logo_geo
eng_logo
პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა
- +

12 ივნისი. 2019. 11:42

 

„პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა, რომლებიც „მეტრომანის“ ბარათების მეშვეობით თანხებს უკანონოდ ითვისებდნენ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშულთან ეფექტიანი ბრძოლა. ამჯერად, სამინისტრომ გამოავლინა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ერთ-ერთი კომპანია 136 ათასი ლარით დააზარალა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი: 1986 წელს დაბადებული რ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ხ., 1988 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1992 წელს დაბადებული ი.მ., 1989 წელს დაბადებული გ.მ. და 1960 წელს დაბადებული დ.ს.

 

დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოტყუებით ქონებრივი დაზიანება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ასევე, ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა.

 

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოქმედებდა და კომპანია „მეტრო სერვის +“-ს აყენებდა ქონებრივ ზიანს.

 

აღსანიშნავია, რომ „მეტრო სერვის +“ მოქალაქეებს სთავაზობს სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობისთვის განკუთვნილ „მეტრომანის“ ბარათებს და ახდენს მათ მიერ გადახდილი თანხების შესაბამისი სატრანსპორტო კომპანიებისთვის გადარიცხვას.

 

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულები აღნიშნული კომპანიის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ აღწევდნენ და „მეტრომანის“ ბარათებზე თანხებს ვირტუალურად ასახავდნენ. შემდგომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბარათს დროებით სარგებლობაში გადასცემდნენ სხვადასხვა პირს - ძირითადად ტურისტებს, რომლითაც ისინი მგზავრობის ღირებულებას იხდიდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს დანაშაულებრივი ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ. კერძოდ, ჯგუფის ორგანიზატორები - დ.ს. და რ.ა. დანაშაულის მთელ პროცესს ხელმძღვანელობდნენ და ჯგუფის წევრებს შორის თანხებს ანაწილებდნენ; გ.მ., გ.ხ. და ნ.ჩ. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე კლიენტებს იზიდავდნენ და მათგან თანხებს იღებდნენ; ი.მ. კი, რ.ა.-სთან ერთად, მობილურ ტელეფონში ჩაწერილი შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ბარათებზე თანხის ვირტუალურად ასახვას ახდენდა.

 

აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყოველდღიურად, მხოლოდ ერთი ბარათის გამოყენებით, დაახლოებით, 200-დან 300 ლარამდე უკანონო შემოსავალს იღებდნენ. საერთო ჯამში, ბარათებზე ხელოვნურად ასახული თანხების ოდენობამ, 2019 წლის დასაწყისიდან დაკავების მომენტამდე, 136 ათასი ლარი შეადგინა.

 

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით „მეტრომანის“ ბარათები, რომლებზეც უკანონოდ იყო ასახული თანხა. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული მოწყობილობა, რითაც ბარათებზე თანხის ასახვა ვირტუალურად ხდებოდა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის I ნაწილით და III ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 284-მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×