logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გუნდურობის პრინციპი არაერთგზის დაირღვა ამ დღეების განმავლობაში
- +

12 იანვარი. 2019. 12:44

 

„გუნდურობის პრინციპი დაირღვა, სამწუხაროდ, არაერთგზის ამ დღეების განმავლობაში. შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უნდა დარჩეს თუ არა ეკა ბესელია გუნდში.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა.

„უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ვადებთან, სიასთან დაკავშირებით და ა. შ. ბევრი ასეთი დეპუტატი იყო გუნდში, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა მათი რაიმე სანქციების, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღების საკითხი, იმიტომ , რომ ჩვენ პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას. გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, ვერ გახდება გარკვეული სანქციის საფუძველი, თუ რაიმე სხვა მსგავსი მიდგომის გამოვლენის საფუძველი. ასეთი რამ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს. ეს პრინციპი დაირღვა, სამწუხაროდ, არაერთგზის ამ დღეების განმავლობაში. შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დეპუტატი, რომელიც წარმოდგენილია საპარლამენტო უმრავლესობაში, დაიცავს ამ პრინციპს და იმოქმედებს გუნდის ინტერესების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განსხვავებულ მოსაზრებებს ჩვენ, გუნდის შიგნით პატივს ვცემთ, თუმცა მთავარია რომ იყოს გუნდურობის პრინციპი. მათ შორის, მთავარი არის ის, რომ არასწორი ინფორმაცია არ მივაწოდოთ საზოგადოებას გარკვეულ მოვლენებთან და პროცესებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არაერთი ტყუილი მოვისმინე კონკრეტული დეპუტატების მხრიდან ამ დღეების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით. ეს ძალიან სამწუხაროა და იმედია, ასე არ გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელია განცხადებას, რომ ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს და „ნათელს მოჰფენს ყველაფერს“, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ არსებობს სინამდვილე, რაზეც საუბარი ყველას შეუძლია. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას კომიტეტიდან წასვლის საკითხი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იყო გადაწყვეტილი.

 

„ მე, კონკრეტულ დეპუტატებთან პოლემიკაში ვერ შევალ, ეს არ არის ჩემი ფუნქცია და მისია. რაც შეეხება ნათელის მოფენას, არსებობს ობიექტური სინამდვილე და ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას შეგვიძლია საუბარი. ობიექტური სინამდვილე მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ზაფხულში იყო მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით ეს არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდებოდა სასამართლოს თემას და მითუმეტეს, მოსამართლეების არჩევას. ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ საკითხებთან. სულ სხვა საკითხებთან იყო დაკავშირებული გადაწყვეტილება ქალბატონი ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან წასვლის თაობაზე, სხვა საფუძველი ჰქონდა. შესაბამისად, სამწუხაროდ, არასწორი სარჩული დაედო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულიად სხვა საფუძვლით იქნა რეალურად მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს პარლამენტში დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×