logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე თურქეთის ამბასადორიალზე ქართველ და თურქ დიპლომატებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების ინიციატივით გამოვიდა
- +

11 იანვარი. 2017. 10:23


 



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქეთის ელჩების მე-9 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და თურქ დიპლომატებს სიტყვით მიმართა.


მინისტრი ამბასადორიალზე გამოვიდა ინიციატივით, რომ უფრო მეტად გააქტიურდეს ქართველ და თურქ დიპლომატებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა რეგიონის ეკონომიკური, სატრანზიტო და ენერგეტიკული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად. მინისტრის თქმით, ამ კუთხით 2016 წელს სხვადასხვა ფორმატში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა და გამოთქვა მზადყოფნა, მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო ხშირად გაიმართოს.


საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქ დიპლომატებთან ვრცლად ისაუბრა საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოზე და აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი გააჩენს თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს, რაც ხელსაყრელი იქნება არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და ევროპისათვის.


ათ წელზე მეტია თურქეთი რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად და ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება ნათლად გამოჩნდა 2016 წელს. გასული წელი ერთ-ერთი რთული იყო ეკონომიკური თვალსაზრისით როგორც მსოფლიოს მასშტაბით ასევე ჩვენს რეგიონში ვაჭრობის შემცირების კუთხით. თუმცა კავშირები საქართველოსა და თურქეთს შორის მაინც იზრდებოდა მიუხედავად იმ ნეგატიური ტენდენციებისა, რაც მსოფლიოში და სამეზობლოში არსებობდა" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე ენერგო უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ მხრივ ყურადღება გაამახვილა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტებზე, რაც ამ ქვეყნებს შორის კავშირებს კიდევ უფრო აძლიერებს. მინისტრის თქმით, ეს სამი ქვეყანა წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო-სატრანსპორტო კორიდორის უმნიშვნელოვანეს ღერძს, რომელიც ევროპისა და აზიის ეკონომიკებს ერთმანეთთან აკავშირებს.


საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის.


საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აგრეთვე მიმოიხილა რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები. ამ კონტექსტში მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. მიხეილ ჯანელიძემ მკაცრად დაგმო უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტები და მიუსამძიმრა თურქ ხალხს. მინისტრმა პარტნიორ ქვეყანას მხარდაჭერა აღუთქვა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში.


მჯერა, ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც რეგიონის უსაფრთხოების და სტაბილურობის საფუძველს შექმნის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 


 

right_banner
არქივი
right_banner