logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: ნაციონალები იმ ინსტიტუციების გაუქმებას ითხოვენ, რომლებიც მათ დროს ყვაოდა!
- +

16 მარტი. 2016. 19:41


 

ფარული ჩანაწერები, საკონსტიტუციო ცვლილება, სუს-ის გაუქმება - ამ თემებზე „რეპორტიორს" ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრა:


- დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ, თავის დროზე, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურება?

 

- მაშინ უმცირესობაში ვიყავით ნანა კაკაბაძე, მე, კახა კახიშვილი და კიდევ რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ვაცხადებდით, რომ მტკიცებულებათა განადგურება დაუშვებელი იყო. არავის ჰქონდა გარანტია, რომ ფირების ასლები არ არსებობდა. ვამბობდით, რომ ფირების განადგურება იქნებოდა მხოლოდ საკუთარი თავის და მოსახლეობის მოტყუება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აღარ იარსებებდა. მტკიცებულებების განადგურებას თავისი წესი აქვს, რა წესიდან და რა ჩარჩოდანაც ეს ქმედება იყო ამოვარდნილი. აქედან გამომდინარე, ეს იყო შეცდომა, რომელიც დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. ადამიანები, რომლებიც დღეს „ეს შენ გეხებას" კამპანიაში არიან გაერთიანებული, აქტიურად ლობირებდნენ საკითხს, რომ განადგურებულიყო ეს ფირები. არ ვიცი, გულუბრყვილოდ თუ შეგნებულად, მაგრამ ფაქტია, ხელი შეუწყვეს მტკიცებულებების განადგურებას.

 

- საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი? ხედავთ ამ ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობას, მაშინ როცა ეს განსაზღვრება სამოქალაქო კოდექსში უკვე წერია?


- ჩემი აზრით, უნდა ჩაიწეროს. სამოქალაქო კოდექსში კი წერია, რომ ქალისა და მამაკაცის ერთობა არის ოჯახი, მაგრამ ის, რომ ეს ჩანაწერი არ არსებობს კონსტიტუციაში, ტოვებს ხვრელს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის. რაც მთავარია, ერთქესიანთა ქორწინების მომხრეები ამბობენ, რომ მათთვის ეს საკითხი დღეს აქტუალური არაა. ამას იმიტომ ამბობენ, რომ დღეს ისინი ხედავენ, რომ სუსტები არიან, ხვალ ან ზეგ კი, მისი აზრით, მათი პოზიციები გაძლიერდება, ამიტომ საჭიროა ეს ნორმა კონსტიტუციით განისაზღვროს. თუ მომავალში უმრავლესობის აზრი შეიცვლება, ჩატარდეს რეფერენდუმი და მერე დაკანონდეს.


- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას მოითხოვს „ნაციონალური მოძრაობა". გამართლებულად მიგაჩნიათ ეს მოთხოვნა და ამ სამსახურის გაუქმება?


- რას დავარქმევთ -კუდ-ს, სოდ-ს, კაგებეს თუ სხვას, უსაფრთხოების სამსახური ნებისმიერ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს. თუ მხოლოდ სახელზეა საუბარია, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მხოლოდ ფორმალობაა. რაც შეეხება სამსახურის არსებობას, აქ საუბარია, შეიქმნას ერთიანი საგამოძიებო სისტემა - კი ბატონო, შეიქმნას, მაგრამ ერთი მიკვირს, ნაციონალები იმ ინსტიტუციების გაუქმებას ითხოვენ, რომლებიც მათ დროს ყვაოდა და განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა. დღეს მათი მოთხოვნა არის პოლიტიკური თამაში და ამას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის გაძლიერებასთან.






 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner