logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „რუსთავი 2“-ის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და არ ექვემდებარება გადახედვას!
- +

ავტორი ანა ფერაძე

7 მარტი. 2017. 22:00



კონორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" „რუსთავი 2"-ის შესახებ ისაუბრა და სტრასბურგის მორიგე მოსამართლის გადაწყვეტილებას შეეხო. ხაინდრავას განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები იმ მნიშვნელოანი პროცესების შემადგენელი ნაწილია, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და რომელსაც „ლიბერალური იდეოლოგიის სრული კრახი" ჰქვია.


- როგორ შეაფასებდით საქართველოში მიმდინარე პროცესებს?


- ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა. პროცესი, რომელიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, იმ მნიშვნელოვანი მსოფლიო პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგიის სრული კრახი ჰქვია. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს აშშ-ში ჩატარებული არჩევნების მერე. ტრამპის პრეზიდენტობა მოიტანა დრომ და სისტემის ჩამოშლამ, რასაც ვხედავთ როგორც აშშ-ში, ისე ევროპაშიც.


იმის გამო, რომ ჩვენ ევროპის პერიფერია ვართ, ბუნებრივია, ეს ჩვენთან უფრო გვიან მოდის და უფრო მტკივნეულად მიმდინარეობს, მაგრამ რეალობა ასეთია და ჩვენ ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. საქართველო იმ ეტაპზეა, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და გაიაზროს იმ ვითარების სირთულე, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, გეოპოლიტიკური არეალის გათვალისწინებით.

 

- უკავშირდება თუ არა „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილება იმ პროცესს, რომელზეც საუბრობთ და ზოგადად როგორ შეაფასებდით სტრასბურგის მორიგე მოსამართლის გადაწყვეტილებას?


- ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი არის ის, რაც მოხდა სტრასბურგში. სტრასბურგი ძალიან დამახასიათებელია იმ მოვლენებისთვის, რომელსაც ჩვენ მთელ მსოფლიოში თვალყურს ვადევნებთ. მოსამართლემ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სიცრუეზე და სიყალბეზეა დაყრდნობილი. ჩემი ღრმა რწმენით, ანგაჟირებულმა ინკოგნიტო მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, როგორიც სტრასბურგის ისტორიას არ ახსოვს და რომელიც არასოდეს გამოიყენებოდა კერძო დავებთან მიმართებაში, გამოიყენებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე იდგა საფრთხის ქვეშ. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ და მოტივირებულ გადაწყვეტილებას სტრასბურგის მოსამართლეთა პალატა მხარს არ დაუჭერს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესები პოლიტიკურ სიბრტყეში გადავა. საერთაშორისო სასამართლოს მთელი მნიშვნელობა და მისი ავტორიტეტი უნდა დარჩეს სამართლებრივ სფეროში და არა პოლიტიკურში.

 

- კონკრეტულად რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ევროსასამართლო და თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა „რუსთავი 2"-ის საქმის გადატანა სტრასბურგში?


- როგორც კი სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკურ სფეროში გადავა, ის დაკარგავს თავის ხიბლს, მნიშვნელობას და აღარ იქნება საინტერესო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. პოლიტიკური თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ არაფრის გადაწყვეტის უნარი არ აქვს, ისე, როგორც არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, გააჩეროს საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი2"-ის საქმეზე. ეს არ არის მათი კომპეტენცია და შესაბამისად, ვერაფერს იზამენ. გადაწყვეტილება მიღებულია უმაღლესი ინსტანციით და ის არ ექვემდებარება გადახედვას. არც სტრასბურგში, არც ბრიუსელში და არც სხვაგან არსად. ეს ყველამ კარგად იცის და პირველ რიგში, იმ ადამიანებმა, ვინც ეს აჟიოტაჟი ატეხა. ეს პროცესები ემსახურება იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოზე ბერკეტები დარჩეთ ისევ იმ ფსევდოლიბერალურ ძალებს, რომლებიც წლების მანძილზე ჯიჯგნიდნენ მთელ მსოფლიოს და საქართველოს.


ამის მაგალითი და წინაპირობა იყო აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება და ელჩის იან კელის მოქმედება საქართველოში. ეს არის აშშ-ის პრობლემა, როდესაც ელჩი ეწინააღმდეგება საკუთარი ქვეყნის ხელმძღვანელის ოფიციალურ კურსს. სულ რამდენიმე დღის წინ, ტრამპის გამოსვლის დროს სენატში, მან ცალსახად განაცხადა, რომ პოლიტიკური ლობიზმი, რომლითაც ვაშინგტონი დაავადებული იყო, დამთავრებულია და ის აღარ იქნება დღის წესრიგში, არა მარტო ვაშინგტონში არამედ მთელ მსოფლიოში. პოლიტიკური ლობიზმი, რომელიც რეალურად ლეგალური პოლიტიკური კორუფცია იყო და სხვა არაფერი.


სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩი ან არ უსმენს, რას ლაპარაკობს მისი პრეზიდენტი და რა კურსს ახორციელებს ახალი ადმინისტრაცია, ან  ეწინააღმდეგება. როდესაც იან კელი ყურადღებას არ აქცევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თეთრი სახლის პრესკონფერენციაზე არ უშვებს CNN-ის კორესპონდენტებს, როდესაც ტრამპი თავის „ტვიტერის" გვერდზე პირდაპირ ამბობს, რომ ძალიან სერიოზული სამაუწყებლო კომპანიები არიან არა მისი მტრები, არამედ ამერიკელი ხალხის მტრები, როდესაც ვითომდა თავისუფალი სიტყვის ფარისევლური იდეოლოგია პირდაპირ უპირისპირდება ამერიკის სახელმწიფო მმართველობის ინტერესებს და ჩვენ ყველანი ამაში ჩართული ვართ. ამ დროს საქართველოს ელჩი აშშ-ში და არც სხვა ელჩი არ საუბრობს იმაზე, რომ ამერიკაში თავისუფალი სიტყვა ან მედია საფრთხის ქვეშ არის. ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირ აგდებს პრესკონფერენციიდან CNN-ის  კორესპონდენტს.


- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა?

 

- სტრასბურგის ერთი ინკოგნიტო მოსამართლე ერთ საათში გაერკვა მთელ ვითარებაში, თუ რა ხდება საქართველოში და გამოიტანა აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არანაირი გააზრება და არანაირი სერიოზული მიდგომა ამ საკითხის მიმართ არ ჰქონდა. ეს არის პოლიტიკური ლობიზმი, პოლიტიკური კორუფცია.


 „რუსთავი 2" არც მედიაა და მითუმეტეს, არც დამოუკიდებელია. რომელ სარედაქციო პოლიტიკაზე შეიძლება ლაპარაკი იმ დაწესებულებაში, სადაც გენერალური დირექტორი ყოველ წუთში ეთერშია და შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოების წარმომადგენლებს და მაყურებელს, რომელიც მთლიანად აკონტროლებს იმ ე.წ. სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც „რუსთავი 2"-ს არ გააჩნია?


- რა მიზანს ემსახურება „რუსთავი 2"-ის ასეთი ქმედება?


- „რუსთავი 2"-ის მიზანია, ყველა არსებული ხერხით არეულობა გამოიწვიოს საზოგადოებაში. მისი პატრონი, რომელიც კიევში ზის, ამ ფონზე ცდილობს, დაბრუნდეს საქართველოში და გააგრძელოს ის დანაშაულებრივი პოლიტიკა და ქმედება, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა. ეს არის პარტიული რუპორი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფალ მედიასთან და ეს მშვენივრად იცის იან კელიმ, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც კომედიანტად გადაიქცა. იმას, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, სხვას ვერაფერს ვუწოდებ. რაც საზოგადოებამ „იმედის" ეთერში იხილა, ეს არის მხოლოდ უნიჭო კომედიანტობა.


ძალიან ბევრი სისულელე მომისმენია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან, მაგრამ ის, რაც  გიორგი მარგველაშვილისგან გავიგე, რომ თითქოს „რუსთავი 2"-ს საგარეო პოლიტიკური კურსი ჰქონია, ასეთი რამ არ მსმენია. ტელევიზიას რომ საგარეო პოლიტიკური კურსი ჰქონდეს, მსგავსი რამ მე არ მსმენია.


- პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდა განცხადება  პრეზიდენტის ფონდის საშუალებით „რუსთავი 2"-ის გამოსყიდვასთან დაკავშირებით...


-მარგველაშვილმა იმ ცხრა მოსამართლიდან, რომელმაც „რუსთავი 2"-ის საქმეზე ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო, ოთხი თავად წარადგინა, ხუთი - „ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილია. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სასამართლოს დამანგრეველ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს. მისი სპიკერი გამოვიდა და მადლობა გადაუხადა ევროპას იმისთვის, რომ ევროპამ თავისი გადაწყვეტილებით ეჭვქვეშ დააყენა საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა. ეს უკვე მარაზმიც აღარ არის. ეს არის პოლიტიკური სიბეცე! რასაც ამ კაცისგან ვხედავთ, ეს არის გაუთავებელი კეკლუცობა და პოლიტიკური პატივმოყვარეობა. მას არათუ პრეზიდენტად, იმ უბნის სახლმმართველადაც კი არ აირჩევენ, სადაც ზის სასახლეში და მან ეს მშვენივრად იცის.


- ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გამოიწვევს თუ რა არეულობას?


- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოში არანაირი არეულობა არ დაიწყება. არც „რუსთავი 2"-ს და არც „ნაციონალურ მოძრაობას" არეულობის გამოწვევის არანაირი რესურსი არ აქვს.


სტრასბურგის გადაწყვეტილება ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობა საქართველოში.

ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ქართველი საზოგადოების ძალიან დიდი, ჯანმრთელი ნაწილის მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი შეკვეთების შემსრულებლები, ისინი ვალდებულნი არიან, ის განახორციელონ, რასაც ქართველი საზოგადოება ითხოვს.


ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს საკუთარი პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების შეურაცხყოფას.


ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი საქართველოში და მინდა, მედიას მივმართო - თავმოყვარეობა იქონიეთ, ამით ფასდება თქვენი როლი საზოგადოებაში.




 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner