logo_geo
eng_logo
რა ცვლილებები იგეგმება კონსტიტუციაში - ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან
- +

5 აპრილი. 2017. 20:57



საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „რეპორტიორთან" კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც თავად აღნიშნა, არის საკითხები, რომლებზეც შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ არის საკითხები, რომელზე მსჯელობაც ამ ეტაპისთვის ისევ მიმდინარეობს.


 

- ცოტა დრო რჩება კონსტიტუციის პროექტის წარდგენამდე... არის თუ არა რაიმე საკითხებზე კონკრეტული შეთანხმება მიღწეული?


- არის რიგი საკითხებისა, რომელთა თაობაზეც შეთანხმება მიღწეულია და იმედი მაქვს, რომ ეს ბოლომდე ასე დარჩება. ზოგიერთ საკითხზე კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ალტერნატიული ვარიანტები განიხილება. შემიძლია ვისაუბრო ორი სამუშაო ჯგუფის თაობაზე, რომლის წევრიც მე ვარ, ანუ კონსტიტუციის მმართველობით ნაწილში რა ვითარებაა.


გეტყვით იმას, რომ, ჩემი აზრით, მთავრობისთვის უნდობლობის და ნდობის გამოცხადების საკითხის მოწესრიგებისთვის საუკეთესო მოდელი იქნა შერჩეული. ეს არის ე.წ. უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის საკითხი. როგორც იქნა, შევთანხმდით ისეთ ცივილიზებულ მოდელზე, რომელიც მთავრობას აღარ აძლევს შესაძლებლობას, რომ მოახდინოს პარლამენტის შანტაჟი. დღემდე ეს ნორმა არის, მართალია, მთავრობას არ გამოუყენებია, მაგრამ ამის საფრთხე არსებობს.


 - რა მოხდება მთავრობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში?

 

- მთავრობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობის ფორმირების საკითხი გასწორდა და განსხვავებით დღევანდელი ნორმისაგან, რომლის შემთხვევაშიც შესაძლოა მთავრობის ფორმირება 2 თვის განმავლობაში გაგრძელდეს, მთავრობის ფორმირება მოკლე დროში მოხდება.


ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ მთავრობისა და პრეზიდენტის ურთიერთობის ნაწილიდან ამოღებულ იქნას ის ნორმა, რომელიც პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევს, მოითხოვოს მთავრობის სხდომის მოწვევა, კონკრეტული საკითხის განხილვა და ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად დაესწროს ამ სხდომას. თავიდან, როდესაც 2010 წელს მიიღეს ეს ნორმა, კონსტიტუციონალისტები და მათ შორის მეც, მკვეთრად ვაკრიტიკებდით, ვინაიდან, ეს არ არის დამახასიათებელი საპარლამენტო რესპუბლიკისათვის. ამ ნორმის ტენდენციურად გამოყენების შემთხვევაში პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა, დეზორგანიზაცია შეიტანოს მთავრობის მუშაობაში და კონსტიტუცია ასეთ რაღაცებს არ უნდა უშვებდეს. პრეზიდენტი არ მონაწილეობს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში, შესაბამისად, მას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არიოს მთავრობის მუშაობა.


მკაფიოდ განისაზღვრა საკითხები და გადაწყვეტილებები, რომლებსაც პრეზიდენტი იღებს ერთპიროვნულად, რომლებსაც პრეზიდენტი იღებს მთავრობის წარდგინების საფუძველზე და საკითხები, რომლებზეც პრეზიდენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ საჭიროა პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა ანუ ჯერ პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ პრემიერ-მინისტრი ან აწერს ხელს, ან არ აწერს - ე.წ. კონტრასიგნაციის მექანიზმი. ყველა ასეთი საკითხი მკაფიოდ განისაზღვრა და ეს არის ძალიან კარგი.


- კონტიტუციაში ცვლილების შეტანის მოდელთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ცვლილება?


- კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მოხდება 2/3-ის უმრავლესობით, ოღონდ ერთი პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უნდა დაამტკიცოს მომდევნო პარლამენტმა, იმანაც 2/3-ით. არის გამონაკლისი, რომ თუ პარლამენტმა ¾-ის უმრავლესობით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, მაშინ მეორე მოწვევის პარლამენტის გარეშე ამოქმედდება. ეს არის ნორმალური მოდელი, რომელიც ცვლილების შეტანას საკმაოდ ართულებს, მაგრამ შეუძლებელს არ ხდის. ყოველთვის ¾-ით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ხოლმე ასეთ ცვლილებებს, ამიტომაც არის, რომ თითქმის არსად გამოიყენება ასეთი უმრავლესობა.


გასწორდა ძირითადად უფრო რედაქციულად არაერთი მუხლი, რათა უფრო მკაფიო გამხდარიყო, თუ სადმე რამე ზედმეტი სიტყვები ეწერა, მოშორდა.


- რა საკითხებია, რაზეც საკონსტიტუციო კომისია ამ დრომდე ვერ თანხმდება?


- ჯერჯერობით შეუთანხმებელია პარლამენტის არჩევის სისტემა და ვიტყოდი, რომ აქედან გამომდინარე - პრეზიდენტის არჩევის სისტემაც. საკმაოდ მაღალია ალბათობა იმისა, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ვთქვათ, რომ შეთანხმება მიღწეულია.

 

- მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემთხვევაში როგორ განაწილდება მანდატები?


- მანდატების განაწილების სისტემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ უსამართლო წესი იქნა შემოღებული, მაშინ პრობლემა ჩნდება პრეზიდენტის ირიბი არჩევნების შემთხვევისთვის, რადგან იმ საარჩევნო კოლეგიაში, რომელმაც ირიბი არჩევნების დროს პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, ამ კოლეგიის ნახევარი იქნებიან პარლამენტის წევრები და თუ პარლამენტის საარჩევნო კანონით უსამართლო განაწილების წესი იქნა შემოტანილი, ბუნებრივია, რომ ამ კოლეგიის შემადგენლობაშიც რომელიღაცა პარტიას ექნება ისეთი უმრავლესობა, რომელიც მას სამართლიანად არ ეკუთვნის. ამიტომ იქაც პრობლემა შეიქმნება. ეს პრობლემას შექმნის სხვა საკითხებშიც, მათ შორის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხში. აქ ვითარება საკმაოდ რთულია.


- მმართველ გუნდს რა შემოთავაზება აქვს?


- „ქართული ოცნების" შემოთავაზება არის ასეთი, რომ იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5%-იანი საარჩევნო ზღურბლით. მანდატების განაწილებისას გამოყენებულ იქნას ე.წ. კვოტის წესი, ოღონდ პარტიების კუთვნილი მანდატები გამოანგარიშებულ იქნას პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტის შესაბამისად.


უფრო ნათელი რომ იყოს, პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ სამი პარტიიდან ერთმა მიიღო 40%, მეორემ - 20%, მესამემ - 5%. მაშინ, პირველი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება 150 მანდატის 40%, მეორესი - 25% და მესამის - 5%. ასეთი წესის გამოყენებისას გვრჩება ბევრი გაუნაწილებელი მანდატი. ამ შემთხვევაში გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა იქნება 150-ის 35%, ანუ 50-ზე მეტი მანდატი გაუნაწილებელი რჩება. „ქართული ოცნების" პროექტით, ყველა გაუნაწილებელი მანდატი უნდა გადაეცეს პირველ ადგილზე გასულ პარტიას, რაც აშკარა უსამართლობაა. თუ ე.წ. დაკარგული ხმები, ანუ იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამი, ვინც ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, იქნება მცირე, ეს პრობლემას არ შექმნის. მაგრამ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაკარგული ხმები იყო თითქმის 20%, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა იქნებოდა 30. პირველ ადგილზე გასული ჯილდოს სახით მიიღებდა 30 მანდატს, რაც აშკარა უსამართლობაა.


- ალტერნატივა რა არის?


- ამის ალტერნატივა გახლავთ ის, რომ მიღებული მანდატები განისაზღვროს ეფექტური პროცენტის მიხედვით, ანუ ის პარტიები, რომლებიც გადალახავენ საარჩევნო ზღურბლს და  რომელთა ხმების ჯამი 100%-ზე ნაკლებია, რადგან რაღაც ხმების რაოდენობა დაიკარგა, მათ მიერ მიღებული ხმების მიხედვით გამოვიანგარიშოთ ამ სამში თითოეულის პროცენტული წილი რამდენია. ჩვენი მაგალითის მიხედვით, ის 40% გახდებოდა 60%, 25% გახდებოდა 30%, 5% გახდებოდა 10%, მანდატები მათ შორის პროპორციულად განაწილდებოდა და სამართლიანობა დაცული იქნებოდა. მეორე ალტერნატივა არის ის, რომ გამოვიყენოთ მანდატების განაწილების ისეთი წესი, რომლის დროსაც საერთოდ არ რჩება გაუნაწილებელი მანდატი.


- ასეთი წესი რომელია?


- ასეთი წესი არის მაგალითად დონტის წესი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს. ასეთი წესით ნაწილდებოდა მანდატები პირველი მრავალპარტიული არჩევნების დროს 1990 წელს. ეს საკმაოდ გავრცელებული წესია, რომელიც ბევრ ქვეყანაში გამოიყენება. ეს საკითხი არის ჯერჯერობით გადაუწყვეტელი.

 

- ვენეციის კომისიის წევრებმა თუ დააფიქსირეს რაიმე პოზიცია ან თუ ჰქონდათ კონკრეტული რეკომენდაციები?


- ჯერჯერობით მათ მხოლოდ ინფორმაცია მიიღეს და მოისმინეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისგან ინფორმაცია, როგორ მიდის მუშაობა, მათი წინადადებები, პრეტენზიები, ანუ საქმის ვითარებაში გაერკვნენ. ჩემთვის უცნობია, მათ რაიმე თქვეს თუ არა, რადგან ოფიციალურად და საჯაროდ არ ყოფილა არაფერი.


- როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით შეიძლება ჰქონდეს ვენეციის კომისიას შენიშვნები?


- სხვების ნაცვლად ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ... მე შეიძლება მქონდეს სურვილი, რომ თქვან, მაგალითად: „მანდატების განაწილების წესი, რომელიც სახელისუფლებო პარტიამ შემოგვთავაზა, არ არის სამართლიანი და ასე არ უნდა იყოს". თუმცა, არსებობს გამონაკლისები, მაგალითად, საბერძნეთში. იქ პირველ ადგილზე გასული პარტია, მიუხედავად იმისა, ხმების რამდენ პროცენტს მიიღებს, ჯილდოდ იღებს 50 მანდატს. ჩემი აზრით, სამართლიანი არ არის. ასევე იტალიაშია, რომ თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ვერ ქმნის საპარლამენტო უმრავლესობას, მაგრამ მიღებული აქვს ხმების რაღაც განსაზღვრული რაოდენობა, ეძლევა ჯილდოდ რაღაც რაოდენობის მანდატები. საერთოდ, ასეთი მოქმედების მიზანი არის ის, რომ სტაბილური უმრავლესობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. მოგეხსენებათ, იტალიას და საბერძნეთს მუდმივად ჰქონდათ იმის პრობლემა, რომ ვერ იქმნებოდა სტაბილური უმრავლესობა, მთავრობაც იყო არასტაბილური და ეს პრობლემებს ქმნიდა. ამიტომ მოიგონეს ასეთი ხელოვნური წესი, რაც სამართლიანი არ არის.


- სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით რა ცვლილებები შევა კონსტიტუციაში?


- სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებითაც არის პრობლემა. მოგეხსენებათ, ჩვენთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგენით. თავის დროზე, ვენეციის კომისიას ამასთან დაკავშირებით შენიშვნა ჰქონდა და თქვა, რომ ამაში უნდა მონაწილეობდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არა პრეზიდენტიო. ამ პროექტში შეტანილია ცვლილება, რომ პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ანუ პრეზიდენტი ამოგდებულია ამ სქემიდან. ვფიქრობ, რომ ეს არ არის მთლად სწორი გადაწყვეტლება. უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტი დარჩენილიყო, ოღონდ პირველი სიტყვის თქმის უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონოდა. ის მოდელი, პირველი და მეორე ინსტაციის სასამართლოებში მოსამართლეების განწესებისა, რომელიც დღეს გვაქვს, ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაწესებს მოსამართლეებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ორსუბიექტიანი განწესება ყოფილიყო, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგენით პრეზიდენტს დაენიშნა მოსამართლეები, რადგან ორმაგი ფილტრი უფრო დაგვიცავდა არასწორი ან ტენდენციური გადაწყვეტილებებისაგან, მაგრამ აქ არაფერი არ იცვლება ახალი პროექტის მიხედვით და ისევე რჩება, როგორც დღემდეა.

 

- პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით როგორ ფიქრობთ, პირდაპირი წესით უნდა მოხდეს არჩევა თუ ირიბი წესით?


- პრობლემურად ვხედავ იმას, რომ საკონსტიტუციო კომისიაში იქმნება დიდი კამათი ერთი - პარლამენტის საარჩევნო სისტემაზე, მეორე - ასევე მწვავე კამათი იქმნება პრეზიდენტის არჩევის წესზე - პირდაპირი იყოს თუ ირიბი. აქ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მთელი აჟიოტაჟი, რაც ამის გამო ხდება, ჩემი შეფასებით, არის წმინდა წყლის პოპულიზმი და გამოყენებულია, როგორც იარაღი ირიბი არჩევნების საწინააღმდეგოდ. ამას დაემატა IRI-ს სოციალური გამოკვლევა, რომ თურმე ჩვენი მოსახლეობის 92% ითხოვს, რომ არჩევნები იყოს პირდაპირი. რიტორიკული შეკითხვა მინდა დავსვა. კითხვა რომ ჩაგვერთო ამ გამოკითხვაში, რა გირჩევნიათ, პარლამენტი ირჩევდეს პრემიერს თუ ხალხი? პასუხი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ხალხი. ამიტომ რა ვქნათ, პრემიერი და სხვა მინისტრები ხალხს ავარჩევინოთ? ეს ხომ არ იქნება სწორი. ასე რომ, ეს თემაც იქნება ძალიან მწვავე. ამ შემთხვევაში ტექსტები ჩემთვის სრულიად ცხადია - „ხალხს ართმევენ პრეზიდენტის არჩევის უფლებას". არავინ არავის არაფერს არ ართმევს.

 

- არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ითხოვს, რომ კონსტიტუციაში სოციალური ვალდებულებებიც ჩაიწეროს...

 

- სოციალური ვალდებულებებით კონსტიტუციის დატვირთვამ, შეიძლება, შექმნას გადაულახავი პრობლემები. ძალიან კარგია, მაგალითად, კონსტიტუციაში ეწეროს, რომ ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია ღირსეული საცხოვრებლით, მაგრამ ეს ნორმა რომ ეწეროს, მაგალითად სიტყვა „ღირსეულის" გარეშე, პრობლემა ნაკლები იქნებოდა. ოთხსულიანი ოჯახი რომ ავიღოთ - დედა, მამა და განსხვავებული სქესის ორი შვილი, ამ ოჯახს სულ ცოტა ოთხოთახიანი ბინა უნდა ჰქონდეს, სხვა არომ აღარაფერი ვთქვათ. ეს ვალდებულება როგორ უზრუნველყოს სახელმწიფომ? ამის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს ეკონომიკურად ძალიან ძლიერი სახელმწიფოც კი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×