logo_geo
eng_logo
ხვალ ქართული თეატრის დღე აღინიშნება
- +

13 იანვარი. 2018. 21:21



14 იანვარს, 16:00 საათზე, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების" ორგანიზებითა და  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში (გ. ლეონიძის N 11 ა), ქართული თეატრის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.


ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.


ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, მოეწყობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნი-ალბომის - „ვერიკო ანჯაფარიძე" პრეზენტაცია. ალბომი, რომლის ავტორიც, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ჯანბერიძეა, მსახიობის საიუბილეო თარიღს ეძღვნება  და ვერიკო ანჯაფარიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას სრულად ასახავს.


თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება მხატვრულ-ლიტერატურული ინსცენირება - მონო სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის მიერ საქართველოს დრამატული საზოგადოების დაფუძნების შესახებ.


„საქართველოს თეატრალური საზოგადოების" მიერ, ამავე დღეს, „თეატრის მეგობართა კლუბი" დაფუძნდება, რომლის მიზანიც თეატრის განვითარების ხელშეწყობაა.


სპეციალურად თეატრის დღეს დაფუძნდება და გაიცემა ასევე, ორი ჯილდო - დავით სარაჯიშვილის სახელობის ჯილდო -  „ქართული თეატრის მეცენატი", თეატრის თანადგომისა და მხარდაჭერისთვის და ასევე, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო.


ღონისძიებაზე,  შემდეგი პრემიებიც გაიცემა: პეტრე ოცხელის სახელობის პრემია, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია, სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია და აკაკი ხორავას სახელობის პრემია. 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner