logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: მსხვილ ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო პროექტებში სახელმწიფოს მონაწილეობას განვიხილავთ
- +

26 დეკემბერი. 2018. 01:13

 

 

„არის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ინფრასტრუქტურა, სადაც ჩვენ სახელმწიფო სექტორის მონაწილეობას ვხედავთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“.

 

„გვაქვს მსხვილი ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობას აგრეთვე განვიხილავთ, რადგან სახელმწიფოს მონაწილეობა ზოგჯერ აბსოლუტურად გარდაუვალია. ეს არის პროექტები, რომლებიც აგრეთვე ქმნიან ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს.

 

მეორე, სახელმწიფოს როლს ვხედავთ განათლების სფეროში მონაწილეობაში და გამოვყოფთ საკმაოდ დიდ დაფინანსებებს, რომ საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები ჩავატაროთ. მესამე, სახელმწიფოს როლს ვხედავთ, როგორც გარანტორის და ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების შემქმნელის და მეოთხე, ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის სწორი საკანონმდებლო ბაზა და სწორი რეგულირება“, – განაცხადა ქობულიამ.

 

ამ განცხადებით გიორგი ქობულიამ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს მათე გაბიცინაშვილის შეკითხვას უპასუხა, რა სტრატეგია და პოლიტიკური მესიჯები აქვს მთავრობას, რაც უთანასწორობის, სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლებს რადიკალურად შეცვლის და რაში ხედავს ის სახელმწიფოს როლს.

 

როგორც ქობულიამ აღნიშნა, რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტმა ქარხნები ააშენოს, ამაში სახელმწიფოს როლს ვერ ხედავს.

 

„ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი პრინციპი არის თავისუფალ ბაზარზე და კონკურენციაზე, კომერციულ სექტორზე დამყარებული ეკონომიკა“, – განაცხადა ქობულიამ.

 

შეკითხვაზე, იყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არსებული სიღარიბე იმ ეკონომიკური პრაქტიკის, ტრადიციებისა და პოლიტიკის შედეგი, რომელიც მაშინ ხორციელდებოდა და საჭიროა თუ არა ქართულ ეკონომიკურ ცხოვრებაში ფუნდამენტური, გარდამქმნელი მიდგომების შემოტანა, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მთელი რიგი სიახლეები აქვს.

 

„სიახლეებია იგივე საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ გავუუქმეთ გადასახადები რეინვესტირებულ კაპიტალს; კომპანიებს დავუბრუნეთ დღგ, რომელიც არასდროს ბრუნდებოდა; რეინვესტირებულ კაპიტალზე გადასახადების მოხსნამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად, მივიღეთ საკმაოდ დიდი რეინვესტირება და კაპიტალური დანახარჯების ზრდა. ფუნდამენტური სხვაობა ეს არის უფრო მეტად განვითარებაზე მორგებული საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკა, უფრო მეტი აქცენტი განათლების მიბმაზე ეკონომიკურ საქმიანობასთან, უფრო მეტი აქცენტი სიღარიბეზე და მოსახლეობის დაცვაზე, იგივე საბანკო რეგულაციების თვალსაზრისით და იგივე ლარიზაციის მიმართულებით. აი, ამ რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი, რომელიც საკმაოდ ფუნდამენტურია“, – განაცხადა ქობულიამ.

 

შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს მაგალითად, პროგრესულ გადასახადებს, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ამისთვის ძალიან მდიდარი ქვეყნები არიან მზად, საქართველო კი, ჯერ მზად არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×