logo_geo
eng_logo
ედმონდ მინაშვილი: მომავალ წელს მსოფლიო ერთ კარგ ქართულ კინოს უნდა ელოდოს
- +

18 აპრილი. 2017. 11:15



 „მე-6 კლასში ვიყავი, როცა ტელევიზორში რაღაც წარმოდგენამ და ერთმა კაცმა ისე დამაინტერესა, ეკრანისთვის თვალი არ მომიშორებია. წარმოდგენა რომ დამთავრდა, ტიტრები გულდასმით წავიკითხე. მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „ძველი ვოდევილები" მინახავს და მსახიობი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვასო გოძიაშვილი იყო", - იხსენებს მსახიობი, პროდიუსერი, მარკეტინგის მენეჯერი ედმონდ მინაშვილი.


ჩვენი რესპონდენტი ინტერვიუზე გამორჩეულად დახვეწილი დიზაინის ავტომობილით მოვიდა. ამიტომ საუბარიც ამ თემით დავიწყეთ.

 

- ედმონდ, ლამაზი ავტომობილი გყავთ...


- დიახ, „Mercedes CLS" მართლაც ძალიან დახვეწილი და კომფორტულია. გახსოვთ, გრაფ მონტე-კრისტოს როგორ უყვარდა თავისი მერსედესი? მეც მასავით მთელი ცხოვრება „Mercedes"-ის ერთგული დავრჩები. 


- კანონმორჩილი მძღოლი ხართ?


- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საოცრად კანონმორჩილი მძღოლი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით სადღაც მეჩქარება და, როგორც მეუბნებიან, კარგადაც ვმართავ, მოძრაობის წესს თითქმის არასდროს ვარღვევ. კანონებს არა მხოლოდ საჭესთან, ცხოვრებაშიც ვემორჩილები.


- პროფესიულ საქმიანობაში რა სიახლეები გაქვთ?


- რუსთაველის თეატრში ახალ სპექტაკლზე, გეორგ ბიუხნერის „ვოიცეკზე" ვმუშაობ. ამის გარდა, ჩემი სტუდია მაქვს, რომელიც მხატვრულსა და დოკუმენტურ ფილმებს აწარმოებს. გრანდიოზულ პროექტს ვამზადებ. გადაღებები ზაფხულში დაიწყება. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური კინოპროექტი იმის შესახებ, რაც კი ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში გაკეთებულა. 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე გადავიღებთ ფილმს „შინდისი". ვინაიდან ამ თემაზე უკვე გადაღებული მაქვს ორი დოკუმენტური ფილმი - „რუსული დერეფანი" და „შინდისის გმირები", მათგან გამომდინარე, მხატვრული სცენარი დავწერეთ.


- ვინ იმუშავებს ფილმზე?


- ფილმის რეჟისორია გერმანიაში მოღვაწე, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული რეჟისორი დიტო ცინცაძე. ოპერატორი მინდია ესაძე გახლავთ. მთავარ როლში მერაბ ნინიძე, ამერიკაში მოღვაწე დათო ბახტაძე და ია სუხიტაშვილი იქნებიან. მასობრივი სცენებისთვის ქასთინგებს კი მალე დავიწყებ.

 

- ფილმის გადაღება რატომ გადაწყვიტეთ?


- შინდისში დაღუპული 17 გმირიდან ერთ-ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი, მიხეილ დვალიშვილი გახლავთ. მისი დაკრძალვის დღეს დავიფიცე, რომ მათ სახელებს საქართველოს გავაგებინებდი. დღემდე ბევრი შრომა დაგვჭირდა, რომ ამ ეტაპამდე მოვსულიყავი. ინფორმაციის შესაგროვებლად რამდენიმე დღით ყველა დაღუპულის ოჯახში ვიცხოვრე. შინდისში მემორიალური მონუმენტიც გავაკეთეთ. ახლა 17-მეტრიანი ბრინჯაოს მონუმენტი მზადდება, სადაც 17 გმირის პორტრეტი გამოისახება და შინდისში იმ ტაძრის გვერდით დაიდგმება, რომლის მშენებლობაც 2008 წელს დავიწყე. გარკვეული მიზეზების გამო, სამშენებლო სამუშაოები დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო და რომ არა ბატონი კახი კალაძე, რომელმაც მშენებლობა საკუთარი ფონდიდან 100%-ით დააფინანსა, დღეს არ გექნებოდა ეს ტაძარი, სადაც ყოველდღიურად წირვა-ლოცვა აღევლინება და დაღუპული გმირებისთვის პარაკლისი ტარდება. ბატონ კალაძეს ყველა დაღუპული გმირის ოჯახის სახელით მადლობას ვუხდი და ამას ყოველთვის ყველგან ვიტყვი, სადაც საშუალება მომეცემა.


- ფილმის გადაღებას დიდი ფინანსები სჭირდება. ვინ გეხმარებათ?


- დიახ, ფილმი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია. გვერდში დაგვიდგნენ ქართველი და უცხოელი ინვესტორები, ასევე, სახელმწიფო. ევროპის კინოაკადემიაც ჩვენი მხარდამჭერია. 15 მაისს კანის კინოფესტივალზე შევხვდები ევროპელ პროდიუსერებს, კინომწარმოებლებსა და წამყვან ჟურნალ-გაზეთებში დავაანონსებ, რომ მომავალ წელს მსოფლიო ერთ კარგ ქართულ კინოს უნდა ელოდოს. ჩვენ უმაღლესი დონის სცენარი და რეალური ისტორია გვაქვს. სხვათა შორის, 2016 წლის 21 ნოემბერს, როგორც ქართველი პროდიუსერი, ევროპის კინოაკადემიის წევრი გავხდი. ეს ძალიან დიდი პატივი და წოდებაა.


- დღეს თქვენ რუსთაველის თეატრის მსახიობი ხართ... როგორ მოხვედით აქამდე?


- 10 მარტს 10 წელი შესრულდა, რაც რუსთაველის თეატრში ვარ. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ბევრ რამეზე მაფიქრებს. მახსოვს, მე-6 კლასში ვიყავი, როცა ტელევიზორში რაღაც წარმოდგენამ და ერთმა კაცმა ისე დამაინტერესა, ეკრანისთვის თვალი არ მომიშორებია. წარმოდგენა რომ დამთავრდა, ტიტრები გულდასმით წავიკითხე. მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „ძველი ვოდევილები" მინახავს და მსახიობი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვასო გოძიაშვილი იყო. მაშინ ვთქვი, მეც მინდა ასეთი კაცი ვიყო-მეთქი და საიდუმლო, რომ მსახიობობა მსურდა, პირველი დედას გავუმხილე... მას შემდეგ ჩემი საქმის ერთგულებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდივარ. ჩემი საყვარელი რეჟისორი, პედაგოგი და მეგობარი, ვინც ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში, რეზო ჩხეიძე იყო. დებიუტი მქონდა ბატონ გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლში „წათეს წითელი წაღები", 2007 წელს. ისიც მახსოვს, კოტე მახარაძე, რომელიც საგამოცდო კომისიაში იჯდა, გამოცდაზე თვალებით როგორ მგულშემატკივრობდა. დღეს რუსთაველის თეატრის მსახიობის სახელს რომ ვატარებ, ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ რობერტ სტურუას. რაც მან ჩემთვის გააკეთა, ალბათ, მთელი ცხოვრება ვერ გადავუხდი და არც შევეცდები.


- პირადი ცხოვრებისთვის დრო თუ გრჩებათ?


- პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არასდროს ვსაუბრობ. უბრალოდ, გეტყვით იმას, რომ ედმონდი სულ შეყვარებულია. 30 წლის ვარ და დაოჯახებაზე უკვე ვფიქრობ. მეც მინდა, პატარა გოგო მყავდეს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×