logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არის გაღიზიანებული - მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებში ძალიან მძიმედ დამარცხდებიან
- +

15 ივლისი. 2020. 18:58

 

 

„ოპოზიცია არის გაღიზიანებული და ამ გაღიზიანებას აქვს ძალიან მარტივი საფუძველი. მე 2016 წელს ვიყავი საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, ეს იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და იმის შემდეგ, ყველა არჩევნებზე, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის, შუალედურ არჩევნებზე მე ვიყავი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და თქვენ კარგად გახსოვთ რომ ყველა არჩევნებზე დამარცხდა ძალიან მძიმედ „ნაციონალური მოძრაობა“. ამ არჩევნებზეც დამარცხდება და ამის შიში მათ ბუნებრივია აქვთ და ერთადერთი, რაც მათ დღეს აშინებთ, ეს არის არჩევნები. მათ ძალიან კარგად იციან, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში ისინი ძალიან მძიმედ დამარცხდებიან და ამის იქეთ მათ არ აქვთ არანაირი გზა“, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

 

 

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“: საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად მის წარდგენასთან დაკავშირებულ ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მსგავს შეფასებებს აკეთებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც საქართველოში შემოიყვანეს რუსული ტანკები, რუსეთის ფედერაციას  ჩააბარეს ტერიტორიების 20 პროცენტი და მერე თქვეს ბოდიში.

 

„ამას ამბობენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ფლობენ ფეიკ-ტელევიზიებს, საიდანაც ყოველდღიურ რეჟიმში მოედინება ნიაღვარი აგრესიის და თქვე თითონ განსაჯეთ ვინ ამბობს და რამდენად დამაჯერებელია მათი განცხადებები. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას და შემდგომ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, „ბოდიში, ჩვენი ბრალი იყო ეს ყველაფერიო“, ეს იყო პირდაპირი ღალატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner