logo_geo
eng_logo
ლალი ბადურაშვილი: მე მაქვს „ქართული ოცნების“ იმედი!
- +

19 ივლისი. 2016. 16:10


საგურამოში „ქართული ოცნების" მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალი შემადგენლობის წარდგენას საზოგადოებისთვის ცნობილი საკმაოდ ბევრი სახე ესწრებოდა. მათ შორის იყო ყველასთვის ცნობილი მსახიობი ლალი ბადურაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა 80-90 პროცენტი ხმას „ოცნებას" მისცემს, ათი პროცენტი კი, მისივე თქმით, სხვა დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდება... ქალბატონ ლალისთან საუბარი, პირველ რიგში ოცნების" ახალი სახეების შეფასებით დავიწყეთ:


- ძირითადად, ახალგაზრდები და იურისტები არიან, რაც ჩემი აზრით, კარგია, რადგან პარლამენტი მაინც იურისტების საქმეა. ძალიან სიმპათიურები ჩანან და მათ ველაპარაკე კიდეც, რომ მთავარია, რამდენადაც შესაძლებელია, ქართული ინტერესები გაატაროთ-თქო და ვნახოთ, რას იზამენ და როგორ იზამენ, ამასაც დრო გვიჩვენებს. მაგათზე კი არა, შვილზე ვერ დადებ თავს, ხომ? წესით, კარგები უნდა იყვნენ, ისეთი მონაცემები აქვთ, ვნახოთ, რას იზამენ. საქმე ისაა, რომ იმდენი კარგი გოგო-ბიჭი მინახავს, მაგრამ პარლამენტში რომ მოხვდებიან, მერე სრული ცვლილება და მეტამორფოზა ხდება, ამიტომ დრო გვიჩვენებს, როგორ წარმოაჩენენ ესენი თავს. მთავარია, არ დაივიწყონ, ვისი გორისანი არიან და ამ მძიმე სიტუაციაში რამდენადაც შესაძლებელია, ქართული ინტერესები და ხალხის ინტერესები გაითვალისწინონ.


- დღეს მოქმედ „ძველ სახეებში" თუ არიან ისეთი ადამიანები, ვისი ხილვაც „ქართულ ოცნებაში" მომავალშიც გინდათ?

 

- მე მათ უმეტესობას პირადად ნაკლებად ვიცნობ, ჩემთვის მთავარია, ტელევიზიაში როგორ გამოდიან. მანანა მომწონს, კობახიძე, ყოველთვის კარგი, მწვავე გამოსვლები აქვს. ეკა ბესელია კარგი იურისტია, ნუკრი ქანთარიაც მომწონს, იქ გოგია თოფაძე, რომელიც ჩემი ბავშვობის ამხანაგია და ამიტომ მიყვარს, წესიერი, საქმიანი კაცია. ზურაბ ტყემალაძე, თამაზ მეჭიაური, სოსო ჯაჭვლიანი... ბევრია ისეთი, რომელიც ჩემთვის მარტო პარლამენტარები კი არ არიან, უფრო სხვა მნიშვნელოვანი თვისებები აქვთ, ამიტომ ძველი სახეებიდანაც ჩემთვის ძალიან ბევრია მისაღები. ვნახოთ, ძველი და ახალი სახეების როგორი კონგლომერატი შედგება, უნდა გაჯერდეს ერთმანეთში და ეს მაგათი საქმეა.


- ვინ არ მოგწონდათ „ოცნების" ხელისუფლებაში?

 

- ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ ძალიან მომწონდა ირაკლი ღარიბაშვილი. თავის დღეში მისთვის გამარჯობაც არ მითქვამს, რადგან ამის შესაძლებლობა არ მქონია, მაგრამ საერთაშორისო, მაღალი ტრიბუნებიდან უშიშრად იცავდა იმ ღირებულებებს, რაც ჩემთვის მთავარია და რომელიც მისთვის და მსოფლიო პოლიტიკისთვის შეიძლება წამგებიანი იყო. ამიტომ მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი და გული დამწყდა, რომ წავიდა. გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც, ასევე არ ვიცნობ, ყველა აქებს, წესიერი და კარგი ადამიანიო. ეს ახლა კვირიკაშვილის მოყვანილი ხალხია და ვნახოთ, ესენი როგორ გაამართლებენ. რაც შეეხება „ოცნების" არაეფექტურ წევრებს, არ მინდა, ახლა კონკრეტულად გავასახელო ვინმე, მაგრამ ზოგისგან უფრო მეტს მოველოდი, რომლებიც ჩემი თანამედროვეები არიან. სანამ პარლამენტში მოხვდებოდნენ, უფრო აქტიურები იყვნენ, მერე კი საერთოდ აღარ ჩანდნენ და სად იყვნენ, სანთლით საძებნელები გახდნენ, ანუ აქტუალობა დაკარგეს. მე მაქვს „ოცნების" იმედი, რადგან ეს ის მთავრობაა, რომელმაც არავინ დაატერორა, ქუჩაში არავინ ტყუილად არ მოკლა, 300 ათასი ადამიანი პრობაციონერი არ გახადა და არ იძახა - ყველანი ციხეშიო. არ დაანგრია ქართული კინო, ქართული მეცნიერება და ქართული სპორტი, რითაც საერთოდ ქართველი კაცი ამაყობს. ოთხ წელიწადში ჯანდაცვა შეძლეს, სოფლის მეურნეობასაც, ასე თუ ისე, მიხედეს და ახლა, რაც ჩვენ გვინდა - სოციალურად ძალიან მაგრად ვიყოთ წელში გამართულები, ამისთვის ევროპასაც და ამერიკასაც 200 წელი დასჭირდა. ამიტომ ვარ იმათი მომხრე, თორემ ისე მე „ოცნების" წევრიც არ ვარ, მხოლოდ მხარდამჭერი ვარ, რადგან მშვიდობის განცდა მაქვს, არ მეშინია, რომ ხვალ სამოქალაქო ომი ატყდება, ვიღაცა რაღაც პროვოკაციას დაიწყებს... იმ რუსეთთანაც რაც შეიძლება რბილად ლაპარაკობენ, არც  პოზიციებს თმობენ, მაგრამ არც „ავჩარკებივით" არ დგანან და არ აღიზიანებენ იმ რუსეთს, რომლისაც, როგორც აღმოჩნდა, მთელ მსოფლიოს ეშინია. ესენი პროდასავლურებიც არიან და ახლა მეტი რა ქნან ამ ოთხ წელიწადში?!


- თქვენთვის რომელია ის საკითხები, რაც „ოცნებამ" აქამდე ვერ მოაგვარა?

 

- პირველ რიგში, ეს არის ის, რომ ადამიანების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამიტომ მეტი ქარხანაა საჭირო, რომ ხალხი დასაქმდეს, რადგან ქართველი კაცი, გარდა იმისა, რომ მშრომელია, არაჩვეულებრივი პროფესიონალიცაა, ამდენი ინჟინერი და სხვა პროფესიის ადამიანი დარჩა უსამსახუროდ. იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს, ყველა რაიონში იყო გახსნილი რაღაც პატარა ფაბრიკა, კონსერვებისა თუ წვენების ქარხანა, ხალხი იყო დასაქმებული და თავის ტერიტორიასაც ამუშავებდა. ხალხის დასაქმება უნდა მოხდეს, ეს არის ყველაზე მტკივნეული პროცესი და მეორე - მართლმსაჯულება, რომელიც ძალიან ძნელია, რადგან ცუდი ძალები არ გაძლევენ იმის საშუალებას, მართლმსაჯულებამ იზეიმოს. „ალია" წამყვანი გაზეთია და რაც ხდება, თქვენ ჩემზე კარგად იცით. პირდაპირ ვამბობ: რა გახდა ამდენი ხანი ეს მართლმსაჯულება? რა, არ იციან ჟვანიას, გირგვლიანის საქმეები? ამდენი გახმაურებული საქმეა და ვერა და ვერ დაიდო გამოძიების საბოლოო შედეგები. ვიღაც რიგით „ნაციონალებს" რომ კაციშვილი არაფერს არ ეკითხებოდა, არ იციან? ისინი კი არა, თავებია წასაძრობი, თავები და ამ თავების წაძრობაზე კი მთელი დასავლეთის სამყარო ყალყზე დგას, ამიტომაც ამ მთავრობას რაღაც უჭირს.


- მაშინ როგორ შეიძლება მოგვარდეს მართლმსაჯულების საკითხი საქართველოში, რახან ასეთ ზეწოლაზე გვაქვს საუბარი?

 

- ეს ძალიან რთული საკითხია, ამას ვერც თქვენ, ვერც „ალია" და ვერც სხვა ვერ გადაწყვეტს. თქვენი მოვალეობა რაც არის, იმას აკეთებთ - მოსახლეობას აფხიზლებთ და შემდეგ უკვე მოსახლეობამ თავისი უნდა გააკეთოს. რა დიდი პოლიტიკური თამაშები მიდის და რა ძალები რას აკეთებენ, ხომ ხედავთ, რა ხდება ირგვლივ? ყველაფერი დუღს და ჩვენ ძალიან ცუდი დუღილის პერიოდში ვცხოვრობთ. ისეთი რთული პროცესები მიდის მსოფლიო პოლიტიკაში, რომ ვინ ვის რაში გაურიგდება, მე და თქვენ ამას ნუ შეგვეკითხებიან. ჩვენ, მოსახლეობამ, ჩვენი საქმე ვაკეთოთ, რაც შეგვიძლია. ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ შენს ჭკუაზე არავინ არ გახტუნავებს,  ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გაქვს ქვეყანას, ყველას ინტერესებში ხარ, რაღაცები უნდა გაითვალისწინო, მაგრამ ამავდროულად, მაქსიმალურად გაატარო შენი ინტერესები. აი, ეს პრეტენზიები მაქვს ნებისმიერ მმართველ ძალასთან - ქართული ინტერესების მაქსიმალურად დაცვა. ჩვენ გვჭირდება ძალიან ჭკვიანი, მიზანმიმართული და ლავირების მქონე მთავრობა, რადგან, ფაქტობრივად, ირგვლივ ოთხ განსხვავებულ ქვეყანას კი არა, სამყაროს აერთიანებ.


- ქალბატონო ლალი, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ თქვენს ოჯახს აწყობილი აქვს საქმე, პირადად თქვენ „ოცნების" მხარდამჭერი ხართ, თქვენი ოჯახის წევრები კი„ ნაციონალებს" უჭერენ მხარს...

 

- არც ერთი არ არის „ნაციონალების" მხარდამჭერი! როგორ, ცოცხების ამბავი რომ იყო, ფილარმონიასთან პირველი ჩემი შვილები გამოვარდნენ ჩემთან ერთად და ხუთი კაცი ვიდექით, მერე მოვიდა ხალხი და როგორ არიან „ნაციონალების" მხარდამჭერები? საერთოდ, ეს ოპონენტებიც ისეთი თემაა.... რამდენი ოპონენტური პარტიაა და ყველა გააკეთებს განცხადებებს - მე გიშველი, მე გიშველიო. მე და თქვენ ყველაფერზე ვისაუბრებთ, მაგრამ ძლიერი რესურსი ვის აქვს? ვინ უფრო გააკეთებს? მე ამ „ოცნების" მჯერა, რომ თუ მოინდომებენ, სხვებთან შედარებით უფრო მეტი რესურსი აქვთ. რაც შეხება ძველ მმართველ პარტიას: მე ორი ბიჭი მყავს და როგორ შეიძლება, კაცო, ისინი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები?


- ამ შემთხვევაში თქვენი ოპონენტები ნინი ბადურაშვილს გულისხმობენ, სააკაშვილის პერიოდში შოუბიზნესში ძალიან კარგად გრძნობდა თავსო.

 

- მაგაზე მე ერთხელ გუგავამ მითხრა ტელევიზიაში და შავი დღე ვაყარე! ჯერ ერთი, როცა სააკაშვილი იყო მოსული, ნინო 21-22 წლის გოგო იყო. მომღერლებმა, აბა, რა ქნან ახლა? თუ არ იმღერა, ხუთი წლის მერე შეიძლება საერთოდ ვეღარ იმღეროს. ნინის ოდები არასდროს უმღერია და მაქებარ-მადიდებელი არასდროს ყოფილა, ახალგაზრდა გოგო იყო მაშინ და როგორც ყველა მღეროდა, ესეც ისევე მღეროდა. კომუნისტების დროსაც ბევრი არაჩვეულებრივი მომღერალი გვყავდა და ამიტომ რა, კომუნისტებზე იყვნენ გაგიჟებულები? ეს არის სულელური, პროვინციული მიდგომა! დაანებონ ხელოვნებას თავი! მომღერალმა თუ არ იმღერა, რა ქნას? როგორ უყუროს, ახლა მისი მოსაწონი მთავრობა როდის მოვა? ნინი არც დღეს არის დაჩაგრული, მაგრამ მაშინ ფავორიტი, მგონი, სოფო და სხვები იყვნენ. ჩემი ბიჭები მაშინ სულ უმუშევრები იყვნენ, ერეკლემ ორი სცენარი გაიტანა და არც ერთი არ დაამტკიცეს,  პერსონაჟში სააკაშვილი დაინახეს და ცუდად გყავს მიშა გამოყვანილიო, უთხრეს. უფროსი ბიჭი მხატვარია, უფრო თავისუფალია, თავისთვის ხატავს და მისი პოზიცია აქვს, მორწმუნე ბიჭია და ყოველგვარი ძალადობის კატეგორიული წინააღმდეგია. ის კი არა, აბაზანიდან ხოჭო რომ გამორბის, ფეხს არ დაგადგმევინებს, გაზეთით მირბის, აიყვანს და გარეთ გაუშვებს და იმას როგორ შეიძლება მკვლელი, ოხერი და ყველაფერი ქართულის ამომგდები „ნაციონალი" მოეწონოს? ეგენი იყვნენ საქართველოს მტრები და ამიტომაც ვარ მეც მათი დაუძინებელი მტერი, თორემ მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც ერთი ჩემი შვილი არ არის პოლიტიკაში აქტიურად ჩართული.



 

ნინო ლაბარტყავა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×