logo_geo
eng_logo
ფეხბურთელი კენჭს იყრის თბილისის მერის არჩევნებში - ენდრიუ კეივი
- +

9 ოქტომბერი. 2017. 17:58



ფეხბურთელი კენჭს იყრის თბილისის მერის არჩევნებში"  - აღნიშნული სათაურით „ფორბსი" „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეზე სტატიას აქვეყნებს:



კახა კალაძისთვის გამარჯვების გემო უცხო არ არის, თუკი გავიხსენებთ, რომ მის მეგობრებს შორის არიან, მაგალითად, პაოლო მალდინი, ფრანჩესკო ტოტი, რივალდო, კაფუ და ანდრეი შევჩენკო, ხოლო მისი ჯილდოების კარადა სავსეა მედლებით.


ყველაზე სახელგანთქმული ქართველი ფეხბურთელის სტატუსით და ვარსკვლავთა გარემოცვაში გატარებული კარიერის განმავლობაში ამ ყოფილ მცველს ორჯერ აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონთა ლიგა „მილანის" შემადგენლობაში. მას ასევე აქვს ჩატარებული 50 მატჩი საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში და აღებული აქვს 16 მილიონი ევრო 2001 წელს განხორციელებულ ტრანსფერში.


მას ერთი ნაბიჯი აკლდა ინგლისის პრემიერ-ლიგის გიგანტ „ჩელსიში" გადასასვლელად. ჩემპიონთა ლიგის ერთადერთი ქართველი ჩემპიონის წარმატების აღსანიშნავად, ქართულ საფოსტო მარკაზე ნახავთ კალაძის სურათსაც. გასულ თვეში კი მან მიიწვია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელი საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად, რომლის შემოსავლებიც მოხმარდება ბორჯომის ხეობის აღდგენას.


კალაძემ თავისი კონკურენციის სულისკვეთება პოლიტიკაში გადაიტანა - ის კენჭს იყრის თბილისის მერის არჩევნებში, როგორც პარტია „ქართული ოცნების" კანდიდატი. აქამდე მას ეკავა ქვეყნის ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა.


21 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში კალაძეს რვა ოპონენტი დაუპირისპირდება, თუმცა გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ის უსწრებს კონკურენტებს და მისი ცნობადობა ქალაქის ქუჩებში ძალიან მაღალია.



„ქართული ოცნება"


39 წლის კახა კალაძე დაიბადა ფეხბურთელის ოჯახში სამტრედიაში (დასავლეთ საქართველო). მისი მამა სამტრედიის „ლოკომოტივის" შემადგენლობაში გამოდიოდა.

თბილისის „დინამოში" გადასვლის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის 82-ჯერ გამოვიდა მოედანზე, შემდეგ სამი წელი გაატარა კიევის „დინამოს" შემადგენლობაში და ბოლოს ათი წლით დამკვიდრდა „მილანში". საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მან ბევრი გააოცა თავისი გადაწყვეტილებით, დაბრუნებულიყო საქართველოში და ჩართულიყო ქვეყნის პოლიტიკაში.


„ბავშვობიდან ვოცნებობდი, გავმხდარიყავი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში, თუმცა ამ მიზნისკენ მიმავალი გზა არც ისე იოლი აღმოჩნდა", - მითხრა მან ახლახან ჩატარებული ინტერვიუს დროს.


„ყველა წარმატება ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთთან იყო დაკავშირებული. ყველაფერი მოვიგე, რაც კი შეიძლება მოიგო ფეხბურთში კლუბის დონეზე. მართალია, უცხოეთში ვცხოვრობდი, მაგრამ მუდმივი კონტაქტი მქონდა ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან საქართველოში და ძალიან ვიყავი დაინტერესებული მოვლენებით ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტში, დაწყებული პოლიტიკით და დამთავრებული ეკონომიკითა და საზოგადოებრივი ცხოვრებით.

 

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ყოველთვის მინდოდა საქართველოში დაბრუნება. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ რაღაცნაირად დავეხმარებოდი ჩემს ხალხს და მეტ აქტიურობას უზრუნველვყოფდი საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

ჩემი გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით უმრავლესობისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. ისმოდა კითხვა: რატომ? მე ხომ ყველაფერი მაქვს და ვარ შეძლებული ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ევროპაში.

 

ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიმიღია. ეს იყო ხანგრძლივი ფიქრის შედეგი. მინდოდა, დავბრუნებულიყავი, რათა დავმდგარიყავი ჩემი ხალხის გვერდით".



პარტიული პოლიტიკა


სამშობლოში დამაბრუნა იმ დროს ოპოზიცურმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელიც 2012 წელს ჩამოაყალიბა ლითონებისა და საბანკო სექტორის ბიზნესმენმა, საქართველოში ყველაზე შეძლებულმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა.


2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილმა 13 თვე გაატარა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ამ არჩევნების შედეგად, კალაძეც აირჩიეს პარლამენტში, ხოლო შემდეგ ის დაინიშნა ახალი კაბინეტის ვიცე-პრემიერად და ენერგეტიკის მინისტრად.


