logo_geo
eng_logo
ლია ელიავა: მოსახლეობის მძარცველი online-სესხების კომპანიები დიდი ხანია ასაკრძალია!
- +

1 დეკემბერი. 2016. 18:29



მთავრობის გადაწყვეტილებას, online-სესხების კომპანიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიესალმება ეკონომისტი ლია ელიავა. როგორც მან „რეპორტიორს" განუცხადა, აღნიშნული კომპანიები მოსახლეობის ძარცვაზე არიან გადასულები.


- online-სესხები დიდი ხანია ასაკრძალია, იმიტომ, რომ არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში საფინანსო ბაზრის ასეთი მოქმედების ფორმა არ არსებობს. კი, არის რამდენიმე ქვეყანა, მაგრამ იქ მკაცრი რეგულაციება დაწესებული. ჩვენთან კი ეს ბაზარი არის მიშვებული მოსახლეობის საძარცვავად. ადამიანებს ელემენტარულად ფული არ რჩებათ მოხმარებისთვის. როდესაც მოიხმარ ნაკლებ საქონელს, შედეგი დგება შემდეგი - უარყოფითი ინფლაცია; ანუ მოხმარების ვარდნა იწვევს ადგილობრივი ბიზნესის ზარალს. ის იძულებული ხდება, დაუწიოს ფასებს, ოღონდ გაასაღოს საქონელი და მომსახურება. მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული კი არ ბრუნდება ეკონომიკაში, ის აკუმულირდება საფინანსო სექტორში და გადის ქვეყნიდან. Online-გამსესხლებლები კი ლარს ახურდავებენ უცხოურ ვალუტაში და ისე გააქვთ ქვეყნიდან.


- ეროვნული ვალუტის რეკორდული და უსწრაფესი გაუფასურების მომსწრე ვართ? რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე?

 

- ლარი რომ გაუფასურდებოდა, მე ამას ვიძახდი მთელი წლის განმავლობაში. ლარი კიდევ გაუფასურდება იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა არ არის მზად მცურავი კურსისთვის. არ არსებობს ეკონომიკაში ჩაშენებული მექანიზმები იმისთვის, რომ ლარის კურსმა შეაჩეროს ვარდნა. ძალიან მარტივი მიზეზის გამო: ლარის კურსი არ ყალიბდება საბაზრო მექანიზმებით. ის არის მეტწილად მოწყვეტილი ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. თუ ეროვნული ბანკი არ ჩაერია ლარის კურსის დასტაბილურების პროცესში, ანუ არ დახარჯა ფულადი სახსრები, ლარი განაგრძობს გაუფასურებას. ლარს არ აქვს ფულის ძირითადი ფუნქცია - დაგროვების ფუნქცია. მას არ გააჩნია ავტორიტეტი ქვეყანაში. ჩვენი ეკონომიკა ძირითადად (80 %) დამოკიდებულია იმპორტზე. ქვეყანაში ლარი გამოიყენება გადასახადების გადახდის და წვრილმანი ანგარიშსწორებისთვის. შესაბამისად, ლარს ქვეყანაში არ გააჩნია ფუნქცია. მისი ვარდნა არის გარდაუვალი პროცესი. 1 USD - 2.6 GEL გახდება მონაგონი, როდესაც 1 დოლარი - 5 ლარი ეღირება.

 

- ბიუჯეტის პროექტს თუ გაეცანით?


- მომავალი წლის ბიუჯეტი საკმაოდ რთული იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტს სერიოზული თანხები დააკლდება მოგების გადასახადისგან და პლუს ამას, ვხედავთ ბიუჯეტის შევსებას აქციზის გადასახადის გაზრდის გზით.


ღმერთმა არ ქნას, ბუნებრივი კატაკლიზმები არ მოხდეს საქართველოში, ეს კიდევ უფრო გაართულებს საბიუჯეტო ხარჯების მდგომარეობას.


- ანუ თქვენ საუბრობთ ბიუჯეტის დეფიციტზე...


- დიახ, ბიუჯეტის დეფიციტი ნიშნავს შემოსავლების ნაკლებობას და გაწეული ხარჯების ნაკლებობას. შესაძლებელია გაჩნდეს ისეთი მუხლები ბიუჯეტში, რომლებმაც ვერ მიიღონ დაფინანსება ბოლომდე. არ ვიცი, კონკრეტულად რომელს, მაგრამ გარკვეულ სამინისტროებს რომ დააკლდებათ თანხები, ამას არ გამოვრიცხავ. პროცესებში ხელისუფლება ძალიან აქტიურად და სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს.




 

right_banner
არქივი
right_banner