logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: უნდა შედგეს „მოლაშვილის სია“!
- +

5 ივლისი. 2016. 13:42


„მოლაშვილის სიის" საფუძველზე „ნაციონალურ მოძრაობას" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს!"


აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ვესაუბრებით საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ცნობილ უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში საინტერესო ინიციატივას ახმიანებს.


- ბატონო დიმიტრი, მიგაჩნიათ თუ არა, რომ სულხან მოლაშვილის გარდაცვალებაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრებათ?

 

- რა თქმა უნდა, სულხან მოლაშვილის გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ ქმედებებთან და ამ ტრაგედიაში ირიბი წვლილი „ქართულ ოცნებასაც" მიუძღვის!


დახ, ქართველი ხალხის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილმა „ქართულმა ოცნებამ", პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, უარი თქვა იმ პირების დასჯაზე, რომლებიც წამების, არაადამიანური მოპყრობის, უკანონო პატიმრობისა და ქონების ექსპროპრიაციის საქმეებში იყვნენ გარეული!


ესენი არიან, პირველ რიგში, ნაციონალური რეჟიმის უმაღლესი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, რომლებსაც ყველაფერი შერჩათ და დღეს ზოგი უკრაინაშია, ზოგი კი „ნაცმოძრაობის" საარჩევნო სიაში იღერებს ყელს!


აქედან გამომდინარე, პირველად თქვენთან ინტერვიუში მინდა გავაჟღერო ჩემი იდეა და ინიციატივა - სულხან მოლაშვილის გარდაცვალების კვალდაკვალ უნდა შედგეს „მოლაშვილის სია".


- რას ნიშნავს „მოლაშვილის სია"?

 

- „მოლაშვილის სიაში" უნდა ჩაიწეროს ყველა ის ადამიანი, რომელსაც პირდაპირ მიუძღვის ბრალი ბატონი სულხანის წამებასა და სიკვდილამდე მიყვანაში!


„მოლაშვილის სიის" საფუძველზე „ნაციონალურ მოძრაობას" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს!


- ამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური სუბიექტი, საპარლამენტო არჩევნებზე არ უნდა დაუშვან?

 

- დიახ, „ნაციონალურ მოძრაობას", როგორც დანაშაულებრივ სინდიკატს, საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი უნდა ეთქვას!


ადამიანები, რომლებსაც სულხან მოლაშვილი პირდაპირ ადებდა ხელს, როგორც მის წამებაში მონაწილე ჯალათებს, დღეს „ნაცმოძრაობის" საარჩევნო სიაში წერიან.


ასეთია, მაგალითად, გიგა ბოკერია, რომელიც, სულხან მოლაშვილის ჩვენების თანახმად, მის წამებას უშუალოდ ესწრებოდა!


სულხან მოლაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თავისი წამების დამკვეთად და ორგანიზატორად პირდაპირ ასახელებს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილსა და ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს.


ეს ყველაფერი პოლიტიკურ დონეზე უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებიდან მოხსნას!



- თქვენ სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე ლაპარაკობთ, თუმცა, რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა „რუსთავი-2"-ის დაკვეთით შესრულებული სოციოლოგიური კვლევა, რომლის თანახმადაც, სამართლიანობის აღდგენას პრიორიტეტულ საკითხად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 0,3 პროცენტი მიიჩნევს. ამაზე რას იტყვით?

 

- ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ „რუსთავი-2"-ს აბსოლუტურად სამართლიანად უწოდა სიმართლის მკვლელი ტელევიზია!


„რუსთავი-2"-ის დაკვეთით კვლევის მწარმოებელი გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK არაერთხელ არის მხილებული ცრუ სოციოლოგიის ტირაჟირებასა და სხვა სახის თაღლითობებში, მათ შორის, გადასახადების დამალვაში. ამ ორგანიზაციას თურქეთსა და უკრაინაში საქმიანობა საერთოდ აუკრძალეს!


„ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი რუპორი და დეზინფორმატორი - ტელეკომპანია „რუსთავი-2" - ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია GFK-ის ინსტრუმენტად იყენებს, რათა სასურველ რეალობად გაასაღონ. სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, რომლებიც მათ წარმოგვიდგინეს, სინამდვილესთან არანაირი კავშირი არა აქვს!


- როგორ აფასებთ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფაქტს და ამ ფონზე - საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ?

 

- მინდა, კითხვა დავსვა - თუ ევროკავშირი ასეთი მიმზიდველია, რატომ დაიძვრინა თავი დიდმა ბრიტანეთმა მისი კაბალური საკანონმდებლო რეგულაციებისაგან და რატომ ცდილობს, იმავეს გაკეთებას ბევრი სხვა ევროპული სახელმწიფო?!


კონკრეტულ მაგალითს მოგიტანთ: მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, აბსოლუტური უკუშედეგი მივიღეთ - 24 პროცენტით შემცირდა ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ხოლო იქიდან იმპორტი 28 პროცენტით გაიზარდა! საქართველო, რომელიც სამომხმარებლო ქვეყნის სტატუსისათვის არის განწირული, კიდევ უფრო მეტ პრობლემებში ჩაეფლო!


ჩვენმა პარტიამ - „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ" - რამდენიმე დღის წინათ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც გულისხმობს, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, კონსტიტუციაში ცვლილებებს შევიტანთ და საქართველოს უბლოკო სტატუსის მატარებელ სახელმწიფოდ გამოვაცხადებთ!


- „უბლოკო სტატუსი" რას ნიშნავს?

 

- უბლოკო სტატუსი ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ უნდა იყოს არცერთი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ იდგეს არც NATO-ს, არც რუსეთის და არც ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს ჯარი!


უბლოკო სახელმწიფოს სტატუსი საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს ტერიტორია ზესახელმწიფოთა დაპირისპირების პოლიგონად აღარ იყოს გამოყენებული!


დღეს საქართველო სწორედ ზესახელმწიფოების ინტერესებს ეწირება!

 

 

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×