„იმ დროს საქართველოში სუფევდა ძალიან არასახარბიელო პოლიტიკური სიტუაცია, ძალიან ცუდი ატმოსფერო. ასე რომ, გადავწყვიტე, დავმდგარიყავი მათთან, ვისაც ვენდობოდი და ვინც, ჩემი აზრით, შეცვლიდა და მაქსიმალურად გამოასწორებდა მდგომარეობას საქართველოში", - ამბობს კახა კალაძე.


„საქართველოში ძველ რეჟიმთან ბრძოლა ძალიან რთული აღმოჩნდა. მარჯვნივ და მარცხნივ ირღვეოდა ადამიანის უფლებები და პოლიტიკური სიტუაცია ძალიან ცუდი იყო.

 

განსხვავებული აზრი იდევნებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით ამ რეალობის შეცვლა და დღეს საქართველოში გამოხატვის ნამდვილი თავისუფლება ზეობს".

 

 

მანიფესტი


კალაძის მანიფესტი ეფუძნება ტურიზმის გაზრდას, მმართველობისა და ბიუროკრატიის გამარტივებას, მეტროსა და ავტობუსების ახალი ქსელების შექმნასა და ქალაქის ეკონომიკის წახალისებას.


„ჩვენი მიზანია ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება. ეკონომიკა უნდა გაიზარდოს და ყველა ჩვენი ძალისხმევა სწორედ ეკონომიკური ზრდისკენ არის მიმართული, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პოლიტიკური სტაბილურობა გახლავთ. ეკონომიკური ზრდა ხომ მის პარალელურად მიმდინარეობს, რადგანაც საქართველო ითვლება სტაბილურ ქვეყანად როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

 

თბილისს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად ჩამოყალიბების უზარმაზარი პოტენციალი. მე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამ ქალაქზე.

 

ჩვენი მთავარი მიზანია, ცხადვყოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ქალაქის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა. ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი ტრანსპორტთან და ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

 

ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ, არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ იმ პრობლემების გადაჭრაშიც, რომელთაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან.

თბილისი ულამაზესი ქალაქია, რომელსაც აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ტურიზმისა და ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ცენტრი. მას აქვს რეგიონალურ ცენტრად გარდაქმნის რეალური პოტენციალი".

 

 

გამოწვევები


ბოლო წლებში საქართველოში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" შემდგომ ეკონომიკურ საოცრებას შენელების ნიშნები დაეტყო: 2003-2007 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა (9.6%) 2010-2014 წლებში დაეცა 5.6%-მდე, ხოლო 2015-2016 წლებში 2.8%-მდე.


მიუხედავად ამისა, შუა აღმოსავლეთიდან ტურისტული ნაკადის ზრდამ, რომლებსაც, პირველ რიგში, ადგილობრივ სამორინეებში მშვიდი ატმოსფერო იზიდავს, გამოიწვია საქართველოს აეროპორტების მგზავრთა რაოდენობის ზრდა თითქმის 50%-ით მიმდინარე წლის პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო საქართველოში უმუშევრობის წლევანდელი დონე (11%) ყველაზე დაბალია ბოლო 13 წლის განმავლობაში.


ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე თბილისზე, რომლის მოსახლეობაც შეადგენს 1.4 მილიონს, მოდის საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ნახევარი, ხოლო თავად დედაქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტის 88% მოდის მომსახურების სფეროზე, საჯარო მომსახურების ჩათვლით.


ინოვაციები მოიცავს ჰიდროელექტროენერგიით ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ბიუროკრატიის გამარტივებას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა, მაგალითად (როგორც თავად საქართველოს მთავრობა აცხადებს) მსოფლიოში პირველი საპასპორტო მომსახურება მანქანიდან გადმოუსვლელად, როცა მოქალაქეებს შეუძლიათ შევსებული ფორმების ჩაბარება სწრაფი კვების დაწესებულების მსგავს ფანჯარასთან და ბილეთის აღება, რომლის საფუძველზეც შემდგომში ეროვნულ საიდენტიფიკაციო ბარათს აიღებენ.

საქართველოს კუთვნილი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან: სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან, ასევე ქვეყანაზე ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელების გავლენასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, წინ მართლაც ბევრი გამოწვევაა.


სპორტი და პოლიტიკა


თბილისის პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობის მისაღებად ბრძოლაში ჩართული კალაძე ძალიან მჭიდრო პარალელებს ხედავს პოლიტიკასა და სპორტს შორის.

 

„აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გუნდურ პრინციპს და გუნდურ თამაშს", - ამბობს კალაძე.


„შეუძლებელია, ინდივიდუალურად მიაღწიო წარმატებას. ამისთვის საჭიროა კარგი გუნდი შენ გარშემო. შენი ძალა შენს გუნდშია, თუმცა განსხვავებებიც არსებობს.

 

სპორტში შეიძლება დამარცხდე ან ფრედ დაასრულო მატჩი, მაგრამ როცა მერი ხარ, ქალაქის მენეჯერი, მარცხის ფუფუნება არ გაქვს, რაც ძალიან რთულია. პოლიტიკაში ყოველდღე უნდა გაიმარჯვო. დამარცხების უფლება არ გაქვს. ყოველდღე უნდა დაამტკიცო, რომ შენ ეს შეგიძლია და ეს ყველასთვის უნდა გააკეთო".




https://www.forbes.com/sites/andrewcave/2017/10/09/the-footballer-running-for-mayor-in-tblisi/#521670826342










 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner