logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს პროგრესი თავდაცვის რეფორმების იმპლემენტაციის კუთხით
- +

16 თებერვალი. 2017. 19:32



NATO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის მხარდამჭერი განცხადებები NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით NATO-ს ჯგუფთან ერთობლივი მუშაობით, რაც ერთობლივ მიღწევებს ემყარება.


„ჩვენ საქართველოსთან  მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომელიც სხვდასხვა სფეროსს და საკითხს მოიცავს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს პარტნიორობა ორმხრივია, რაც იმას ნიშნავს რომ ერთმანეთს ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ. NATO საქართველოს უწევს დახმარებას თავდაცვის ინტიტუტების მშენებლობასა და რეფორმების განხორციელების პროცესში.  ჩვევ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის გარდა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ყურადრება რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე გაამახვილა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს.  ბრიუსელში  შემაჯამებელ  ბრიფინგამდე NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად მონაწილეობდა. სწორედ კომისიის სხდომაზე შედგა პირველი კომუნიკაცია  საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის. 


საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში  NATO-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა. 28+1 ფორმატის შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით კომისიის სხდომაზე განიხილება საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 


„განვიხილავთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს თავდაცვის რეფორმირების კუთხით, მათ შორის თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვის დოკუმენტს. ჩვენ შევაფასებთ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას NATO-ში გაწევრიანების გზაზე. NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის დასტურია", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 


სხდომაზე NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. შეხვედრაზე NATO-ს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი განიხილეს. NATO-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ამ კუთხით მიღწეული პროგრესი და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერება და ამ გზით NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაა.


სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც  საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და არსებული რესურსების ეფექტურ მართვაზეა ორიენტირებული და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების საშუალებას იძლევა. NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს და დადებითად შეაფასეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, რომლის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული ალიანსის ქვეყნებიდან საქართველოში მოვლენილი ექსპერტები.


NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა და რეგიონში ალიანსის მთავარი პარტნიორი, ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში. საუბარი ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით NATO-ს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და ამ პროცესში საქართველოს შესაძლო ჩართულობის ფორმებს.


შეხვედრაზე წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს წვლილის მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ქართული კონტინგენტი, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე პირველია ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ერთხმად აღნიშნეს, ქართველი ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი. მათ  განსაკუთრებული პატივისცემა და მწუხარება გამოხატეს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიმართ, რომლებიც საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner