logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: კონტრაქტორ კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პასუხი მოეთხოვება
- +

23 აპრილი. 2018. 18:05

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მერთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ტურისტული სეზონის წინ, ზღვისპირა ზოლზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასული წლის შემოდგომაზე ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი წელს, საზღვაო სეზონის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოყვა.

 

არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას, აჭარის მთავრობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიაწოდა. მინისტრის თქმით, კონტრაქტორ კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პასუხი მოეთხოვება

 

„სამწუხაროდ, ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მივიღეთ გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც 1 მაისიდან დაიწყებს სამუშაოებს. ეს საშუალებას მოგვცემს, პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი საზაფხულო სეზონის დაწყებამდე დავასრულოთ და არსებული ვითარება რადიკალურად გამოვასწოროთ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ინფორმაციით, აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე, გასულ წელს, 2 მილიონამდე ტურისტმა დაისვენა. მაია ცქიტიშვილის და ზურაბ პატარაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დამსვენებელთა ყოველწლიურად მზარდ რაოდენობას, კომფორტული გარემო დახვდეს.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი ბულვარი, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

 

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს საკითხით დაინტერესებისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია წლევანდელი საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება, პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი მუშაობა სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner