logo_geo
eng_logo
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ განცხადება
- +

23 ივნისი. 2016. 13:08


უკანასკნელ დღეებში ინტერნეტსივრცეში მკვეთრად იმატა მასალებმა, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის" დისკრედიტაციისკენაა მიმართული.


ვგულისხმობთ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის"დასკვნას, სადაც სააგენტო „ნიუსპრესი" პრორუსულ მედიასაშუალებადაა მოხსენიებული.


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: სააგენტო „ნიუსპრესი" არასდროს ყოფილა და არც არასდროს გახდება „პრორუსული", „პროდასავლური" ან „პროსახელისუფლებო"!


თავისი არსებობის თითქმის 5 წლის მანძილზე სააგენტო ცდილობდა და აღწევდა კიდეც, ყოფილიყო დაბალანსებული მედიასაშუალება და მუდმივად აფიქსირებდა ყველა მხარის პოზიციებს თავისი ფინანსური თუ ადამიანური რესურსის გათვალისწინებით.


მიგვაჩნია, რომ ადგილი აქვს სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რისი მიზეზიც, ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა ვეძებოთ იმაში, რომ „მედიის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელის თამარ კინწურაშვილის მოსაწონ სარედაქციო პოლიტიკას არასდროს გავატარებთ.


როგორც მოგეხსენებათ, ეს ქალბატონი იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორი, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი, შემდეგ კი უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნის გიგა ბოკერიას მოადგილე.

რაც შეეხება საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის" მიერ „უცხოური პრესის" რუბრიკის ქვეშ გამოქვეყნებულ მასალებს, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის ისედაც ცხადია, ხოლო დაინტერესებული პირი ადვილად დარწმუნდება, რომ ასეთ მასალათაგან მხოლოდ 15 პროცენტი უჭირავს რუსული მედიის მიმოხილვას, 75 პროცენტი დასავლური მედიის მიმოხილვას, ხოლო 10 პროცენტი აღმოსავლური და კავკასიის ქვეყნების მედიამასალების მიმოხილვას.


ასე რომ, ამ მიზეზით სააგენტოს „პრორუსულ" მედიად მოხსენიება სასაცილო იქნებოდა, ეს რომ მხოლოდ არაპროფესიონალიზმის ბრალი იყოს.


საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" იტოვებს უფლებას, მისი დიკრედიტაციის მცდელობას წინ აღუდგეს ნებისმიერი სამართლებრივი გზით და მოუწოდებს „მედიის განვითარების ფონდს", გონივრულ ვადაში მოიხადოს ბოდიში საჯაროდ!


წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე აუცილებლად გადაინაცვლებს სასამართლოში, რადგან არ ვაპირებთ, ჩვენი დისკრედიტაციის ხარჯზე, ვინმეს პოლიტიკური ან სხვა სახის მიზნების განხორციელებაში დავეხმაროთ.


 

right_banner
არქივი
right_banner