logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: თქვენ ვისგან იღებთ მაგალითს?.. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ!
- +

27 ივნისი. 2018. 17:48

 

უინსტონ ჩერჩილი: „თუ კულტურა არ გვექნება, მაშ რისთვის ვომობთ?“

 

***

 

„ფეისბუქმა“ ამომიგდო სამი წლის წინანდელი პუბლიკაცია. საოცარია, ისე „დროულად“(!) და „გამიზნულად“(!) იცის მარკმა „დახმარება“, მოდი და ნუ იეჭვიანებ, რომ... „გისმენენ და თვალს გადევნებენ“ იქ, ოკეანის გაღმიდან.

 

მაგრამ, დავიჯერო მარტო მე „მისმენს“ მარკი? ჩვენ პრეზიდენტს? ან ძველს არ „უსმენდა“, ან ახალ პრემიერს? პარლამენტის თავკაცს? „მორჩილ“ უმრავლესობაზე რომ არაფერი ვთქვათ...

 

ალბათ აქვთ სათანადო არგუმენტები... „რაღაცეები“ თითქოს ახსნეს... და ყველაფერი დადის მართვის და ხარჯების ოპტიმიზაციამდე...

 

მაგრამ არის თემები, არის პრობლემები, რომელიც ამ პრაგმატიზმის ჩარჩოებს ცდება. და ამ პრობლემების გადაწყვეტისას, უპრიანია საზოგადოებასთან მოთათბირება, მისი აზრის მოსმენა მაინც, რამეთუ, დალოცვილებო, საზოგადოებისთვის, ხალხისთვის არ „აკეთებთ“ ამ რეფორმებს?

 

რავა ჯეჯელავასავით იქცევით თქვენც... ან შოთაძესავით... ან ნარმანიასავით... ან ალავიძესავით... ან და ან... მერე გამოხვალთ მორიგი „აღიარებით“, რომ შეცდით... ისევ... ჯერ ქება იცით უსაზღვრო და მერე...

 

ისე, საინტერესო კია, ასეთს რას გასწავლიან იქ, ე.წ. სემინარებსა თუ ტრენინგებზე, რომ ღიღინებთ „მე ვარ და ჩემი ნაბადი“ და „ცა ქუდად არ მიგაჩნიათ და დედამიწა ქალამნად“?

 

როგორ გგონიათ, ინტერნეტზე წვდომა თქვენს გარდა სხვას არვის აქვს? უცხო ენას (ენებს) და კომპიუტერს თქვენს გარდა სხვა არვინ ფლობს? თუ ცხონებული ბესო ჟღენტის მოსწრებულად ნათქვამის არ იყოს, წიგნები, რომლებსაც თქვენ (თუ) კითხულობთ, ერთ ცალად იბეჭდება და ისიც მხოლოდ თქვენთვის?

 

შეკითხვები უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს...

 

ჰოდა, ამასთან დაკავშირებით:

 

ჯერ ერთი, ძალიან, ძალიან, ძალიან მინდა, რომ ეს ვიდეო ნახონ და ყურადღებით მოისმინონ მათ, ვინც ასე ადვილად, მეტისმეტად წუთიერი პრაგმატიზმის სულისკვეთებით წყვეტს საკითხს განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლების დაცვის პრობლემატიკის ერთ სამინისტროში გაერთიანების შესახებ.

 

და მეორე, შეგახსენოთ ქრესტომათიული მაგალითი ჩერჩილის ცხოვრებიდან (აბა, სტალინისას თქვენ როგორ გაგიბედავთ და გაკადრებთ): ფაშიზმთან ომის წლებში, როცა მას - პრემიერს ქვეყნის ბიუჯეტის პროექტი შესათანხმებლად მიუტანეს, იქ ვერ აღმოაჩინა კულტურისთვის განკუთვნილი ხარჯები და იკითხა:

 

- კულტურა?

 

- რა დროს კულტურაა, სერ, ამ გაგანია ომის დროს? - იყო პასუხი.

 

ჩერჩილი: თუ კულტურა არ გვექნება, მაშ რის გულისთვის ვომობთ?

 

და მესამე, ესეც ქრესტომათიიდან:

 

რუზველტმა, ომის დამთავრებას რომ ვარაუდობდა(თუმც, ვერ მოესწრო), ომის შემდგომი პერიოდისთვის მთავრობას დაუსახა სამი სტრატეგიული მიმართულება: თავდაცვა (მუდმივი), გზები (ადრინდელის გაგრძელება) და... განათლება!!!!!

 

გეყურებათ, ბატონებო? მაგრამ ის კი არ უთქვამს, ამ მხრივ ხარჯები შეამცირეთო... ის, რომ ზოგიერთ წამყვან ქვეყანაში კულტურის სამინისტრო არ არის, იმას კი არ ნიშნავს, რომ კულტურა არ აინტერესებთ. იქ სხვა სისტემაა და როცა ოდნავ მაინც მიუახლოვდებით მაგ სისტემებს, მაშინ... აი, საფრანგეთი კი ისეა შეშფოთებული უცხოენოვანი კულტურის მოძალებით, რომ კი არ გააუქმა კულტურის სამინისტრო, დამატებითი რესურსები გამოუყო და საკანონმდებლო დონეზე გაამკაცრა ღონისძიებები, რათა წინ აღუდგეს ფრანგული კულტურის დაკნინების მცდელობას.

 

თქვენ ვისგან იღებთ მაგალითს?...

 

დანარჩენზე მერე ვისაუბროთ!

 

https://www.facebook.com/SovFedInfo/videos/960870200722875/UzpfSTMzNjA2NTA0MzIwMzM5NzpWSzo5NjA4NzAyMDA3MjI4NzU/

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×