logo_geo
eng_logo
თსუ-ს ლექტორს, რომელმაც სხვისი სიცოცხლე იხსნა, ავტომანქანა წყალმა გასტაცა - „ახლა ამის გახსენება ცუდად მხდის“
- +

13 ივნისი. 2016. 12:53


ადვოკატი და თსუ-ს ლექტორი ლევან ჯანაშია სტიქიას გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეესწრო. მან ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. თავადაც ძლივს დაუძვრა სტიქიას ცოცხალი, თუმცა მისი ავტომანქანა წყალმა წაიღო:


- კოსტავას ქუჩაზე ჩემი ავტომობილით მოვდიოდი, ტელევიზიასთან ვიყავი, რომ მანქანას საბურავი დაეშვა. „ლაგუნასთან" 24-საათიანი ვულკანიზაცია იყო და იქ ჩავედი, რომ შემეცვალა.


- წვიმდა უკვე?


- კი, წვიმდა, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული წვიმა მაგ ტერიტორიაზე არ ყოფილა. მანქანას ბორბალი რომ მოხსნეს, „პატრულმა" ჩამოიარა და გვითხრა, ზოოპარკიდან ლომი თუ ვეფხვია (ზუსტად არ მახსოვს) გაქცეული და შენობაში შედით, მოერიდეთ, არ დაგაზიანოთო.


- იმ დროს იქ წყლის ნაკადი, ის საოცარი ნიაღვარი არ ჩანდა?


- უკვე მოდიოდა, მაგრამ არაფერი ისეთი არ ხდებოდა, რომ ეს საშინელება მოესწავებინა, რაც მერე მოახდინა წყლის ნაკადმა. პატრულის მანქანამ რომ ჩაგვიარა, მერე მოიმატა. მოკლედ, შენობაში შესვლამ მოგვიწია.


- პატრულის გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ წყალი გიახლოვდებოდათ, არ ყოფილა?


- არა, მსგავსი არაფერი, უბრალოდ, შენობაში შედით, მტაცებელმა არ დაგგლიჯოთო.


ბორბალი მოხსნილი იყო და ცხადია, მანქანიდან გადმოსული ვიყავი. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, რომ მხეცები იყვნენ გარეთ, მეც და ხელოსანიც შენობაში შევედით, სადღაც 3-4 წუთში კი დიდი წყალი მოვარდა და შენობა, სადაც ვიმყოფებოდით, მთლიანად მოხსნა და ხეობაში ჩააგდო, წაიღო და ისე გადააყირავა, რომ კარი სახურავის ფორმატში აღმოჩნდა.

 

- სად იყავით იმ დროს?


- მე კარში ვიდექი, ინსტინქტურად, რაღაცნაირად თავის გამაგრება შევძელი და მერე ამოცურვაც, მაგრამ იმ დროს ნაგვის ურნა დამეჯახა და უკან ჩამაბრუნა, ისევ ამოვცურე, თან, რაღაცას მოვეჭიდე და შევნიშნე, რომ მეორე ხელოსანს ცუდად ჰქონდა საქმე, წყალი ზემოდან ასხამდა და ვერ ამოდიოდა. მოვახერხე ისევ ქვემოთ ჩაძრომა, ხელი მოვკიდე, რომ ამომეყვანა. იქვე, უკან რაღაც ჯიხური იყო, რომლის სახურავზედაც ყველანი გაჭირვებით ავძვერით. ამასობაში კიდევ ერთი მანქანა შეეჯახა ხეს და ხის ხარჯზე იქვე გააჩერა, მძღოლი შიგნით იჯდა. იმას დავუძახეთ, ამოდი-თქო, ვერ ამოდიოდა. მერე რაღაცნაირად იწვალა და ამოვიდა სახურავზე, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებოდით. მას ტელეფონი ჰქონდა ხელში შერჩენილი. 112-ში დავრეკეთ. გვიპასუხეს, - სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებით, თუ გადარჩით და წყალმა დაიწია, მერე მოგაკითხავთო. დაახლოებით ასეთი პასუხი იყო.


მერე წყალი იმ ჯიხურსაც მოერია, რაზეც ვიდექით და იქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა. წვალებით ღობეზე ავძვერით და აღარც მახსოვს, როგორ გადავძვერით ზემოთ და იმ პერიოდში შევატყვეთ, რომ ცოტა წყალმაც იკლო.


- ბოლოს სად აღმოჩნდით?


- გმირთა მოედანზე ავედით იმ მოაჯირით, რომელიც იქაურობას საერთოდ გაჰყვება.


- ბრძოლა სტიქიასთან რა პერიოდი გაგრძელდა?


- დაახლოებით, 2-ს აკლდა 15 წუთი, რომ დაიწყო და 4-ის წუთებამდე ვიყავით ტანჯვაში, საათზე მეტხანს.


- მანქანა წყალმა წაიღო?


- ალბათ, სურათები გექნებათ ნანახი და ჩემი ავტომობილი „ლაგუნას" აუზში თავდაყირა რომ გდია, ჩაჭყლეტილი, ის არის. ახლაც იქ არის, დღეს დარეკეს, შეიძლება ამოვიყვანოთო. მანამდე შიგნით, ტერიტორიაზე არ გვიშვებდნენ.

 

- იქ როგორ მოხვდა?


- „ლუკოილის" ავტოგასამართი სადგურის გვერდით რაღაც მოაჯირია, ის გახეთქა, იქიდან გაძვრა და აღმოჩნდა აუზის ტერიტორიაზე. წყლის საოცარმა ნაკადმა და დინების სიჩქარემ მოახდინა ეს.


წყალი ცენტრალური გვირაბიდან ამოვიდა, ამასთან, თამარ მეფის ხიდიდანაც გამოდიოდა, დიაგონალზე იმ პროფილაქტიკისკენ მოდიდოდა. მერე მტკვარმაც რომ ვერ დაიტია ამდენი წყალი, უკან შემოაბრუნა და პირდაპირ იქ გროვდებოდა, სადაც ვიყავით, რაღაც საოცრება ხდებოდა.


- იქვე სხვა ადამიანებიც თუ ჩანდნენ?


- კი, ბევრი ადამიანი იყო, რომლებიც საოცრად წვალობდნენ. ზოგი მანქანაში იყო ჩარჩენილი.

 

- რა დაზიანება გაქვთ?


- მარცხენა ფეხი ვიტკინე, შრატი გამიკეთეს და ახლა პატარა გადახვევები მჭირდება.


დღესაც ვერ ვაცნობიერებ იმას, რაც გადამხდა, პირველი შოკი ის იყო, რომ წყალმა შენობიანად წაგვიღო. ახლა ამის გახსენება ცუდად მხდის. იმ პერიოდში, ერთადერთი, რასაც ვფიქრობდი, ის იყო, როგორ ამოვძვრე-მეთქი.


- ამ ყველაფრიდან, როგორც სამართალმცოდნე, მოქალაქე, რა დასკვნას აკეთებთ?


- ძალიან ცუდად მუშაობს ჩვენი სამაშველო სამსახური. კონკრეტულ ადამიანებზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ თუ გადარჩებით, მერე მოვალთ და გიშველით, მინიმუმ, ამას წყალწაღებულ ადამიანებს არ უნდა გეუბნებოდნენ...



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×