logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი
- +

12 ივლისი. 2018. 18:00

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.

 

„NATO-ს პარტნიორი ქვეყნები ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება NATO-ში. ეს იყო ჯერ კიდევ 10 წლის წინ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს. ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური დისკუსია უმაღლესი დონის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს NATO-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებმა. ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას გააჩნია NATO-ს წევრობის გზაზე, მაგრამ ფაქტია, რომ წევრების გარკვეული რაოდენობა ვერ თანხმდება ვადებთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოხდეს ეს. ფაქტი, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება, ამაზე არის სრული კონსენსუსი.

 

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ წევრი ქვეყნების მხრიდან იმ ვადამდე, როდესაც საქართველო შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ისინი ზრუნავენ, რომ საქართველო გაძლიერდეს თავდაცვის უსაფრთხოების მიმართულებით და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. საქართველო არა მხოლოდ სამიტიდან სამიტამდე, არამედ ყოველდღიურად აძლიერებს საკუთარ თავდაცვას და უსაფრთხოებას. ამაში ჩვენი პარტნიორების მადლიერი ვართ, რომლებსაც წვლილი შეაქვთ. ამ პროცესით ერთგვარად მწიფდება ის დრო, როდესაც საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, პროცესი მიდის წინ, იმისთვის, რომ როდესაც ეს დრო დადგება, საქართველო ამისთვის სრულად მზად იყოს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო ახლა არ გახდება NATO-ს წევრი, თუმცა მისი თქმით, ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება. გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა NATO-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner