logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ზოგჯერ ერთი გაელვება უდრის მთელ ცხოვრებას...
- +

3 აგვისტო. 2017. 21:07


იოსებ მეგრლიძის ნაღვაწის ბიბლიოგრაფია გამოსულა.


შვილი რომ მამის მემკვიდრეობას პატრონობს, ბუნებრივია! გასაკვირი ის იქნებოდა, რომ არ პატრონობდეს.


მაგრამ არიან ადამიანები, ვის სახელსაც, ვის მემკვიდრეობასაც მთელი საზოგადოება უნდა პატრონობდეს და არა მარტო ოჯახი და რამდენიმე ენთუზიასტი.


იოსებ მეგრელიძე სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება და სასიხარულოა რომ ამ წიგნით, რომელიც დედაუნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ეგიდით გამოიცა, კიდევ ერთხელ თვალნათელი გახდება ამ ერთობ დამსახურებული პიროვნების ღვაწლი ქართული მეცნიერების წინაშე. და ახალ თაობას განაწყობს მადლიერების სულისკვეთებით. ასე იწერება ნაღდი ისტორია. ასე ყალიბდება ერის კოლექტიური მეხსიერება.


ბედნიერებაა, როცა მეცნიერულ, აკადემიურ სტილს ამშვენებს პიროვნული თვისებები: სინდისი, უანგარობა, კეთილშობილება, პრინციპულობა, სიკეთის კეთების და გვერდში დგომის სურვილი, სხვისი ღვაწლის და დამსახურების დანახვის, დაფასების უნარი... ერთი სიტყვით რომ გამოვხატოთ ეს და კიდევ სხვა თბილი გრძნობები, ამას კ ა ც ო ბ ა ქვია, ანუ, ამ თვისებების მატარებელ ადამიანებს - ვაჟკაცები!


ჰოდა მივედი მთავარ სათქმელთან: ბატონი იოსებ მეგრელიძე გახლდათ კაცობის განსახიერება, ნამდვილი ვაჟკაცი!


მხოლოდ ერთი ფაქტი, ერთდროულად სამარცხვინო და საამაყო.


სამარცხვინო იმიტომ, რომ 1953 წლის თებერვლის ბოლო დღეებში „ჩაისვარა" არა მარტო მაშინდელმა ხელისუფლებამ, არამედ თავისივე ლანდის მოშიშარმა ინტელიგენციამ, რომელმაც ვერ გაბედა საჯაროდ დაეტირა და ღირსეულად გაეცილებინა უკანასკნელ გზაზე კაცი-ლეგენდა, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი, შემდგომ წმინდანად აღიარებული დიდი ექვთიმე თაყაიშვილი.


საამაყო იმიტომ, რომ ქვეყანას, საზოგადოებას, მთელ ინტელიგენციას სირცხვილი მოწმინდა ოციოდე ადამიანმა, ვინც არ შეუშინდა რეჟიმს, ვინც არ დაკარგა საკუთარი სახე, ძალიან ცოტამ თუ იცის ახალი თაობიდან ის გვარები, რომელთა მაშინდელი გაბედული ნაბიჯი თითქმის თანატოლია ცოტნე დადიანის, მღვდელი თევდორეს და სხვა მსგავსი პატრიოტის ვაჟკაცობისა.


„...4 საათსა და 15 წუთზე გამოასვენეს მიცვალებული აკაკი შანიძემ, იოსებ მეგრელიძემ, ალექსანდრე ჯანელიძემ, კორნელი კეკელიძემ და სიმონ ყაუხჩიშვილმა."


დაიხსომეთ ეს გვარები, გაიკითხეთ სხვებიც, მოუყევით მათ შესახებ შვილებს, შვილიშვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს! უთხარით მათ, რომ ზოგჯერ ერთი ნაბიჯი, ერთი გადაწყვეტილება, ერთი გაელვება უდრის მთელ ცხოვრებას...


ამის გამო გამოვეხმაურე ერთი, თითქოს ჩვეულებრივი, ნორმალური წიგნის გამოცემას, რამეთუ ეს კრებული იმ ადამიანის სახელთან არის დაკავშირებული, რომელიც ამ საამაყო, უვაჟკაცეს, უშიშარ, გამოჩენილ მეცნიერთა და უღირსეულეს მოქალაქეთა ხუთეულში ბრძანდებოდა. და იგი გახლდათ ბატონი იოსებ მეგრელიძე, რომელმაც თავისი მეცნიერული ნაღვაწით მთლიანად მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე, ხოლო თავისი ცხოვრებით მისცა მაგალითი შვილებს, შთამომავლობას, მომავალ თაობებს თუ, როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი ინტელიგენტი, ჭეშმარიტი პატრიოტი და, უბრალოდ, ჩვეულებრივი... კ ა ც ი !!!!





 

right_banner
არქივი
right_banner