logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ელისო კილაძე საკმაოდ ფართო დანაშაულებრივი ქსელის „მეპატრონეა“!
- +

18 მაისი. 2017. 17:04


 

დღეს იმდენად ბევრი სენსაციური მასალა ქვეყნდება ელისო კილაძის შესახებ, გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ ვაპირებდი ამ ორომტრიალში ჩაბმას, თუმცა, როგორც ხედავთ, მაინც მიწევს ამის გაკეთება. მიზეზი ამისა კი ის გახლავთ, რომ მიუხედავად კილაძის მაკომპრომეტირებელი ფაქტების სიუხვისა, რომლებშიც მართლაც ბევრი რამ არის გამაოგნებელი და სკანდალური, ჩემი აზრით, მაინც უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა: რასთან და ვისთან გვაქვს საქმე ჟურნალისტის მანტიამოსხმული ამ ქალბატონის სახით, რომლის "მოღვაწეობა", კარგა ხანია, გასცდა ჟურნალისტიკის ფარგლებს და, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, სახელმწიფოსთვის საშიში და სახიფათო ხასიათი მიიღო.


იქმნება შთაბეჭდილება, რომ ელისო კილაძის სახით, რომელიც ხუთი წელია, "რადარებიდან" არ ჩამოდის, მოქმედებს კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც აბუჩად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, ეჭვქვეშ აყენებს საერთოდ სახელმწიფო სტრუქტურების არსებობას, შეურაცხყოფს, ცილს სწამებს, ლაფსა და ტალახში სვრის ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გაბედავს და პროტესტს გამოთქვამს იმ უმსგავსობის წინააღმდეგ, რასაც კილაძე და მისი გასაიდუმლოებული ჯგუფი სჩადის, აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლებიც, წესით და რიგით, შესაბამისი სტრუქტურების სეიფებში უნდა იყოს დაცული, ჰყავს ინფორმატორების, როგორც მათ კილაძე მოფერებით ეძახის, _ "ჩიტების" მთელი გუნდი, აქვს 42-გვერდიანი გაზეთი, რომლის შენახვასაც ძალზე სერიოზული თანხები სჭირდება, მაგრამ კილაძისთვის ესეც არ წარმოადგენს რაიმე პრობლემას. როგორც თავად კილაძე ამბობს, ფლობს გაურკვეველი გზებით მოპოვებული ფარული აუდიო და ვიდეო-ჩანაწერების უზარმაზარ ბიბლიოთეკას და ა. შ. და ა. შ.


მოკლედ რომ მოვჭრათ, კილაძე კი არა, რაღაც გასაიდუმლოებული ორგანიზაციაა, რომელიც ძალზე დახვეწილი, მზაკვრული მეთოდებით ეფექტურად ებრძვის და შეძლებისდაგვარად ძირს უთხრის და აზიანებს სახელმწიფოს, ქართული სახელმწიფო კი დამნაშავესავით თავჩაქინდრული დგას და მორჩილად იტანს ყველაფერს.


არაფერი არ მეჩვენება, არაფერი მელანდება, არაფერს ვაზვიადებ _ ელისო კილაძე და მისი იატაკქვეშა "დეპარტამენტი" განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსთვის, რომელსაც კილაძემ და მისმა დაჯგუფებამ უკვე მიაყენა სერიოზული ზიანი.


ელისო კილაძე დესტრუქციული ძალაა, რომელიც შლის, ხლეჩს საზოგადოებას, თესავს ეჭვს, უნდობლობას, ერთმანეთთან აპირისპირებს ადამიანებს, რომლებსაც მანამდე ნორმალური, ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობა ჰქონდათ.


ბევრი, მათ შორის მეც, იმ მანიპულაციების და ინტრიგების შედეგად, რომელთა ხლართვის დიდოსტატიც ბრძანდება ეს ქალბატონი, ისეთ ადამიანებს გადამკიდა მტრად, რომლებთანაც მანამდე კარგი სალმისა და პატივისცემის გარდა არაფერი მაკავშირებდა.


