logo_geo
eng_logo
ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები პიონჩანგში
- +

9 თებერვალი. 2018. 12:14

 

 

ოლიმპიური თამაშების ისტორია შორეულ  ძვ. წ. აღრიცხვის 776 წელს იღებს სათავეს, როცა პირველი გამარჯვებული, ელადის მკვიდრი კოროიბოსი ზეთისხილის შტოთი შეამკეს. მერე იყო რომის იმპერატორი თეოდოსიუს პირველი, რომელმაც 394 წელს ოლიმპიური თამაშები, როგორც წარმართობის გადმონაშთი, აკრძალა. 

1502 წელი დასჭირდა ამ დიდებული სპორტული ღონისძიების აღორძინებას. ფრანგმა ბარონმა პიერ დე კუბერტენმა ოფიციალურად 1893 წელს წამოაყენა ოლიმპიური თამაშების აღდგენის იდეა. მას მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ და 1896 წელს საბერძნეთის დედაქალაქმა ათენმა პირველ აღორძინებულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. 

შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 245 წარმომადგენელი მონაწილეობდა. თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ამერიკელი სამმხტომელი ჯეიმს კონოლი. მასპინძლებს უდიდესი სიხარული სპიროს ლუისმა მოუტანა, რომელმაც მარათონში გაიმარჯვა.

XX საუკუნის დასაწყისში პიერ დე კუბერტენმა სპორტის სამყაროს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების იდეაც შესთავაზა, მაგრამ მას სკანდინავიის ქვეყნების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, რადგან 1901 წლიდან თავად მართავდნენ „ჩრდილოეთის თამაშებს", რომლებშიც ზამთრის სახეობების უძლიერესი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. 

ამდენად, მსგავსი პარალელური შეჯიბრების მოწყობა სკანდინავიელებს გაუმართლებლად მიაჩნდათ.

ფრანგმა ბარონმა მაინც აისრულა საწადელი: 1924 წელს კუბერტენის სამშობლოში, კერძოდ, ქალაქ შამონში გაიმართა „ზაფხულის VIII ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სპორტული კვირეული" ზამთრის სპორტის სახეობებში, რომელსაც, სოკ-ის 1925 წლის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების სტატუსი მიენიჭა.

იმ წლიდან მოყოლებული, 1992 წლამდე, ზამთრის თამაშები ზაფხულის ოლიმპიადების წლებში იმართებოდა, რაც, ორგანიზაციული თვალსაზრისით, პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, 1992 წლის ალბერვილის XVI ზამთრის თამაშებს ორ წელიწადში ლილეჰამერის XVII ზამთრის ოლიმპიური თამაშები მოჰყვა და მერე რეგულარულად ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.

ლილეჰამერი ქართველებისთვის იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო ოლიმპიურ მოძრაობაში დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით სწორედ 1994 წლიდან ჩაება. ფრანგული შამონის შემდეგ მომდევნო თამაშების მარშრუტი ასეთი იყო: სანკტ-მორიცი (1928 წელი, 11-19 თებერვალი), ლეიკ პლესიდი (1932. 4-15 თებერვალი), გარმიშ-პარტენკირჰენი (1936, 6-16 თებერვალი), სანკტ-მორიცი (1948, 30 იანვარი-8 თებერვალი), ოსლო (1952, 14-25 თებერვალი), კორტინა დ'ამპეცო (1956, 26 იანვარი- 5 თებერვალი), სკვო-ველი (1960, 18-28 თბერვალი), ინსბრუკი (1964, 29 იანვარი-9 თებერვალი), გრენობლი (1968, 6-18 თებერვალი), საპორო (1972, 3-13 თებერვალი), ინსბრუკი (1976, 4-15 თებერვალი), ლეიკ პლესიდი (1980, 13-24 თებერვალი), სარაევო (1984, 8-19 თებერვალი), კალგარი (1988, 13-28 თებერვალი), ალბერვილი (1992, 8-23 თებერვალი), სოლთ-ლეიქ-სითი (2002, 8-24 თებერვალი), ტურინი (2006, 2-26 თებერვალი), ვანკუვერი (2010, 12-28 თებერვალი) და სოჭი (2014, 7-23 თებერვალი).

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით 1994 წლიდან ჩაება ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. მანამდე ჩვენი მხოლოდ ერთი სპორტსმენი - ბაკურიანელი „მფრინავი ტორპედო" კობა წაქაძე გამოდიოდა ტრამპლინიდან ხტომაში. მან ოთხ ოლიმპიადაზე მოსინჯა ძალები:
1956 წელი, VII ოლიმპიადა. კორტინა დ'ამპეცო. 70 მ. ტრამპლინი - 30-ე ადგილი;
1960, VIII ოლიმპიადა. სკვო-ველი. 80 მ ტრამპლინი - მე-9 ადგილი;
1964 , IX ოლიმპიადა. ინსბრუკი. 90 მ ტრამპლინი - 27-ე ადგილი;
1972, XI ოლიმპიადა. საპორო. 70 მ ტრამპლინი - მე-9, 90 მ ტრამპლინი- 35-ე ადგილი.
1994 წელი, XVII ოლიმპიადა, ლილეჰამერი. ზურაბ ჯიჯიშვილი (სწრაფდაშვება)- 47-ე ადგილი, კახა ვახტანგიშვილი, ლევან თიბილოვი (ციგაობა) - 27-ე, კახა წაქაძე: 90 მ ტრამპლინი - 50-ე, 120 მ ტრამპლინი- 55-ე, ლევან აბრამიშვილი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია.


1998, XVIII ოლიმპიადა, ნაგანო. ზურაბ ჯიჯიშვილი (სამთო კომბინაცია) - 25-ე, სოფიკო ახმეტელი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია, ლევან აბრამიშვილი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია, კახა წაქაძე: 90 მ ტრამპლინი - 55-ე, 120 მ ტრამპლინი- 59-ე ადგილი.

2002, XIX ოლიმპიადა, სოლთ-ლეიქი-სითი. ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა) - 27-ე, სოფიკო ახმეტელი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია, რობერტ მახარაშვილი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია, კახა წაქაძე: 90 მ ტრამპლინი - 58-ე, 120 მ ტრამპლინი - დისკვალიფიკაცია.


2006, XX ოლიმპიადა, ტურინი. ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა) - მე-10, ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა) - 28-ე, იასონ აბრამაშვილი: გიგანტური სლალომი - 29-ე, სლალომი-32-ე ადგილი.

2010, XXI ოლიმპიადა. ვანკუვერი. ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა) - მე-14, ოთარ ჯაფარიძე, ელისონ რიდი (ფიგურული ციგურაობა) - 27-ე, იასონ აბრამაშვილი: გიგანტური სლალომი - 46-ე, სლალომი - დისკვალიფიკაცია; ჯაბა გელაშვილი: გიგანტური სლალომი - 50-ე, სლალომი - დისკვალიფიკაცია, ნინი წიკლაური: სლალომი - 50-ე, გიგანტური სლალომი - დისკვალიფიკაცია.

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩვენთვის საბედისწერო აღმოჩნდა: ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საკონტროლო დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ბაკურიანელი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი, რამაც შეძრა არა მარტო საქართველოს დელეგაცია და ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი ოლიმპიური სამყარო. 

უმძიმესი წუთების მიუხედავად, საქართველოს დელეგაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ვანკუვერში დარჩენა და ოლიმპიური პრინციპების ერთგულება, რათა პატივი მიეგო ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ვაჟკაცის ხსოვნისთვის.


ზამთრის ოცდამესამე ოლიმპიურ თამაშებზე სამხრეთ კორეის საკურორტო ქალაქ პიონჩანგში, 4 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ესენი არიან: იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური - სამთო-სათხილამურო სპორტში, ასევე, გიორგი საღოიანი - საციგაო სპორტში და მორის ყვითელაშვილი - ფიგურულ ციგურაობაში.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner