logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველა ფორმატს ვიყენებთ, რომ მაქსიმალურად გავამახვილოთ ჩვენი პარტნიორების ყურადღება ოკუპაციის პრობლემაზე
- +

25 აპრილი. 2019. 15:48

 

„ყველა ფორმატს ვიყენებთ, რომ მაქსიმალურად გავამახვილოთ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების ყურადღება განსაკუთრებით ოკუპაციის პრობლემაზე,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიშთან – „კონფლიქტი საქართველოში“ დაკავშირებით განაცხადა.

 

„აბსოლუტურად ყველა ფორმატს ვიყენებთ, რათა მაქსიმალურად გავამახვილოთ საერთაშორისო პარტნიორების, სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების ყურადღება განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ოკუპაციის პრობლემაზე, ასევე ყველა გამოწვევაზე, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებასა და რეგიონში სტაბილურობასთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, კრიტიკას საფუძველი არ აქვს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკასა და განცხადებებს, რომ ხელისუფლება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხრივ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების მიმართულებით არ მუშაობს, კობახიძის განცხადებით, კონკრეტული აქტივობები ხორციელდება.

 

„არის კონკრეტული ქვეყანა, რომელსაც უკვე შესაბამისი მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული. მაგალითად, მხარდაჭერა ლიეტუვამ გამოაცხადა. ასევე ამერიკასთან და ევროკავშირთან კონკრეტული საუბრები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშესახები იყოს მათი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე. მაქსიმალურად ვაქტიურობთ. ამ აქტიურობაში ჩართულია, როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია. მათ შორის საპარლამენტო ფორმატებში. ყველას მოვუწოდებ, ნაცვლად ასეთი არასწორი განცხადებებისა, საერთაშორისო დონეზე იაქტიურონ, რათა ყველამ ერთად მივაღწიოთ შესაბამის მიზნებს. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს. შესაბამისი რეზოლუცია ორპარტიული სახით ამიტომაც დამტკიცდა. არა მარტო ეს რეზოლუცია, არამედ საგარეო პრიორიტეტების შესახებ რეზოლუცია, რომ საერთო ეროვნულ გამოწვევებთან დაკავშირებით ვთანხმდებით. ნაცვლად ასეთი საუბრისა, სჯობს, ყველამ ყურადღება გავამახვილოთ და აქცენტი ჩვენს ერთობლივ აქტივობებზე გავაკეთოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი ასე გაგრძელდება.

 

ევროპის საბჭომ გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა. ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×