მას შეუძლია, გუშინდელი მეგობარი დღეს ყველაზე ბინძური ეპითეტებისთვის გაიმეტოს, კოლეგა ქალბატონს სამლარიანი "მინეტჩიცა" უწოდოს და თან ისიც დააყოლოს, რომ ქალბატონის ვაჟისთვის ამ ამბის შეტყობინებას აპირებს. მას შეუძლია, ადამიანს, რომელსაც მამას, მასწავლებელს, მის ყველაზე დიდ მოამაგეს უწოდებდა, წყალში ჩაუყაროს ყველაფერი და შემაძრწუნებელი უტიფრობით ათასგვარი სისაძაგლე დააბრალოს.


მას არ უმუშავებს ნორმალური ადამიანისთვის დამახასიათებელი შემაკავებელი რეცეპტორები, ის იქცევა როგორც მანქანა, რომელსაც მუხრუჭებმა უმტყუნა და თავდაღმართზე დაქანებული მიდის და ლეწავს ყველაფერს, რაც გზად ხვდება.


ის „სიცრუის მანქანაა", თუმცა იმდენად არაქაური და არაქართული ბუნებისაა, ვფიქრობ, ეს „მანქანა" ქუთაისში არ უნდა იყოს "აწყობილი"...


ასეთ „მანქანებს" საბჭოთა პერიოდში აწყობდნენ ხოლმე სპეციალურად ამ „საქმისთვის" გამოყოფილ „ქარხნებში".


*  *  *


იმ საქმეებს, რომლებსაც კილაძეა შეჭიდებული, ერთი ადამიანი, რაც უნდა დიდი ენერგიის და შესაძლებლობების იყოს იგი, ვერ მოერევა.


ცხადია, მას ჰყავს თანამზრახველები და "პადდელნიკები", თუმცა ისინი ოფიციალურად არსად ჩანან.


საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ მასალებს თუ დავუჯერებთ, კილაძე ფულს აკეთებს თურმე, მაგრამ ამ ფულს ის ვერ გააკეთებდა, რომ არ ჰყოლოდა საქმის მიმცემები სხვადასხვა სტრუქტურებიდან, ბიზნესწრეებიდან, პოლიტიკური ჯგუფებიდან.


ამ ადამიანების ვინაობა ჯერჯერობით არავინ იცის, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ისინი არსებობდნენ და არსებობენ დღესაც, რომელთა ვინაობასაც, წესით და რიგით, სათანადო ორგანოები უნდა იძიებდნენ და უნდა იკვლევდნენ თუნდაც მედიაში თუ სოციალურ ქსელებში გაჟღერებული საგანგაშო ინფორმაციების მიხედვით.


ასეა თუ ისე, კილაძე, ამ ინფორმაციებს თუ სარწმუნოდ ჩავთვლით, საკმაოდ ფართო დანაშაულებრივი ქსელის „მეპატრონეა", რომლის მოქმედების სფეროც ასევე საკმაოდ ფართო და მასშტაბური უნდა იყოს.


კილაძის და მისი იატაკქვეშა "დეპარტამენტის" მომსახურებით, რომელიც, სავარაუდოდ, საკმაოდ ძვირი ჯდება, როგორც ჩანს, ბევრი სარგებლობდა.


კილაძის პოპულარულ "დეპარტამენტს", გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, იყენებდნენ პოლიტიკოსები პოლიტიკოსების, ზოგჯერ თავიანთი თანაგუნდელების წინააღმდეგ, ბიზნესმენები ბიზნესკონკურენტების ჩასაძირად, ესა თუ ის ჯგუფი მეორე ჯგუფის გზიდან ჩამოსაცილებლად, თუმცა ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანი წვრილმანებია იმ მთავარ მიზანთან და ამოცანასთან შედარებით, რასაც კილაძე და მისი `დეპარტამენტი~ ემსახურებოდა და ემსახურება დღემდე.


