logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: არ დავუბრუნდებით წარსულ გამოცდილებას ...
- +

11 იანვარი. 2017. 13:05




საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდრემა, მანანა კობახიძემ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო რეფორმების მიზნით შექმნილი წინა კომისიის მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ უსუფაშვილის ხელმძღვანელობით კომისიამ საინტერესო მასალები მოამზადა, რომელთა გამოყენება დღესაც შესაძლებელია.


„ეს არის მზა მასალა. სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ძალიან პროდუქტული იყო. მომზადდა არა მხოლოდ მოსაზრებები, არამედ სამართლებრივი ნორმები, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. იცით, რომ „ქართულ ოცნებას" მაშინ პარალმენტში არ გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ოპოზიცია კი შეგნებულად არ უჭერდა მხარს ცვლილებებს და რა გადაწყვეტილებამდეც არ უნდა მისულიყო კომისია, მისი განხორციელება იურიდიულად თუ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

 

დღეს სხვა მოცემულობაა, თუმცა ეს პროცესი იქნება საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და მათი აზრების გათვალისწინებით", - განაცხადა კობახიძემ.


მან, ასევე, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და ერთპიროვნული მმართველი არ იქნება.

 

„პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილება არ უნდა შეეხოს მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ცვლილებები, თუკი განხორციელდება, უნდა იყოს მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომ პერიოდზე გათვლილი. გადაწყვეტილება, საბოლოოდ, კონსენსუსის შედეგად უნდა მივიღოთ. წინასწარ გამზადებული რეცეპტი არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს. ერთადერთი, ვთანხმდებით, რომ არ დავუბრუნდებით წარსულ გამოცდილებას, როდესაც სააკაშვილის დროს პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და პრაქტიკულად ერთპიროვნული მმართველი. ამაში ნამდვილად ვთანხმდებით, სხვა დანარჩენზე - იქნება ეს კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა თუ შერეული მოდელი - გადაწყვეტილებას მივიღებთ საზოგადოებრივი განხილვებისა და კონსენსუსის შედეგად", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner