logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: რამაზ ლომინაძე - შეუდარებელი უმცროსი ძმა რომ იყო ჩემთვის, ხატზე დავიფიცებ...
- +

14 აპრილი. 2018. 21:57

 

 

 

მშვიდობით, რამაზ!

************************

 

რამდენიმე დღეა, თავზარდაცემული ვარ.

სახლიდანაც კი ვერ გავდივარ.

რამაზ ლომინაძე!!!

...პირველ კურსზე იყო, ბიძამისმა, კოტიკო ლომინაძემ რომ გამაცნო და მთხოვა, მისთვის უფროსი ძმობა გამეწია. მას შემდეგ 46 წელი გავიდა. ვერ გეტყვით, როგორი უფროსი ძმა ვიყავი მისთვის, მაგრამ ის რომ შეუდარებელი და განუმეორებელი უმცროსი ძმა იყო ჩემთვის, ხატზე დავიფიცებ.

 

ყველაზე უმძიმეს დღეებში გვერდიდან არ მომშორებია. მამხნევებდა. როგორც პატარა ბავშვს, ისე მივლიდა, თავისი ხელით მაჭმევდა და მასმევდა...

 

თან მახლდა, ვითომ პირადი ექიმის რანგში, ყველა უმძიმეს „გარჩევაზე“, დისკუსიაზე, ყველა „დაკითხვაზე“ მრავალრიცხოვან კომისიებსა თუ პირისპირ შეხვედრებისას. ის იყო ჩემი კონტროლიორი, ცენზორი, მრჩეველი და ანალიტიკოსი. მის გარეშე, პრაქტიკულად, ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი, რამეთუ იმ დროს, მოსკოვში, მიუხედავად მრავალრიცხოვან ნაცნობ-მეგობართაგან, ვერავინ შეედრებოდა რამაზს ერთგულებასა და გულშემატკივრობაში...

 

შემდგომშიც გაგრძელდა ძმობა. ჩემი ხელქვეითიც გახლდათ, „დიდ დაწესებულებაში“, თანაც საკმაოდ მაღალ რანგში და იქაც შეუშლელი იყო უფროს-უმცროსობისას, განუმეორებელი - პასუხისმგებლობის გრძნობით და ადამიანებთან ურთიერთობაში. იყო მომენტი, როცა უსამართლოდ მოქცევა დაუპირეს „ბოსებმა“, მაგრამ... ფეხი არ ჩაუვიდათ, რამეთუ რამაზს არ მიეკარა ტალახი, მით უმეტეს ნასროლი იმ კაცუნებისგან, რომლებსაც ღირსება თანამდებობების ატრიბუტი ეგონათ და ახლა, როცა სკამებით გაბღენძილები ვეღარ არიან, „ღირსებაც“ სადღაც „დაეკარგათ“, თუმც, რაც ქონდათ, რას დაკარგავდნენ...

 

აი, რამაზს, ეგ ზნეობრივი სიმდიდრე ქონდა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავაწეულმა, მხრებგაშლილმა ატარა.

 

ამ სიამაყეს ხელს უწყობდა მშობლიურთან ერთად მის მიერ უღირსეულეს მარინა ვეკუასთან შექმნილი ოჯახი, შვილები, უერთგულეს ახლობელ-მეგობართა წრე, თანამოაზრეები, კოლეგები და სტუდენტები, რომელთათვის რამაზი ურთიერთობის ეტალონი გახლდათ და უსაზღვრო პატივისცემის ობიექტი.

 

ამაზე მეტყველებს ის ალალი ცრემლი და მასთან გამოთხოვების გულწრფელ მსურველთა გასაოცარი სიმრავლე.

 

ასეა. თბილისი, საზოგადოება არავის უკარგავს დამსახურებას. მით უმეტეს, ზნეობრივს!

 

არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა მასთან გამომშვიდობებას, ლამის არის გული გამისკდეს. თამაზ ფოფხაძის, სანდრო გლურჯიძის, გოგი დოლიძის, პეტრე შოთაძის შემდეგ არ მეგონა თუ კიდევ მეტკინებოდა ასე დაუნდობლად და დავკარგავდი საფიცარ ახლობელს. მაინც დავკარგე. მოულოდნელად. გაუფრთხილებლად. მოუმზადებლად...

 

მეტი რაღა ვთქვა...

 

P.S. აღარაფერს ვამბობ ახლანდელ ურთიერთობაზე, თუნდაც იმაზე, რომ თავად იყო ორგანიზატორი ჩემთვის გამართული საექიმო კონსილიუმებისა, მათ შორის ბოლოსი, უეცარი გარდაცვალების დღეს რომ უნდა შემდგარიყო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×