ეს მთავარი მიზანი და ამოცანა კი შემდეგში მდგომარეობს _ "ქართული ოცნების", როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის, დემორალიზება და დისკრედიტაცია, ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა და მათი სრული ქმედითუუნარობის დემონსტრირება, "ქართული ოცნების" რიგებში უნდობლობის, ეჭვის, შუღლის ჩათესვა და, რაც მთავარი და უპირველესია, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში დისონანსის შეტანა და ცრუ კომპრომატებით, ცრუ ბრალდებებით იმ ადამიანებისთვის სახელის გატეხვა, რომლებიც განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდნენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მისი მხრიდანაც განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდნენ.


ყოველივე ეს, ერთად აღებული და ერთად დაგროვილი, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის (მაშინ, როცა ივანიშვილი ხელისუფლებაში იყო) დასასუსტებლად იყო მიმართული, რასაც კილაძე და მისი "დეპარტამენტი" ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც მეტ-ნაკლები წარმატებით აგრძელებს.


ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს ებრძოდა მაშინაც კი, როცა მის მხარდამჭერად და მეგობრად ასაღებდა თავს. მისი პუბლიკაციები, მისი მოსაზრებები და განცხადებები, იმ ფორმით და შინაარსით, როგორც ამას ეს ქალბატონი აკეთებდა, იყო ზედმიწევნით ზუსტად გათვლილი კომპრომატი, გამიზნული ივანიშვილის ავტორიტეტის შესალახად.


გახსოვთ, ალბათ, "ქრონიკა+"-ის ფურცლებზე გამოქვეყნებული მისი წერილები, სადაც ქალბატონი ელისო საქმეს ისე წარმოაჩენდა, თითქოს ივანიშვილთან და მის უახლოეს გარემოცვასთან  იმდენად დაახლოებული პირი იყო, რომ ზუსტად იცოდა, რა ხდებოდა სახელისუფლო კულუარებში _ ვის ხსნიდნენ, ვის ნიშნავდნენ, ვის უპირებდნენ დაჭერას, რა ცვლილებებს გეგმავდნენ და ა. შ.


ეს ყველაფერი კი ისეთი ქვეტექსტებით და მინიშნებებით იყო მიწოდებული საზოგადოებისთვის, თითქოს ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც ქ-ნი ელისო და ბატონი ბიძინა ერთად მიირთმევდნენ ჩაის და სამთავრობო ცვლილებებს და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს ერთად, ერთმანეთთან შეთანხმებით წყვეტდნენ.


გადაფურცლეთ ბოლო წლების პრესა, წაიკითხეთ კილაძის ინტერვიუები, გაეცანით მის პოლიტიკურ "ხილვებს" და "წინასწარმეტყველებებს", მის ანალიზს, მის პროგნოზებს და დამეთანხმებით, რომ ის საუბრობს, როგორც "მეფესთან" განდობილი პირი, მისი პირველი ვაზირი, მისი მთავარი მესაიდუმლე.


_ მე ბიძინა ივანიშვილის ხმა ვარ! _ ხუმრობანარევი კილოთი ამბობდა თურმე ქ-ნი ელისო კოლეგა ჟურნალისტებთან, პოლიტიკოსებთან, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებთან და ისინიც იჯერებდნენ, რომ ქ-ნი ელისო კი არ ხუმრობდა, სიმართლეს ამბობდა, ოღონდ ხუმრობის ფორმით.


აი, რატომ იდგა კილაძის რედაქციის კარებთან "შემომწირველთა", საქმის ჩაწყობის მსურველთა რიგი, როგორც ამას "რეპორტიორის" ერთ-ერთი რესპონდენტი ამტკიცებს.


როცა "ქრონიკა+"-მა ირაკლი ღარიბაშვილზე და ე. წ. კახურ კლანზე მასირებული შეტევა დაიწყო, ბევრმა ჩათვალა, რომ ეს იყო "ზემოდან", პირველი მოქალაქისგან დაგეგმილი შეტევა, თუმცა, როგორც საქმეში კარგად ჩახედული პირები ამბობენ, ამ ამბავთან ბიძინა ივანიშვილს არანაირი შეხება არ ჰქონდა და სინამდვილეში ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართულ  ამ "სპეცოპერაციას" ერთი გავლენიანი ჯგუფი აფინანსებდა, რომელსაც თავისი ფავორიტით სურდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის ჩანაცვლება.


მართალია, ღარიბაშვილი გადადგა, მაგრამ ჯგუფის მიერ დასახული მიზანი მაინც ვერ განხორციელდა _ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სულ სხვა პიროვნება დაინიშნა.


ამის შემდეგ "წინასწარმეტყველი" ელისაბედი "პლასტინკას" ცვლის და ინტენსიურად იწყებს საუბარს  იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს ყიდის და საქართველოდან მიდის.


ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა პოლიტიკურ წრეებზე, საზოგადოებაზე, რომელიც ზუსტად იმეორებდა "ნაცმოძრაობის" ფანდებს, რომლითაც ისინი ივანიშვილს ებრძოდნენ და გამუდმებით ავრცელებდნენ ჭორებს, რომ ივანიშვილს უკვე ბარგი აქვს ჩალაგებული და ხვალ-ზეგ საზღვარს გადაჰკვეთს. ცოტა ხანში ახალი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ივანიშვილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი და საქართველო დატოვა.


როგორც ვთქვით, ზუსტად იმავეს აკეთებდა ქალბატონი კილაძეც და, დიდი ალბათობით, იმავე პოლიტიკური გუნდის მითითებით.


ერთ მშვენიერ დღეს, მასმედიასთან შეხვედრის დროს, კილაძის მიერ შეთხზული ზღაპარი ბიძინა ივანიშვილთან მისი პოლიტიკური "ნათელ-მირონობის" და საიდუმლო "თანამშრომლობის" შესახებ საპნის ბუშტივით გასკდა.


როცა დარბაზში მყოფი ელისო კილაძე წამოდგა და რაღაც კითხვა დასვა, ბიძინა ივანიშვილმა მისი დანახვისას ჩვეული გულწრფელობით, ცოტათი გაკვირვებულმა და გაოცებულმა წამოიძახა: _ ეს თქვენ ხართ ელისო კილაძე? კარგია, რომ გნახეთ...


პროვოკატორი ხართ თქვენ, პროვოკატორი!


აკი, რამდენიმე წელი "გვინამიოკებდით", ქალბატონო ელისო - ივანიშვილთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს და მე ივანიშვილს ხმა ვარო?!


ამ დროს კაცმა პირველად გნახათ და ისე გაუხარდა თქვენი ნახვა, როგორც დეტექტივს შეიძლება გაუხარდეს დიდი ხნის განმავლობაში ძებნაში მყოფი პირის უეცარი შემოფეთება.


*  *  *


ელისო კილაძემ და მისმა გაზეთმა "საერთო გაზეთის" ყურადღება პირველად მაშინ მიიქცია, როცა "ქრონიკა+"-ში ერთიმეორის მიყოლებით გამოქვეყნდა "დოკუმენტები", რომლითაც "მტკიცდებოდა", რომ "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი თითქოს „ნაცმოძრაობის" დროინდელ უშიშროების სამსახურს ჰყავდა "დავერბოვკებული" და გადაბირებული, ახლა კი, როცა ეს ადამიანები "ქართული ოცნების" რიგებში აღმოჩნდნენ, თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ისინი მათ დავალებებს ასრულებდნენ, ვინც ისინი "დაავერბოვკა".


ამ "დოკუმენტების მიხედვით, ეს დეპუტატები, ფაქტობრივად, "ქართულ ოცნებაში""ნაცმოძრაობის" მიერ ჩანერგილი აგენტები იყვნენ.


გამაოგნებელი, შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო, რომელიც არა მარტო კონკრეტულად ამ დეპუტატებს, არამედ მთელი "ქართული ოცნების" დეპუტატთა კორპუსს აყენებდა ჩრდილს და მის რეპუტაციას სერიოზულად ლახავდა.


დიდად თავმოსაწონებელი არაფერია იმაში, თუ ვიტყვით, რომ სწორედ "საერთო გაზეთი" იყო პირველი, რომელმაც კილაძის ჟურნალისტური საქმიანობის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანა, რასაც კილაძის მხრიდან პირადად ჩემი და რედაქციის სხვა თანამშრომლების მისამართით ათასგვარი ცილისწამება და სიბინძურის ნიაღვარი მოჰყვა, რაც თითქმის ორი წელიწადი გაგრძელდა.


"საერთო გაზეთი" ამ "დოკუმენტების" გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შემდეგ კითხვას სვამდა: როგორ მოხდა, რომ დოკუმენტები, რომელთაც გრიფი „საიდუმლო" ადევს და რომლებიც შესაბამისი სახელმწიფო უწყების სეიფებში უნდა იყოს ჩაკეტილი და დაცული, კერძო პირის ხელში ხვდება, შემდეგ კი გაზეთის ფურცლებზე საჯაროვდება?


ჩვენ კატეგორიულად ვთხოვდით პროკურატურას, შსს-ს, სუს-ს, დაუყოვნებლივ დაეწყოთ გამოძიება და ეს ზესკანდალური საქმე საფუძვლიანად შეესწავლათ, თუმცა, ჩვენს თხოვნას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.


არადა, საქმე ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს თემას _ იქ, სადაც ასე ადვილად ხელმისაწვდომია დოკუმენტების ნაწილი, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო" ადევს, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ სხვა, კიდევ უფრო სერიოზული მნიშვნელობის დოკუმენტები ასევე იოლად ხელმისაწვდომი და ადვილად მოსაპოვებელი არ არის ნებისმიერი მსურველისთვის.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ გაზეთში გამოქვეყნებული "დოკუმენტები"ბეჭდური სახით იყო წარმოდგენილი, არადა, როგორც ამ საქმის პროფესიონალი მცოდნეები ამტკიცებენ, პირს, რომელსაც თანამშრომლობაზე ითანხმებენ, აუცილებლად ხელით აწერინებენ ტექსტს.


თუ ეს ასეა, გამოდის, რომ "ქრონიკა+"-მა ყალბი, ფალსიფიცირებული მასალები გამოაქვეყნა და ეს გააკეთა მიზანმიმართულად და შეგნებულად, რაც, თავის მხრივ, საკმაოდ მძიმე დანაშაულია.


ჩამოთვლილ გარემოებებთან ერთად, არის კიდევ სხვა საყურადღებო დეტალები, რომლებიც ერთობლიობაში სრულ, აბსოლუტურად მოტივირებულ საბაბს იძლეოდა გამოძიების დასაწყებად.


ჩვენი თხოვნა ასე მთავრდებოდა  _ თუ ქართული სახელმწიფო  არსებობს, ეს საქმე გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს.


_ არ არსებობს სახელმწიფო, არა! _ გვიპასუხა კილაძემ.


რა ვქნათ ახლა ჩვენ? მართლა დავუჯერიოთ ქალბატონ ელისოს და მართლა ვირწმუნოთ, რომ სახელმწიფო არ არსებობს და სწორედ ამიტომ არის ასე გაპარპაშებული ეს პატივცემული მანდილოსანი?


ელისო კილაძე, "ქართულ ოცნებაში" "ქართული ოცნების" დეპუტატების სახით "ჩანერგილი" "აგენტების" "მხილების" და "გაშიფვრის" შემდეგ "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებსაც მიადგა და მათი დისკრედიტაციის მიზნით არაერთი "მრისხანე" პუბლიკაცია გამოაქვეყნა თავისი გაზეთის ფურცლებზე, რომლებიც სავსე იყო თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით, გაყალბებული და ხელოვნურად დამახინჯებული ფაქტებით, პატივისა და ღირსების შემლახველი ეპითეტებით.


მაშინ, როცა ელისო კილაძე ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" მხარდამჭერის და გულშემატკივრის როლს თამაშობდა, ჩვენ ვაფრთხილებდით "ქართულ ოცნებას", რომ ეს ქალბატონი, სინამდვილეში, სწორედ "ნაცმოძრაობის" წისქვილზე ასხამდა წყალს და ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ინტერესებს ემსახურებოდა.


მაშინ ბევრს არ სჯეროდა ეს, მაგრამ გავიდა მცირე ხანი და კილაძე უკვე ღიად და დაუფარავად შეუერთდა თავის ფარულ მოკავშირეებს და პარტნიორებს.


დღეს უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ელისო კილაძე "ნაცმოძრაობის" და მისი პოლიტიკური განაყოფების თამაშს თამაშობს, თუმცა, თავის დროზე ყურადღებით რომ დაკვირვებოდნენ მის სვლებს, ადვილად მიხვდებოდნენ, რომ ის მაშინაც "ნაცმოძრაობის" საქმეს აკეთებდა, როცა "ქართული ოცნების" მესვეურებს ეგონათ, რომ კილაძე მათი მეგობარი იყო.


ახლა უკვე ყველამ იცის, რომ კილაძე მჭიდროდ თანამშრომლობდა "ნაცმოძრაობის"ელიტასთან და თვით მიხეილ სააკაშვილთანაც.


დიახ, ახლა ყველას სჯერა, რომ კილაძე "ნაციონალების" კადრია, მაგრამ რატომ არ დაიჯერეთ ეს მაშინ, როცა "საერთო გაზეთი", ობიექტური და მიუკერძოებელი ანალიზის საფუძველზე აცხადებდა, რომ ელისო კილაძე "ნაცმოძრაობის" მიერ იყო შეგზავნილი "ქართულ ოცნებაში", რომ ის "ნაცმოძრაობის" ყულაბიდან ფინანსდებოდა, რომ მას კავშირები ჰქონდა ემიგრაციაში წასულ ნაცებთან და ა. შ.


დრო გაივლის, კიდევ ბევრი კილაძე გამოჩნდება "ქართულ ოცნებაში", რომლებიც შიგნიდან ღრღნიან მის სხეულს, შიგნიდან ფიტავენ და ასუსტებენ მას, ათასგვარი ხერხებით ებრძვიან წესიერ და პატიოსან ადამიანებს, რომლებიც "ქართული ოცნების"მთავარ საყრდენს წარმოადგენენ.


ფაქტობრივად, ეს მეხუთე კოლონაა, რომლის დროულად განეიტრალება თუ არ მოხდა, "ქართული ოცნებიდან" შეიძლება ბევრი არაფერი დარჩეს.


კი ბატონო, ნურც ამას დაგვიჯერებთ, მაგრამ დამახსოვრებით მაინც დაიმახსოვრეთ და იმ დროს გაიხსენეთ, როცა ეს პროგნოზი შეიძლება რეალობად იქცეს...



*  *  *


მოწინააღმდეგის დასუსტების, შემდეგ კი მისი საბოლოო დამარცხების, ერთ-ერთი და კარგად აპრობირებული მეთოდია, შემოაცალო მას საიმედო და ერთგული ადამიანები, ეჭვის და უნდობლობის შხამი ჩააწვეთო ყველას მიმართ, ვინც კრიტიკულ სიტუაციაში მას არ უღალატებს და ზურგში დანას არ ჩასცემს.


ამ მიზანს რომ მიაღწიო, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ბინძური ჭორი გაავრცელო ამ ადამიანებზე, შეთხზა არარსებული ისტორიები, ერთმანეთში აურიო ტყუილი და მართალი, სისტემატურად გაავრცელო დეზინფორმაციები, დააბრალო ნებისმიერი სისაძაგლე და ა. შ.


დღეს კილაძეს, ანუ იმ გუნდს, რომლის მიზნებს და ამოცანებს ახორციელებს და ახმოვანებს კილაძე, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან ორი მთავარი სამიზნე ჰყავთ ამორჩეული _ უჩა მამაცაშვილი და სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი.


დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ ეს არჩევანი შემთხვევით არ არის გაკეთებული და ამ არჩევანის ქვეტექსტი და დაფარული შინაარსი არა მხოლოდ პერსონალურად ამ ორი ადამიანის, არამედ, საბოლოო ჯამში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული.


როგორც ჩანს, ეს ორი ადამიანი რაღაცით ძალიან უშლის ხელს ზემონახსენებ გუნდს და მათი გზიდან ჩამოშორებით ფიქრობენ, რომ მოშლიან იმ ბარიერებს, რაც მათ საშუალებას არ აძლევს, ზუსტი და დამაზიანებელი დარტყმები მიაყენონ ბიძინა ივანიშვილს.


უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია, იცნობენ როგორც კეთილსინდისიერ, გულისხმიერ და უღალატო ბუნების ადამიანს, რომელიც გამოირჩევა კაცთმოყვარეობით, ჰუმანურობით, წესიერებით. როგორც ჩანს,  სწორედ ამ თვისებების გამო უყვარს იგი გამორჩეულად ბატონ ბიძინას, რაც მას არაერთხელ უთქვამს ხმამაღლა და, რაც, შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი სიგნალი იმ მასირებული შეტევისა, რასაც დროგამოშვებით ახორციელებენ მამაცაშვილის გასანეიტრალებლად.


რამდენადაც ვიცით, ეს არ არის პირველი შეთხვევა, როცა მამაცაშვილს შავ პიარს უგორებენ და ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მის მიმართ ნდობა დაეკარგოს.


ბატონი ბიძინა ფხიზელი და გამჭრიახი გონების კაცია და, ცხადია, მისი შეცდომაში შეყვანა ადვილი საქმე არ არის, მაგრამ ივანიშვილის მტრები, რომლებიც ზოგჯერ ახერხებენ, რომ მოყვრის ნიღაბი მოირგონ, მაინც არ ცხრებიან და სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა რაკურსიდან ცდილობენ მამაცაშვილისთვის სახელის გატეხვას.


მეორე სამიზნე, რომელსაც კილაძე და მისი "სნაიპერები" თითქმის ერთი წელია, ცეცხლს უშენენ, სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილია.


ერთი წელია, "ქრონიკა+"-ის ყველა ნომერში იბეჭდება ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს მოკლებული, ცინიზმით და უტიფრობით გაჯერებული, აბუჩად ამგდები და ღირსების შემლახველი წერილები გოგაშვილის წინააღმდეგ.


ფაქტობრივად, ეს არის კამპანია, რომელმაც კარგა ხანია, მიიღო პიროვნების ორგანიზებული და მიზანმიმართული დევნის ხასიათი.


გოგაშვილი ვინმე დაბალი რანგის ჩინოვნიკი ხომ არ არის, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მეორე პირია და როცა მას აბუჩად ამგდები კილოთი ელაზღანდარები და "ეკაჩავები", ამით იმაზე მიანიშნებ, რომ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური იმდენად სუსტია თურმე, რომ ნებისმიერ შანტაჟისტს და პროვოკატორს შეუძლია "დააჩმოროს".


სინამდვილეში, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი და მონოლითური, როგორიც დღეს არის და ამაში სოსო გოგაშვილსაც დიდი წვლილი მიუძღვის.


კილაძისა და მისი "დეპარტამენტისთვის", რა თქმა უნდა, არაფერს ნიშნავს, რომ საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას და სიმშვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალი აკრავს გარშემო.


ეს, სხვა სტრუქტურებთან ერთად, ცხადია, სუს-ის და მისი ხელმძღვანელების დამსახურებაცაა, რაც არ შეიძლება კილაძემაც არ იცოდეს, მაგრამ მას სხვა დავალება აქვს მიღებული _ განამტკიცოს და გაამყაროს "ნაცმოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ შემოგდებული აზრი, რომ "ქართული ოცნების" სახელისუფლო სტრუქტურები, მათ შორის, სუს-იც, აბსოლუტურად უნიათო და უუნაროა, ასეთი ხელისუფლება კი, ლოგიკურ დასკვნას თუ გავაკეთებთ, დაუყოვნებლივ შესაცვლელია.


ეს არის ერთი მიზეზი, რის გამოც კილაძე და მისი "დეპარტამენტი" ამდენ ქაღალდს აფუჭებს და ამდენ ენერგიას ხარჯავს სუს-ის გასაბიაბრუებლად, თუმცა, არის მეორე მიზეზიც, რაც გახდა საბაბი იმისა, თუ რატომ აიკვიატეს და ამოიჩემეს კილაძემ და მისმა ზონდერჟურნალისტებმა მაინცდამაინც სოსო გოგაშვილი.


საქმე ის არის, რომ სოსო გოგაშვილმა სუს-ში მუშაობა, როგორც იტყვიან, სუფთა ფურცლიდან დაიწყო. მას, როგორც ზოგიერთებს, არ ამძიმებს წინა ხელისუფლებებთან თანამშრომლობის ტვირთი და, აქედან გამომდინარე, არაფრით არის ვინმესგან დავალებული ან ვინმესთან ანგარიშვალდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი კაცის გარედან მართვა ან მასზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია.


ასეთი უხერხული, სახიფათო და ყოვლად მიუღებელი ფიგურაა "ნაცებისთვის", მათი სატელიტი პარტიებისთვის, ნაცებთან ნაბალახევი ბიზნესწრეებისთვის სოსო გოგაშვილი, რომელმაც, მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ზედმიწევნით კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვის რა ცოდვა-ბრალი უმძიმებს სულს.


ელისო კილაძე და მისი მდედრობითი სქესის სანჩო პანსა მაკა მოსიაშვილი სოსო გოგაშვილს ხშირად ახსენებენ, რომ ის ერთი უბრალო ოჯახიდანაა, მდაბიოა, რომელიც სიყმაწვილის ასაკიდან ფიზიკურად შრომობდა და პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს.


საინტერესოა, როდის აქეთ გახდნენ ელო და მაკა "სვეტები" და როდის აქეთ გახდა პატიოსანი შრომა ამ `სვეტების~ დასაცინი და საქილიკო?


*   *   *


ამ წერილში ხშირად ვიმეორებ ელისო კილაძის სახელსა და გვარს, თუმცა პირადად ჩემთვის, როგორც ზემოთ ვთქვი, ცხადზე ცხადია, რომ ამ გვარ-სახელის უკან ადამიანთა სერიოზული გუნდი დგას, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის წინაპირობებს ამზადებს.


ელისო კილაძე ამ გუნდის კრებსითი სახელია, ხოლო თვითონ ამ გუნდის სრული შემადგენლობის გამოაშკარავება, მათი ბნელი სქემების და ბნელი ზრახვების გაშიფვრა, ჟურნალისტების შესაძლებლობებს აღემატება - ეს შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა გააკეთონ.


თუ ეს არ მოხდა, ელისო კილაძესთან „შაირობა" და „კაფიობა" სწორედ რომ ქალბატონ ელისოს აძლევს ხელს და იმათ თვალში, ვისაც იგი პოლიტიკის უღრანებში „სანადიროდ" ჰყავს გაშვებული, მის ფიგურას წონას და ფუნქციას ჰმატებს.


ამიტომაც ელისო კილაძესთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ.


რაც არ უნდა მოჩმახოს მან ჩემზე და რაც არ უნდა მომიგონოს, მე კილაძესთან საქმე არ მაქვს, მე საქმე მაქვს საქართველოს პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან - დროულად გამოიძიეთ ამ ქალბატონის და მისი იატაკქვეშა „დეპარტამენტის" საქმიანობა, რომელსაც აშკარად დაჰკრავს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ელფერი.


...ამ წერილს რომ ვწერდი, რატომღაც სულ მახსენდებოდა ე. წ. ციანიდის საქმე და დეკანოზი გიორგი მამალაძე.


მე არ ვიცი, მართლა შეიძინა თუ არა მამა გიორგიმ ციანიდი, თუმცა, ის ნამდვილად დადგენილია, რომ მას ციანიდი არავის წინააღმდეგ არ გამოუყენებია.


არ გამოუყენებია და მაინც ციხეში ზის და მის საქმეს პროკურატურა იძიებს.


რით არის ციანიდის შხამზე ნაკლები ის პუბლიკაციები და პოსტები, რომლებსაც ქალბატონი ელისო ხან ბეჭდური და ელექტრონული მედიით, ხან სოციალური ქსელებით ავრცელებს და საზოგადოებას წამლავს?


ჰოდა, დროულად გამოიძიეთ ამ პატივცემული მანდილოსნის და მისი "კანტორის" შავბნელი  საქმეები, ბატონებო!




ვახტანგ ხარჩილავა


 

right_banner
არქივი
right_banner