logo_geo
eng_logo
საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა საერთო ევროპულ პერსპექტივასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს
- +

13 დეკემბერი. 2019. 19:19

 

ჩვენი თანამშრომლობა, დაფუძნებული ეკონომიკაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, ძირითად მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ასევე იმას, რომ ჩვენი ქვეყნები დარჩნენ ევროპული სივრცის ნაწილად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკთან შეხვედრისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ყოველთვის აფიქსირებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო მხარდაჭერას.

 

გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგს - პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას.

 

„ეს გახდება ყველაზე ეფექტური პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენმა მთავრობებმა, სამინისტროებისა და უწყებების დონეზე, სხვადასხვა სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, უსაფრთხოება, საერთაშორისო ურთიერთობები, კულტურა - ითანამშრომლონ და შედეგებს მიაღწიონ კიდევ უფრო ეფექტურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერის შეფასებით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ეფექტურ ეკონომიკურ თანამშრომლობას უნდა დაეფუძნოს და საქართველოს მთავრობა მზად არის, უფრო მეტს მიაღწიოს ვაჭრობის, ტრანსპორტის, განვითარების სფეროში და სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით.

 

„ჩვენ მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა უკრაინასა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მეტი შედეგების მომტანი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.

 

„საქართველოს მთავრობა მზად არის, ყოველდღიურად იმუშაოს იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის იყოს კონკრეტული შედეგის მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

 

უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და პრემიერ-მინისტრ გახარიას ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების საფუძველი გახდება.

 

ალექსი გონჩარუკმა ქართველ კოლეგას საერთაშორისო არენაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზარდოს ვაჭრობა, ტურისტების რაოდენობა, გაღრმავდეს და განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკური მიმართულებით. უკვე ამოქმედდა მთავრობათაშორისი  სავაჭრო კომისია, რომელსაც ჩვენი მხრიდან თანათავმჯდომარეობს ინფრასტრუქტურის მინისტრი.  მე მას უკვე მივეცი დავალებები, რომელიც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას ჩვენს ქვეყნებს შორის. ვფიქრობ, ამისათვის კარგი იქნებოდა ტრანსპორტის თვალსაზრისით ფოთი-ოდესის მიმართულებით განვითარება, განსაკუთებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ, ბელარუს და პოლონელ კოლეგებთან ერთად ვაპირებთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას და გვაქვს სურვილი, დავაკავშიროთ შავი ზღვა და ბალტიის ზღვა“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

 

ალექსი გონჩარუკმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner