან ვთანხმდებით, რომ მრავალპარტიული, მრავალფეროვანი უნდა იყოს პარლამენტი, მმართველმა გუნდმა შემოიტანა, რომ ბარიერი მოვხსნათ, რომ მივცეთ საშუალება მცირე პარტიებსაც, უფრო იოლად შემოაღწიონ პარლამენტში, თქვენ გვთავაზობთ 3%-იან ბარიერს. 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში როგორ შემოვლენ ეს პატარ-პატარა პარტიები და ჩვენ ამით ხელს ხომ არ ვუწყობთ ესეთი შუაში მყოფი პარტიები, მაგ: „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტად ხომ არ შეეწყობა ხელი, ის მცირე პარტიები გარეთ დარჩნენ, ეს ხომ არ არის პირდაპირ ხელის შეწყობა მათთვის?

 

რაც შეეხება ბლოკებს. ბლოკებთან დაკავშირებით ჩვენ, მმართველ გუნდს აქვს შემოთავაზება, ნულოვანი ბარიერი, ბლოკების არქონა და თქვენ გვთავაზობთ შეიქმნას ბლოკები, საბლოკე პარტიებს გვთავაზობთ, რომლებსაც აბსოლუტურად დაბალი რეიტინგი და მაღალი დანახარჯი აქვს. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი შეკითხვა - ეს ხომ არ ქმნის იმის პირობას, რომ ჩვენ მივიღოთ ძირითადად „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენ ხომ არ გამოგდით, განზრახ კი არა, უნებლიეთ, რომ მათ შეეწყოთ ხელი, რომ თავისი პოლიტიკური ზრახვები განახორციელონ იოლად? საარჩევნო ზრახვებს ვგულისხმობ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, ხოლო პარტიებისთვის ნულოვანი ბარიერი დაწესდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner