logo_geo
eng_logo
„ძალადობით შეწყვეტილი ინტერვიუ“ – ზაზა დავითაიას 18 აპრილი
- +

19 აპრილი. 2019. 14:20

 

შალვა შავგულიძე, რომელიც ჩემი პოლიტპატიმრობის დროს სასამართლო პროცესზე გიგა ბოკერიას ცილისმწამებლური ბრალდებებისგან მიცავდა, დღეს ბოკერიას ზონდერი მომისია!

 

ყველაფერი ასე დაიწყო: კონკრეტულ პირად საქმესთან დაკავშირებით, ზუბალაშვილების ქუჩაზე აღმოვჩნდი და უზენაესი სასამართლოს შენობასთან ხალხმრავლობა და მობილიზებული ჟურნალისტები დავინახე. თავად ჟურნალისტი ვარ და ცხადია, დავინტერესდი, რა ხდებოდა. მიპასუხეს – „ევროპული საქართველოს“ (სახეცვლილი ნაცების) აქციაა და მურუსიძე-ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნას აპროტესტებენო. მურუსიძე-ჩინჩალაძეს გულში გემრიელად შევუკურთხე, მაგრამ ეს ნანაცარი ნაცბიჭვრები მაინც ნეტავ რას ერჩიან თავიანთ ჯიბის მოსამართლეებს-მეთქი და რადგან თემა საინტერესოდ მეჩვენა, გადავწყვიტე, „ასავალ-დასავალისთვის“ რეპორტაჟი მომემზადებინა. გადავიღე ლოზუნგების სურათები და ამასობაში, აქციის ხელმძღვანელი შალვა შავგულიძე გამოჩნდა, რომელსაც ტელეკამერიანი ჟურნალისტები შემოესივნენ.

 

შალვა შავგულიძეს მე 2006 წლიდან ვიცნობ, როცა სააკოვის პირსისხლიანმა რეჟიმმა ბუნებაში არარსებული შეიარაღებული გადატრიალების შეთითხნილი ბრალდებით მე და ჩემი 12 მეგობარი დაგვიჭირა, მაშინ შალვა მაია თოფურიას იცავდა პროცესზე. ცნობისთვის – შარშან სასამართლო პროცესზე ოფიციალურად გამოვცხადდით რეაბილიტირებულებად, პროკურატურამაც და სასამართლო გამოძიებამაც დაადგინა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ნაცებმა მაშინ ბრალი შეთითხნეს!

 

მახსოვს, შალვა მაშინ თავში ხელებს იშენდა – ეს რა დაგმართეს ნაცებმა, ხელისუფლების მხრიდან ასეთი განუკითხაობა და ძალმომრეობა არსად გაგონილაო, არადა, ამჟამად შალვა შავგულიძე იმ პარტიის ლიდერია, რომლის თანალიდერები არიან გიგა ბოკერია (რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ნაცების რიგებში განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა თავის განცხადებებში); გიორგი ღვინიაშვილი (რომელიც ოფიციალურად ფიგურირებს ჩემს რეპრესიაში); გიგი უგულავა (ნაცების ცნობილი სახე და მათი თანამზრახველი); ელენე ხოშტარია (სისხლიანი რეჟიმის შუბლზე სინდისძარღვგამწყდარი გამპრავებელი) და სხვები…

 

როგორც ჟურნალისტმა, საჯაროდ, ყველა წესის დაცვით, შალვას დიქტოფონი მივუშვირე და ათობით სხვა მედიასაშუალების თანდასწრებით ვკითხე – ხომ გახსოვს, პროცესზე ნაცებისგან რეპრესირებულებს რომ გვიცავდი-მეთქი – კი, კარგად მახსოვსო. – მერე, ახლა იმათ გვერდით როგორ დგახარ, ვისგანაც მაშინ გვიცავდი-მეთქი?

 

ეს კითხვა იყო და აყაყანდნენ მისი მომხრეები. უკნიდან ჯერ ერთმა ახლაგაზრდამ მიწოდა პროვოკატორი – თურმე, ჟურნალისტის მხრიდან მწვავე კითხვის დასმა პროვოკაცია ყოფილა! მერე ვიღაცამ მკლავში ხელი მტაცა და ჩემი დიქტოფონიანად გათრევა დამიპირა, არადა, ამას კამერები იღებენ, ხოლო რესპონდენტი შალვა შავგულიძე ჯერ ისევ ჩემს კითხვას პასუხობს! მივუტრიალდი ზონდერს და ვუთხარი – რას აკეთებ-მეთქი. – პროვოკატორი ხარო და შემაგინა. მეც გინებით ვუპასუხე. ზურგში მუშტი დამარტყა და ამ დროს აირია მონასტერი. ერთმანეთს ხმის ჩახლეჩამდე ვაგინებდით, მაგრამ პოლიცია მოვარდა და იმას ხელი არ ახლეს, მარტო მე დამაკავეს!

 

დამაკავეს… წამიყვანეს პოლიციის შუშის შენობაში და შიგნით არც შემიყვანეს, მანქანაშივე დამაწერინეს ახსნა-განმარტება, სადაც ყველაფერი ისე აღვწერე, როგორც იყო. მოკლედ, ახლა სასამართლო პროცესი და „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“ დიდი ჯარიმა მელოდება – ამ ქვეყანაში სამართალი ასე ესმით.

 

ის, ჩემზე თავდამსხმელი ტიპი კი, ბოკერიას პარტიის აქტივისტი და ნაცებისდროინდელი ძველი ზონდერი აღმოჩნდა. ჯერჯერობით, მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

 

შალვა შავგულიძეზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან ვწუხვარ, რომ კაცი, რომელიც ადრე მართლაც სამართლიანობისთვის იბრძოდა, ირინა ენუქიძის ადვოკატი ბრძანდებოდა – ასე სამარცხვინოდ გაკოტრდა. მე მასზე რაღა ვთქვა, როცა თავის თავზე თავად მეტყველებს, როცა ნაცზონდერების გარემოცვაში დაიარება!

 

რაც შემეხება მე… ციხით, შემდეგ ზონდერების თავდასხმებით და სასიკვდილოდ დალეწვებითაც ვერ გამაჩერეს… არც ახლა ვაპირებ გაჩერებას – ვერც ჯარიმით შემაშინებენ! რეაბილიტაციას ხომ მივაღწიე რეპრესიის საქმეზე… ახლაც რკინის ქალამანს ჩავიცვამ და ჩემს სიმართლეს ბოლომდე გავიტან! თანაც, სადაც ჯალათებს და ზონდერებს წაგაწყდებით – დაუნდობლად გამხელთ!

 

მაგრამ თუ ამ სასაცილო სახელმწიფოში მე – ჟურნალისტს და ყოფილ პოლიტპატიმარს, 25 წლის სტაჟით უფლებადამცველს – დამაჯარიმებენ იმის გამო, რომ ჟურნალისტს  კითხვის დასმა არ მაცალეს და ფიზიკურად გამისწორდნენ; რომ როდესაც ჟურნალისტურ საქმიანობაში საჯაროდ, მთელი დუნია ჟურნალისტების წინაშე ხელი შემიშალეს და თუ ზონდერის ნაცვლად ისევ მე დამსჯიან – ვაფრთხილებ ამ ქვეყნის ძალოვნებსაც და ხელისუფლებასაც:

ეს ხუხულა, რომელსაც თქვენ ფასადურად ნიღბავთ და სახელმწიფოს ეძახით – თავზე ჩამოგემხობათ და სათითაოდ ქვეშ მოგიყოლებთ!

 

ახლა კი, სულ, კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონებო!

 

 

ზაზა დავითაია

 

https://aluvionige.wordpress.com/

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×