logo_geo
eng_logo
გოჩა ლორია ''GERA''-ზე: გამჭვირვალე კომპანიაა და ვენდობი ამ ადამიანებს
- +

30 მაისი. 2019. 11:10

 

მომღერალი გოჩა ლორია მომღერლების იმ რიცხვს მიეკუთვნება, ვისი საავტორო უფლებებიც მეტ-ნაკლებად კი არა, საერთოდ არ იყო  დაცული. ახლა კი მოხარულია, რომ  ქართულ მუსიკალურ ბაზარზე „GERA“-ს სახით შემოვიდა ახალი კომპანია, რომელსაც ანდო თავისი საავტორო უფლებების დაცვა

 

გოჩა ლორია: საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციასთან ჩემი ურთიერთობა წლების წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ , როდესაც ელგუჯა შაფათავა ხელმძღვანელობდა ამ კომპანიას. თიკა ჯამბურია მღეროდა ჩემთან, „ჩურჩულები“ ახალი დაწერილი მქონდა და საკმაოდ პოპულარული იყო, მისმა დამ ნინო ჯამბურიამ შემომთავაზა და გავწევრიანდი. სხვა ქვეყნებში მქონდა ნანახი, როგორ მუშაობდნენ მსგავსი კომპანიები და ვიფიქრე, რომ კარგის მომტანი იქნებოდა ეს ჩემთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მუშაობს ეს სფერო საქართველოში.

 

-  საქართველოში არ არის თქვენი საავტორო უფლებები დაცული?

 

-  რომელ უფლებების დაცვაზე მესაუბრებით? სამ თვეში ერთხელ ორ კაპიკს რომ გადმომიგდებენ? ჯგუფი არ დარჩენილა, რომელმაც ჩემი „ჩურჩულები“ არ ჩაწერა, სად არ ჟღერს, რადიოში, ტელევიზიაში, რესტორანში, კაფე-ბარში... ისინი რასაც მიხდიდნენ, მარტო ერთი რესტორნიდან მეკუთვნოდა მაგდენი...

 

- რატომ ხდება ეგრე, რა არის მიზეზი?

 

- არ ვიცი, მე სად ვარკვიო. გიგა კობალაძემ თავისი საქციელით გაიფუჭა საქმე, ღმერთი არასდროს არავის პატიობს შეცდომას, ეს არის დაუწერელი კანონი... მიჩვეული ვარ, პირველად კი არ ვყოფილვარ უსამართლობის მომსწრე, თავის დროზე „ვია 75“-ში რომ ვმღეროდი, ორი სიმღერა იყო ჩემი დაწერილი, ისეთი, ყველგან რომ ჟღერდა, მაგრამ კომპოზიტორთა კავშირში არ მიმიღეს, მაშინდელმა კომპოზიტორებმა დამბლოკეს, ყველა მომღერალმა კომპოზიტორობა დაიწყოო... გავჩერდი რობერტ ბარძიმაშვილის ხათრით, რა უნდა მეთქვა? ასე რომ, მიჩვეული ვარ.

 

ახლაც ყველა მეკითხება ამ საავტოროზე, რომ გაიგეს, თვეში 70 ან 80 ლარი გამომდიოდა ჰონორარი, რატომ არ იღებ ხმასო? ჩემი სიმღერები ყველგან ჟღერს, პირველ არხს აქვს ჩემი სიმღერების ოქროს ფონდი, მარტო „ჩურჩულები“ კი არ მაქვს, უბრალოდ მაგ სიმღერას ტექსტი აქვს ისეთი, „გაჰიტდა“, ბევრი კარგი სიმღერაა ჩემს დეპოზიტზე, მაგრამ რად გინდა, არც კატალოგი მოუკითხავს ვინმეს და არც არაფერი. ჩემი აზრით, მუშაობა ეზარებათ მაგათ ან სხვა რამეშია საქმე, თორემ ასე როგორ შეიძლება?

 

- „არა ინტელექტის ოკუპაციას“ - ესაა სლოგანი კომპანიის, რომელშიც იყავით გაწევრიანებული. შემოგთავაზეს, ამ ვიდეორგოლში მონაწილეობა მიგეღოთ?

 

- არა, არავის დაურეკავს. მათ თავიდანვე იცოდნენ ჩემი პოზიცია და ალბათ იმიტომ. ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორედან გაუშვა ეგ ნაბოდვარი, საქმით უნდა მოვუგოთ და დავანახოთ მათი სისუსტეები.

 

- რას იტყვით ახალ კომპანიაზე, რომელშიც თქვენც გაწევრიანდით?

 

- ერთი ვიცი, რომ მუშაობა არ ეზარებათ, გამჭვირვალე კომპანიაა და ვენდობი ამ ადამიანებს. ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცამ ხომ უნდა დაიცვას ამ გასაცოდავებული ავტორების უფლებები? ხომ არ შეიძლება სულ ვიღაც ითბობდეს ჩვენს ხარჯზე ხელს?

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×